ამერიკელი მუსიკოსის, ბრენდონ ურის სოლო პროექტი Panic! At the Disco ახალ ალბომს აანონსებს და ვიდეორგოლთან ერთად სინგლს Viva Las Vengeance ავრცელებს.
მომავალ ალბომს ამავე ტრეკის სახელი Viva Las Vengeance ჰქვია. მასში 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი Local God, Star Spangled Banger, God Killed Rock and Roll და Something About Maggie. ამ დროისთვის ბოლო, ჩარტებში წარმატებული ჩანაწერი Pray for the Wicked შემსრულებელმა 2018 წელს გამოუშვა.
აღსანიშნავია, რომ Panic! At the Disco შემოდგომაზე ამერიკაში, კანადაში, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ტურნეს გამართავს. პირველი კონცერტი 8 სექტემბერს ტექსასის ქალაქ ოსტინში ჩატარდება.
პოპ როკ ჯგუფი Panic! At the Disco ბავშვობის მეგობრებმა: ბრენდონ ურიმ, რაიან როსმა, სპენსერ სმიტმა და ბრენტ უილსონმა 2004 წელს ლას ვეგასში ჩამოაყალიბეს. სადებიუტო ალბომი A Fever You Can’t Sweat Out, რომელიც მათ ერთ წელიწადში გამოუშვეს, დღეს სამმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. ბენდის რანგში პროექტს სულ 4 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული, მას შემდეგ, რაც 2013 წელს კოლექტივიდან სპენსერ სმიტიც წავიდა, ბრენდონ ურიმ სამი სოლო ალბომი გაავრცელა.