არის რაღაც მომხიბლავი იმაში, თუ როგორ უსმენენ ახალი თაობები წარსულს. მსმენელი, რომელიც მუსიკაზე შეუზღუდავი წვდომით გაიზარდა, სტრიმინგ პლატფორმებსა და სოციალურ მედიაში იმ ათწლეულებს იკვლევს, რომელშიც არასდროს უცხოვრია. ხელახლა აღმოაჩენენ მივიწყებულ სინგლებს, აცოცხლებენ ძველ ალბომებს და მტვერს წმენდენ ჩანაწერებს, რომლებმაც ერთ დროს მთელი ეპოქა განსაზღვრეს. სიმღერები, რომლებიც რადიოში მათ დაბადებამდე ჟღერდა, დღეს ახალ აუდიტორიას პოულობს – მართალია იმ კონტექსტიდან მოწყვეტილად, რომელმაც ისინი შექმნა, თუმცა მაინც ატარებენ იმ სამყაროს კვალს, საიდანაც მოდიან.
წარსულისადმი ეს განახლებული ინტერესი გვაძლევს შესაძლებლობას, ნოსტალგიას გავცდეთ და გაცილებით საინტერესო კითხვა დავსვათ: როგორი იყო სამყაროს ჟღერადობა მაშინ, როდესაც ეს ჩანაწერები პირველად გამოჩნდა? რას უსმენდნენ ადამიანები, რას სთავაზობდა მათ მუსიკალური ინდუსტრია და რა კულტურული ცვლილებები იმალებოდა ჩარტების ზედაპირს მიღმა?
1998 წელი განსაკუთრებით ნიშანდობლივია ხელახლა აღმოსაჩენად. არა იმიტომ, რომ მუსიკალური ჩარტები კულტურაზე ყველაფერს გვიყვება, არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ ისინი გვიჩვენებს, საით მიემართება კულტურა მანამ, სანამ თავადვე იპოვის ენას საკუთარი თავის გამოსახატად.
1998 წლის განმავლობაში Billboard Hot 100 მუსიკალური ინდუსტრიის გარდამავალი პერიოდის ერთგვარი რუკა იყო. ლორინ ჰილი, ბრენდი, მონიკა, მადონა, სელინ დიონი, Aerosmith, Backstreet Boys და შენაია ტვეინი – განსხვავებული ჟღერადობის, აუდიტორიისა და პოპულარული მუსიკის განსხვავებული ხედვების წარმომადგენლები ერთი და იმავე ადგილისთვის იბრძოდნენ. ამერიკა ერთ კონკრეტულ მუსიკას არ უსმენდა – ის საკუთარ თავში არსებულ რამდენიმე სახეს შორის ერთგვარ ბალანსს ეძებდა და ამ ძიების პროცესში ცენტრი ნელ-ნელა იცვლებოდა.
ლორინ ჰილის ალბომი The Miseducation of Lauryn Hill, რომელიც აგვისტოში გამოვიდა, წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ განაცხადად იქცა. როდესაც მისი სიმღერა Doo Wop (That Thing) ნოემბერში Hot 100-ის პირველ ადგილზე მოხვდა, მან ჰიპ-ჰოპი, სოული და სოციალური კრიტიკა გააერთიანა. ეს იყო სიმღერა, რომელმაც კომერციულ წარმატებასთან ერთად მნიშვნელოვანი კულტურული გზავნილიც გააჟღერა. ჰილმა დაამტკიცა, რომ რეპი შეიძლებოდა ყოფილიყო ინტელექტუალურად ღრმა, მუსიკალურად მრავალფეროვანი, კომერციულად წარმატებული და ამავდროულად, კრიტიკულად განწყობილი იმ კულტურის მიმართ, რომელიც თავადვე მოიხმარდა მას.
მისი წარმატება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჰიპ-ჰოპი უკვე აღარ ცდილობდა ამერიკის მეინსტრიმულ კულტურაში ადგილის დამკვიდრების ნებართვის მოპოვებას. პირიქით, ის უკვე თავად განსაზღვრავდა მეინსტრიმს. თუმცა 1998 წლის მხოლოდ ჰიპ-ჰოპის გამარჯვებად წარმოჩენა ბევრად უფრო საინტერესო ამბის გამოტოვების ტოლფასი იქნებოდა.
ბრენდისა და მონიკას სიმღერამ The Boy Is Mine ჩარტის პირველ ადგილზე 13 კვირა გაატარა და წლის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ჰიტად იქცა. ისეთმა სიმღერებმა, როგორებიცაა მონიკას The First Night, ჯგუფ Next-ის Too Close და Divine-ის Lately, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა R&B-ის კომერციული ძალა. მუსიკალური ჟანრის როლი ამ გარდაქმნაში მეორეხარისხოვანი არ ყოფილა – ის ამ ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო.
