ქართველ საოპერო მომღერალს, გიორგი ანდღულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა. მომღერალი იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფაბიოლა ალბანეზემ 16 ნოემბერს იტალიის რეზიდენციაში, კულტურის სფეროს წარმომადგენლების თანდასწრებით დააჯილდოვა.
იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც ქართველ ბანს საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა. ჯილდო ანდღულაძეს საქართველოში იტალიური კულტურისა და საოპერო მემკვიდრეობის გავრცელებისა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.
„ეს ჯილდო გიორგი ანდღულაძის იმ წვლილის დაფასებაა, რომელიც მან იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეიტანა – საქართველოში 40-ზე მეტი საოპერო სპექტაკლის ორგანიზებითა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და არაერთ პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალსა თუ საოპერო თეატრთან ერთობლივად გამართული წარმოდგენების მეშვეობით,” – აღნიშნა იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფაბიოლა ალბანეზემ.
გიორგი ანდღულაძე წარმატებით გამოდის მსოფლიოს ისეთ საოპერო სცენებზე, როგორებიცაა: მილანის ლა სკალას თეატრი, ვენეციის ლა ფენიჩე, ბერლინის ოპერის თეატრი, ბარსელონას ლისეუ თუ ბავარიის ოპერის სახელმწიფო თეატრი.