ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, სტინგმა უკრაინის მხარდასაჭერად კომპოზიციის Russians გიტარისა და ჩელოს თანხლებით ჩაწერილი ვერსია გაავრცელა.
Russians არტისტმა თითქმის 40 წლის წინ, ცივი ომის პერიოდში გამოუშვა, თუმცა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გათვალისწინებით, სიმღერის ტექსტი დღესაც საკმაოდ აქტუალურია. სწორედ ამიტომ, 70 წლის ვარსკვლავმა მისი ახალი შესრულებით გამოცემა გადაწყვიტა. კომპოზიციის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მიმღებ ცენტრში www.helpukraine.center გადაირიცხება. სტინგის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ ის უკრაინელი ბიზნესმენების მიერაა დაფუძნებული და გერმანული საქველმოქმედო ფონდის Ernst Prost, People for Peace – Peace for People მეშვეობით ოპერირებს.
მიმდინარე თვის დასაწყისში სტინგმა ინსტაგრამზე Russians-ის შესრულების ვიდეო გამოაქვეყნა და მას შემდეგი სიტყვები წაუმძღვარა:
სტინგის სახელით ცნობილმა გორდონ მეთიუ თომას სამნერმა მუსიკალური კარიერა 1971 წელს დაიწყო. 1977 წელს მან ნიუ ვეივისა და რეგეი როკის ჟანრებში მოღვაწე ტრიო The Police ჩამოაყალიბა. ექვსი გრემის მფლობელი ჯგუფი 1986 წელს დაიშალა. ერთი წლით ადრე კი ბრიტანელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Dream of the Blue Turtles გამოუშვა, რომელშიც კომპოზიცია Russians არის წარმოდგენილი. სოლო კარიერის განმავლობაში სტინგმა 15 სტუდიური ნამუშევარი ჩაწერა და 17 გრემის მოპოვება შეძლო.