როგორც ჩანს, ჯასტინ ტიმბერლეიკს ბევრი რამ აქვს სათქმელი. Variety-ს ინფორმაციით, პოპვარსკვლავი Apple TV-სთვის ოთხნაწილიან დოკუმენტურ სერიალზე მუშაობს, რომელშიც სტუმრის სტატუსით ჯენეტ ჯექსონიც მიიღებს მონაწილეობას.
არსებული ცნობების მიხედვით, სტრიმინგპლატფორმაზე პროექტის გამოსვლა დეკემბერში იგეგმება. ამ დროისთვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის, გარდა ერთ-ერთი თემისა, რომელსაც დოკუმენტური სერიალი შეეხება. ჯენეტ ჯექსონის მონაწილეობიდან გამომდინარე, ფილმში, დიდი ალბათობით, შევა წყვილის 2004 წლის Super Bowl-ის ცნობილი სკანდალი, რომლის დროსაც ტიმბერლეიკმა პირდაპირ ეთერში ჯექსონს მკერდი მოუშიშვლა – ინციდენტი, საიდანაც წარმოიშვა ტერმინი Wardrobe Malfunction.
პროექტი ტიმბერლეიკის ცხოვრებაში ერთგვარი გააზრებისა და წარსულის გადაფასების პერიოდს ემთხვევა. 2021 წელს, Super Bowl-ის სკანდალიდან წლების შემდეგ, მომღერალმა ჯენეტ ჯექსონს საჯაროდ მოუბოდიშა და აღიარა, რომ ინციდენტის შემდეგ მათ მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავებული იყო.
„ძალიან ვწუხვარ იმ შემთხვევების გამო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ჩემი ქმედებებით პრობლემები გამოვიწვიე, როდესაც ისეთ საკითხებზე გავაკეთე განცხადებები, რაზეც არ უნდა მესაუბრა, ან არ ამოვიღე ხმა მაშინ, როდესაც სიმართლის მხარეს უნდა დავმდგარიყავი“, – დაწერა ტიმბერლეიკმა. „ვაცნობიერებ, რომ ამ და ბევრ სხვა შემთხვევაში სათანადოდ ვერ მოვიქეცი და ვისარგებლე სისტემით, რომელიც მიზოგინიასა და რასიზმს ახალისებს“.
ბოდიშის მოხდისას ტიმბერლეიკმა სინანულიც გამოხატა იმის გამო, თუ როგორ უპატივცემულოდ საუბრობდა ბრიტნი სპირსზე 2002 წლის დაშორების შემდეგ.
თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, 2024 წელს, ტიმბერლეიკს ახალი პრობლემები შეექმნა. ის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დააკავეს. საბოლოოდ მომღერალმა ბრალი უფრო დაბალი კვალიფიკაციით აღიარა – ავტომობილის არასათანადო მდგომარეობაში მართვა. ტიმბერლეიკს 25-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.
„რთული კვირა იყო,” – უთხრა ტიმბერლეიკმა გულშემატკივრებს ინციდენტის შემდეგ გამართულ კონცერტზე. „ვიცი, რომ ზოგჯერ რთულია, გიყვარდეთ, მაგრამ თქვენ მაინც განაგრძობთ ჩემს სიყვარულს“.
მომდევნო წელს კი მომღერალმა კიდევ ერთი პრობლემის შესახებ გაამხილა, რომელსაც ის სცენის მიღმა ებრძოდა – ლაიმის დაავადება.
„ამ დაავადებით ცხოვრება განუწყვეტლად გაუძლურებს როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად,” – დაწერა მან იმ დროს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „როდესაც პირველად დამისვეს დიაგნოზი, რა თქმა უნდა, შოკში ვიყავი. თუმცა, სულ მცირე, ის მაინც გავიგე, თუ რატომ მიწევდა სცენაზე გამოსვლა ძლიერი ნერვული ტკივილის ფონზე, ან რატომ ვგრძნობდი მუდმივ დაღლილობასა და შეუძლოდ ყოფნას“.
ტიმბერლეიკს ახალი ალბომი 2024 წლის შემდეგ აღარ გამოუშვია. მისმა ბოლო ჩანაწერმა Everything I Thought It Was Billboard 200-ის ჩარტში მეოთხე ადგილი დაიკავა. თუმცა ახლახან ის რეპერ Quavo-სთან გაერთიანდა და ოქტომბრის დასაწყისში ახალი სიმღერა House Music გამოსცა.