ამერიკული რადიოსივრცე სულ უფრო მეტად ყალიბდებოდა ვოკალური სიზუსტის, გულწრფელი და პირადი ისტორიების, დახვეწილი პროდიუსინგისა და ისეთი რიტმების გავლენით, რომლებიც ძალისხმევის გარეშე მოძრაობდა სოულს, პოპსა და ჰიპ-ჰოპს შორის. R&B ქმნიდა მუსიკალურ ენას, რომელიც მომდევნო ათწლეულშიც განაგრძობდა განვითარებას. პარალელურად კი ძალას იკრებდა კიდევ ერთი კომერციული მიმართულება.
Backstreet Boys და *NSYNC ერთგულ მსმენელებს აგროვებდნენ, ხოლო 98 Degrees იმავე მომგებიან მუსიკალურ სივრცეში საკუთარ ადგილს იმკვიდრებდა. თინეიჯერული პოპი დამოუკიდებელ ინდუსტრიად ყალიბდებოდა, რომელიც მსმენელზე მხოლოდ სიმღერებს კი არა, მასობრივ მოხმარებაზე გათვლილ იდენტობას, ფანტაზიებსა და რომანტიკულ ოცნებებსაც ყიდდა.
ამ პერიოდში ერთი თავისებური წინააღმდეგობა შეინიშნებოდა: ლორინ ჰილი მსმენელს გენდერულ საკითხებზე, ურთიერთობებსა და სოციალურ ქცევებზე დაფიქრებისკენ მოუწოდებდა მაშინ, როდესაც ბიჭების პოპჯგუფები რომანტიკულ ლტოლვას საგულდაგულოდ შექმნილი იმიჯითა და უნაკლო ჰარმონიებით ყიდდნენ. და მაინც, ორივე მიმართულებამ შეძლო ერთსა და იმავე მუსიკალურ ბაზარზე წარმატების მიღწევა. 1998 წლის პოპულარულ მუსიკაში წინააღმდეგობებისთვისაც მოიძებნებოდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრია მის მარკეტინგულ სტრატეგიად ქცევას ამჯობინებდა.
სანამ ახალი თაობის ვარსკვლავები სცენის ცენტრში მოსახვედრად ემზადებოდნენ, უკვე დამკვიდრებული არტისტები საკუთარ თავს ახლებურად წარმოაჩენდნენ. მადონას ალბომი Ray of Light ელექტრონულ ჟღერადობასა და სულიერ თვითჩაღრმავებას აერთიანებდა და აჩვენებდა, თუ როგორ შეეძლო საცეკვაო მუსიკას, არტისტული განვითარების საშუალებად ქცეულიყო. წლის მიწურულს გამოსულმა შერის სიმღერამ Believe კი გამორჩეული ვოკალური ეფექტი შემოიტანა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პოპმუსიკის პროდიუსინგზე. ამავდროულად, ბრიტნი სპირსის სადებიუტო სინგლი …Baby One More Time იმ თინეიჯერული პოპფენომენის პირველი ნიშანი იყო, რომელიც მომდევნო წლებში მუსიკალურ სცენის დომინანტი გახდა.
ამასობაში არც როკი გამქრალა. Aerosmith-ის I Don’t Want to Miss a Thing ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა Hot 100-ის პირველ პოზიციას, ხოლო Goo Goo Dolls-ის Iris და Barenaked Ladies-ის One Week რადიოჰიტებად იქცა. საზღვრებს სცდებოდა ქანთრი-პოპიც. შენაია ტვეინსა და ფეით ჰილს ნეშვილისთვის დამახასიათებელი თხრობის ტრადიციები მეინსტრიმ აუდიტორიებამდე მიჰქონდათ.
ძველი მუსიკალური კატეგორიები ჯერ კიდევ არსებობდა, თუმცა მათ შორის საზღვრები სულ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა. იცვლებოდა არა მხოლოდ ის, თუ რა მუსიკას ყიდულობდა ხალხი, არამედ ისიც, თუ როგორ ნაწილდებოდა კულტურული გავლენის ძალა.
გრანჟისა და ალტერნატიული როკის მოძრაობებს, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისს განსაზღვრავდა, უკვე აღარ ჰქონდათ ისეთი კულტურული გავლენა, როგორიც ადრე. ჰიპ-ჰოპი, R&B, თინეიჯერული პოპი და დახვეწილი, მრავალჟანრული ჩანაწერები მუსიკალურ ბაზარს ახალ სახეს აძლევდა. მომდევნო თაობის სუპერვარსკვლავები აღარ ჰგავდნენ იმ არტისტებს, რომლებიც ათწლეულის დასაწყისში დომინირებდნენ.
