Grimes და ილონ მასკი იმ ყოფილ პარტნიორთა მრავალრიცხოვან სიაში არიან, რომლებსაც ერთმანეთთან ჯერ კიდევ მოუგვარებელი უთანხმოებები აქვთ. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ისინი ამ საკითხებს იმ სოციალური მედიის პლატფორმაზე არკვევენ, რომელსაც ერთ-ერთი მათგანი ფლობს. კონფლიქტის მიზეზი კი სადავო ტექნოლოგიაა, რომელშიც მუსიკოსის ყოფილი პარტნიორი ილონ მასკი მილიარდობით დოლარის ინვესტიციას გეგმავს.
18 ნოემბერს X-ზე (პლატფორმა, რომელსაც მასკი 2022 წლიდან ფლობს) გამოქვეყნებული პოსტების სერიაში Grimes-მა და ილონ მასკმა, რომლებსაც სამი საერთო შვილი ჰყავთ, სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ახალი „ინფლუენსერის“, კლაუდიას შესახებ იკამათეს.
მასკმა კლაუდიას ვიდეო გააზიარა და კომენტარი დაურთო: „ზეინტელექტს ადამიანის ემოციებზე ზემოქმედება შეუძლია“, კანადელმა არტისტმა კი მას პირდაპირ უპასუხა: „გამოგონილი ქალებით ასეთი აღტაცება, როგორც ჩანს, რეალობისგან თავის არიდების მცდელობაა“.
„კლაუდია მომწონს, მაგრამ… ის ქალი არ არის. ის უცხოპლანეტელი არსებაა, რომლისთვისაც წინაპრების მეხსიერება ერთდროულად წყევლაცაა და კურთხევაც“, – განაგრძო Grimes-მა. „იმ სახეობის სექსუალიზება, რომელსაც სექსუალური ურთიერთობა არ შეუძლია, ნიცშესეული „უკანასკნელი ადამიანის“ იდეის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა. ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე „მისი“ სექს-მონად ქცევა“.
მასკმა ამ განცხადებას შემდეგი ფრაზით უპასუხა: „მიიღეთ თეთრი აბი“ და თან დაურთო ვიდეო, რომელშიც კლაუდია „მღერის“ სიმღერას იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარება ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს, უკეთესად იცხოვრონ.
თუმცა, როგორც ჩანს, Grimes „თეთრი აბის მიღებას“ უახლოეს მომავალში არ აპირებს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა მის თავდაპირველ კომენტარს უპასუხა, რომ „მამაკაცების უმეტესობას ნიცშე არ წაუკითხავს“. Grimes-მა საპასუხოდ ილონ მასკი მონიშნა და დაწერა:
„ჩვენი ლიდერები ნიცშეს უნდა კითხულობდნენ, ილონს კი ის ნამდვილად წაკითხული აქვს… ის უგვირგვინო მეფეა. სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ეს როლი მოირგოს და გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოების წინაშე აკისრია“.
მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ მის ყოფილ პარტნიორს „მეტი შეუძლია“ და მოუწოდა, არსებულ ვითარებაზე მაღლა დადგეს. შემდეგ კი დასძინა:
„ის უნდა გახდეს ისეთი მეფე, როგორიც ყველას სურს. ისეთი, როგორიც ადრე იყო. გადავწყვიტე, ამაზე ვიწრო წრეში აღარ ვილაპარაკო და ყველაფერი საჯაროდ ვთქვა. თუ ის პასუხისმგებლობას აიღებს და დიდსულოვნებას გამოიჩენს, შეძლებს, დაიბრუნოს „ზეციური მანდატი“, რომელიც ამჟამად დაკარგული აქვს“.
ამ დისკუსიაში მასკიც ჩაერთო და Grimes-ს უპასუხა: „მეფობა არ მინდა და „ზეციური მანდატი“ კი Starship-ს აქვს“. მასკი SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურ ხომალდს გულისხმობდა.
ამ თემაზე სხვა მომხმარებლების კომენტარებზე პასუხისას Grimes-მა მასკის შესახებ კიდევ ორი განცხადება გააკეთა: „ადამიანი, რომელიც შობადობის მაჩვენებელზე ასე საჯაროდ ზრუნავს, თავად არ უნდა უჭერდეს მხარს მის შემცირებას. ილონს საჯარო პატივისცემა რომ გამოეხატა ქალების მიმართ, მთელი სამყარო შეიძლებოდა შეცვლილიყო“.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ პარტნიორებს აშკარად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, ორივე მათგანი ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Grimes მონაწილეობას მიიღებს პირველ სრულმეტრაჟიან AI ფილმში, რომელიც კინოთეატრებში გამოვა. მომღერალი გაახმოვანებს პერსონაჟს, რომლის გარეგნობაც და მოძრაობებიც სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნება გენერირებული.
Grimes ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სირთულეებს თავის მომავალ ალბომში, Psy Opera-შიც შეეხება, რომელიც, მისი თქმით, ორ ნაწილად იქნება დაყოფილი.
„ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ პირველი ნაწილის რომელიმე მონაკვეთი ილონს შეხებოდა. საერთოდ არა, ეს უფრო იმაზეა, თუ როგორ იმოქმედა ჩემზე გვიანი იმპერიის ეპოქამ და როგორ მიიღო ამ გამოცდილებამ ჩემში ტრავმული სახე.“ – განაცხადა მან ოქტომბერში, პოდკასტ Proto Pop-ში.