Foo Fighters-ის დრამერი, ტეილორ ჰოკინსი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფოტო: Andreas Neumann

ცნობილი როკ ჯგუფის Foo Fighters დრამერი, ტეილორ ჰოკინსი გარდაიცვალა. ამის შესახებ საზოგადოებამ ბენდის მიერ 25 მარტს სოციალური ქსელებში გამოქვეყნებული განცხადებით შეიტყო. სიკვდილის მიზეზის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მუსიკოსი 50 წლის იყო.

Foo Fighters-ის ოჯახი შეძრულია ჩვენი უძვირფასესი ტეილორ ჰოკინსის ტრაგიკული და უდროო გარდაცვალებით. მისი მუსიკალური სული და გადამდები სიცილი სამუდამოდ დარჩება ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში. ჩვენი გულები მისი ცოლის, შვილებისა და ოჯახისკენაა მიმართული. გთხოვთ, მაქსიმალური პატივისცემით მოეპყრათ მათ პირად ცხოვრებას ამ წარმოუდგენლად რთულ დროს”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

Foo Fighters-ს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ყოველწლიურ ღონისძიებაზე Estéreo Picnic უნდა დაეკრა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს როკ ფესტივალად მიიჩნევა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯგუფის დრამერი გარდაცვლილი სწორედ ბოგოტაში მდებარე სასტუმროს ნომერში იპოვეს. კოლექტივმა სამხრეთ ამერიკის ტურნეს დარჩენილი კონცერტები გააუქმა.

“სიკვდილის მიზეზის შესახებ დასკვნა ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა”, – ვკითხულობთ ბოგოტას პოლიციის განცხადებაში, რომელიც გამოცემამ El Tiempo და სხვა მედიებმა გაავრცელეს. “ვითარებაში უკეთ გარკვეულ პირთა ვერსიით, მომხდართან შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას”.

ბოგოტას მერიის მიერ 26 მაისს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, წინა ღამით საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში შემოვიდა შეტყობინება ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სასტუმროში მყოფი პაციენტის შესახებ, რომელიც “მკერდის არეში ტკივილს” უჩიოდა. გაიგზავნა სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა ადგილზე მისვლისას ექიმები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კერძო სამსახურის ჯგუფს შეხვდნენ. მედიკოსებმა ჰოკინსის გადარჩენა გულ-ფილტვის რეანიმაცით სცადეს, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს და მუსიკოსი გარდაცვლილად გამოცხადდა.

ჰოკინსი Foo Fighters-ს 1997 წელს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ალანის მორისეტის ბენდის შემადგენლობაში ამ უკანასკნელის ალბომის Jagged Little Pill მხარდამჭერ ტურნეში Can’t Not დაუკრა. მაშინდელმა დრამერმა, უილიამ გოლდსმიტმა ჯგუფი პროდიუსერ გილ ნორტონთან უთანხმოების გამო დატოვა და ტეილორმა Foo Fighter-ში მოხვედრის შანსი ხელიდან არ გაუშვა. მის მიერ კოლექტივთან ერთად ჩაწერილი პირველი ალბომი The Color and the Shape იყო, მულტი-პლატინის სტატუსის მფლობელი ნამუშევარი, რომელმაც ჰოკინსს ბენდში ადგილი დაუმკვიდრა.

შემდეგი 25 წელი ჰოკინსი Foo Fighters-ის დრამერი იყო, დროდადრო კი ჯგუფის ჩანაწერებში გიტარასა და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე უკრავდა. მისი ვოკალი ბენდის რამდენიმე კომპოზიციაში, ძირითადად ბი-საიდებსა და ქავერებში, ასევე, 2005 წლის ალბომში In Your Honor შესულ ჰიტში Cold Day in the Sun ისმის. 2006 წელს მან პროექტი Taylor Hawkins and the Coattail Riders ჩამოაყალიბა, რომელშიც ფრონტმენისა და დრამერის ფუნქციებს ითავსებდა. ჩაწერა სამი ალბომი მოწვეული მუსიკოსების ვარსკვლავური შემადგენლობით. Jane’s Addiction-ის გიტარისტ დეივ ნავაროსა და ბასისტ კრის ჩეინისთან ერთად შექმნა სუპერტრიო NHC, რომელმაც 2021 წელს ორი სინგლი, მიმდინარე წლის დასაწყისში კი EP Intakes & Outtakes გამოუშვა.

Foo Fighters-მა 2021 წელს მორიგი წარმატებული ალბომი Medicine at Midnight გაავრცელა, რომელმაც გამოსვლისთანავე Billboard 200-ში მე-3 პოზიცია დაიკავა. სამი კომპოზიცია ამ სტუდიური ჩანაწერიდან Shame Shame, Waiting on a War და Making a Fire კი პირველ ადგილზე გავიდა რადიოში გაჟღერების რაოდენობის მიხედვით შედგენილ ჩარტებში როკისა და ალტერნატივის კატეგორიაში. 2021 წელსვე ჯგუფი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში და გადასცეს Global Icon-ის ჯილდო MTV Video Music Awards-ზე.

კოლექტივი ნომინირებულია ორ გრემიზე საუკეთესო როკ ალბომისა და საუკეთესო როკ პერფორმანსის კატეგორიებში. მუსიკოსებს უნდა დაეკრათ ამ ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე, რომელიც 3 აპრილს გაიმართება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: დეივ გროლმა მეტალ ალბომი Dream Widow გაავრცელა

შემდეგი სტატია

სტინგმა უკრაინის მხარდასაჭერად სიმღერის Russians ახალი ვერსია გაავრცელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ისრაელში გამართული კონცერტით გამოწვეულ კრიტიკას გამოეხმაურა

სოციალურ ქსელში მუსიკოსი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან და ებრაელმა არტისტმა დუდუ ტასამ თელ-ავივში კონცერტი გამართეს.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი