JISOO მალე ახალ სიმღერას, Sun Showers-ს გამოუშვებს, რომელიც ანიმაციური ფილმის, The Angry Birds Movie 3-ის საუნდტრეკში შევა.
გამოცემა The Hollywood Reporter-მა 3 ნოემბერს გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციაში აღნიშნა, რომ კომპოზიცია ფილმში და მის ტრეილერში იქნება წარმოდგენილი. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 3 დეკემბერს იგეგმება, ხოლო ტრეილერი მაყურებლისთვის მალე გახდება ხელმისაწვდომი.
K-pop ვარსკვლავი ამ ახალი ტრეკის თანაავტორია. სიმღერის ყდას (Artwork) კი განსაკუთრებული, პერსონალური შტრიხი დაამშვენებს: მასზე გამოსახული იქნება Shumon (შუმონი) – მტვრის პატარა ბურთის პერსონაჟი, რომელიც JISOO-მ ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლისას დახატა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავხდი ანიმაციის Angry Birds 3 ნაწილი,“ – განუცხადა BLACKPINK-ის წევრმა გამოცემა The Hollywood Reporter-ს. „ყოველთვის მომწონდა, როგორ აერთიანებს ეს ფილმები ასეთ მრავალფეროვან პერსონაჟებს, იუმორსა და გულწრფელ ემოციებს. სიმღერით Sun Showers მინდოდა ფილმის ხალისიანი და ნათელი ენერგია გადმომეცა, შემექმნა მხიარული, პოზიტიური კომპოზიცია, რომელიც ადამიანებს ღიმილისა და ცეკვის სურვილს გაუჩენდა.“
მან ასევე დასძინა: „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ისიამოვნებს ამ სიმღერის მოსმენით, როდესაც სადღესასწაულო დღეებში ფილმს იხილავენ.“ JISOO-ს თქმით, ანიმაციისთვის სიმღერის შექმნის პროცესი მისთვის „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ გამოცდილება იყო.
ჯონ რაისის რეჟისორობით შექმნილ The Angry Birds Movie 3-ში პერსონაჟებს ვარსკვლავური გუნდი ახმოვანებს: ჯეისონ სუდეიკისი, ჯოშ გადი, ემა მაიერსი, რეიჩელ ბლუმი, უოლკერ სკობელი, დენი მაკბრაიდი, მარსელო ერნანდესი, ტიმ რობინსონი, ანა კეთკარტი, მაიტრეი რამაკრიშნანი, ნიკი გლეიზერი, MrBeast, სელიშ მატერი, ფსალმ ვესტი, სემ რიჩარდსონი, ჯეიმს ოსტინ ჯონსონი, ლილი ჯეიმსი და კეკე პალმერი.
Angry Birds-ის ფრანშიზის ახალი ნაწილის სიუჟეტის მოკლე აღწერა ასეთია: „ამ სადღესასწაულო სეზონზე, ერთ-ერთი განრისხებული ჩიტი თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ გამოწვევას ეჯახება – ის მამობის სირთულეებს უნდა გაუმკლავდეს და ამავდროულად, მსოფლიო გადაარჩინოს!“
JISOO-მ ცოტა ხნის წინ, სექტემბერში, ახალი სინგლი Click გამოუშვა, რასაც მალევე, ოქტომბერში, მორიგი სიმღერა Addicted მოჰყვა.