ჩარტებში წარმატების მექანიკაც კი იცვლებოდა. „ბილბორდმა” Hot 100-ის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილება დააანონსა, რომელიც 5 დეკემბრის ჩარტიდან ამოქმედდა: სიმღერებს ჩარტში მოხვედრა უკვე რადიოეთერში გაჟღერების საფუძველზეც შეეძლოთ, კომერციულად ხელმისაწვდომი ფიზიკური სინგლის აუცილებლობის გარეშე. ეს გადაწყვეტილება ასახავდა იმ პერიოდის მუსიკალური ინდუსტრიის რეალობას – სანამ ციფრული ჩამოტვირთვები გავრცელდებოდა – და მომხმარებლებს უბიძგებდა, ცალკეული სინგლების ნაცვლად, სრული CD ალბომები შეეძინათ, რომელთა ღირებულებაც სინგლების ფასს ათჯერ ან მეტჯერ აღემატებოდა. ეს ცვლილება წინასწარ მიანიშნებდა იმ სამყაროზე, სადაც მუსიკაზე წვდომის, მისი გავრცელებისა და მოსმენის ჩვევების განვითარება კომერციული წარმატების ახალ შესაძლებლობებს შექმნიდა.
ჩარტებს მიღმა, არტისტების აღმოჩენისა და საყვარელი მუსიკის გარშემო მსმენელთა გაერთიანების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა MTV, რადიო, მუსიკალური ჟურნალები და ახლადგანვითარებადი ინტერნეტი. სტრიმინგ პლეილისტებისა და TikTok-ზე ვირუსულად გავრცელებული მომენტების ეპოქამდე ახალი მუსიკის აღმოჩენა ნიშნავდა მუსიკალური ვიდეოკლიპის პრემიერის მოლოდინს, რადიოში საყვარელი სიმღერის მოსმენას ან ადგილობრივ მუსიკალურ მაღაზიაში ალბომის შეძენას. მუსიკის მოსმენის გამოცდილება განსხვავებული იყო, თუმცა მუსიკის საშუალებით ერთმანეთთან დაკავშირების სურვილი უცვლელი რჩებოდა.
1998 წელი მხოლოდ წარმატებული სინგლების წელი არ ყოფილა. ეს იყო მომენტი, როდესაც ამერიკული პოპმუსიკის განვითარების რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული მომავალი ერთდროულად გახდა თვალსაჩინო. ჰიპ-ჰოპი საკუთარ გავლენას აფართოებდა, R&B მეინსტრიმს აყალიბებდა, თინეიჯერული პოპი კომერციული წარმატების პიკისთვის ემზადებოდა, ხოლო როკი, ქანთრი და საცეკვაო მუსიკა იმ ახალ რეალობას ერგებოდა, რომელშიც პოპკულტურაზე ერთ ჟანრს მონოპოლია ვეღარ ექნებოდა.
ჩარტები აჩვენებდა, თუ ვინ იმარჯვებდა კონკრეტულ კვირაში, თუმცა ბოლომდე ვერ ხსნიდა, რატომ იყო ეს გამარჯვებები მნიშვნელოვანი. სწორედ ამის გააზრებაში გვეხმარება წარსულისთვის თვალის გადავლება. 1998 წლის ყველაზე საინტერესო ასპექტი ცალკეული არტისტების წარმატება კი არა, ის ფაქტორია, რომ ყველა ეს განვითარება ერთდროულად მიმდინარეობდა და წარმოაჩენდა ამერიკას, რომლის მუსიკალური გემოვნებაც სულ უფრო ურთიერთდაკავშირებული, კომერციულად მართული და ტრადიციული ჟანრობრივი საზღვრებით ნაკლებად შეზღუდული ხდებოდა.
ათწლეული დასასრულს უახლოვდებოდა, თუმცა მომდევნო დეკადის ჟღერადობა უკვე ფორმას იძენდა.
თითქმის სამი ათწლეულის შემდეგაც 1998 წლის მუსიკა კვლავ პოულობს ახალ მსმენელს, ხშირად იმ კულტურული მოვლენებისგან სრულიად მოწყვეტილ აუდიტორიაში, რომლებმაც მას თავდაპირველი მნიშვნელობა შესძინეს. ის, რაც თავის დროზე კონკურენტულ ჟღერადობებად და წარმავალ ტენდენციებად აღიქმებოდა, დღეს თანამედროვე პოპმუსიკის საფუძვლად გვევლინება. იმ წლის განმსაზღვრელმა არტისტებმა, ჟანრებმა და ინდუსტრიულმა ცვლილებებმა მხოლოდ ერთი თაობის გემოვნება კი არ ასახეს, არამედ წვლილი შეიტანეს მომდევნო თაობების მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაშიც.
სინამდვილეში როგორი ჟღერადობა ჰქონდა 1998 წელს? ის ჟღერდა, როგორც ინდუსტრია, რომელიც წარსულსა და მომავალს შორის აღმოჩნდა – ხელახალი აღმოჩენების, წინააღმდეგობებისა და შესაძლებლობების წელი, როდესაც პოპულარული მუსიკის მომავალი უკვე რადიოში ჟღერდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ არც არავინ იცოდა.