ჰარი სტაილსი, სემ ფენდერი და ბილი აილიში 2027 წლის გლასტონბერის ფესტივალის ჰედლაინერები იქნებიან.
18 ნოემბერს ცნობილი ინგლისური მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორებმა 2027 წლის ღონისძიების მთავარი შემსრულებლები და მონაწილეთა ვრცელი სია გამოაცხადეს. ფესტივალი 2025 წლის შემდეგ პირველად გაიმართება.
ღონისძიება 23-27 ივნისს შედგება, ხოლო ძირითადი მუსიკალური პროგრამა პარასკევს, შაბათსა და კვირას – 25, 26 და 27 ივნისს გაიმართება.
ჰარი სტაილსი და სემ ფენდერი გლასტონბერის სცენაზე ჰედლაინერის სტატუსით პირველად წარდგებიან. ბილი აილიში კი, რომელიც 2022 წელს Pyramid Stage-ზე გამოსვლით ფესტივალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სოლო ჰედლაინერი გახდა, ფესტივალს 5 წლის შემდეგ დაუბრუნდება.
კვირა დღეს შერი ლეგენდების სექტორში წარდგება, რომელიც, ტრადიციულად, მუსიკალური სამყაროს საკულტო და გამორჩეულ არტისტებს ეთმობა. გასულ წლებში ამ სცენაზე გამოსულან: ლაიონელ რიჩი, E.L.O., როდ სტიუარტი, კაილი მინოუგი და დოლი პარტონი.
ფესტივალის სხვა ცნობილი მონაწილეები არიან: Massive Attack, Sombr, Little Simz, Chase & Status, The xx, ლილი ალენი, Ezra Collective და Kraftwerk. ღონისძიების სრული პროგრამა და მონაწილეთა პოსტერი უკვე გამოქვეყნებულია.
ჰარი სტაილსი აქამდე არასდროს გამოსულა გლასტონბერიზე, როგორც სოლო შემსრულებელი ან One Direction-ის წევრი. წლების განმავლობაში ის ფესტივალს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, მისმა საცეკვაო სივრცემ კი მომღერალს 2026 წლის ალბომი Kiss All The Time.Disco, Occasionally შთააგონა.
ფენდერი ფესტივალზე ბოლოს 2022 წელს, Pyramid Stage-ზე გამოვიდა. მას შემდეგ გამოსცა ალბომი People Watching, რომელმაც Mercury Prize-ის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. ამასთან, ოლივია დინის მონაწილეობით ჩაწერილმა სიმღერამ Rein Me In დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ჩარტების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ლიდერობის რეკორდი დაამყარა.
ბილი აილიში ფესტივალზე ჯამში ორჯერ წარდგა. პირველად – 2019 წელს, მისი სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? პოპულარობის ზენიტში. სამი წლის შემდეგ კი, მეორე სტუდიური ალბომის Happier Than Ever გამოცემისას, მომღერალი გლასტონბერის დაუბრუნდა და მთავარი, Pyramid Stage-ის ჰედლაინერი გახდა.
გლასტონბერის ყველა ბილეთი ჯერ კიდევ მანამდე გაიყიდა, სანამ 2027 წლის მონაწილეთა სია ოფიციალურად გამოცხადდებოდა. 250 000 მაყურებელზე გათვლილი ღონისძიების ბილეთების გაყიდვა ოქტომბერში დაიწყო და სრულად სულ რამდენიმე წუთში გაიყიდა. ფესტივალი ბოლოს 2025 წელს გაიმართა. მისი მთავარი ჰედლაინერები The 1975, ნილ იანგი და ოლივია როდრიგო იყვნენ.
2026 წელს ფესტივალი ე.წ. დასვენების წლის გამო არ გამართულა. ეს ორგანიზატორების მიერ ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გათვალისწინებული შესვენებაა, რაც ფერმის ნიადაგს ხუთწლიანი დატვირთვის შემდეგ აღდგენის საშუალებას აძლევს.