ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მეგან პიტი, სასცენო სახელით Megan Thee Stallion, მოდის სახლ Mugler-თან თანამშრომლობით კომპოზიციაზე Plan B გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. მუსიკოსმა კომპოზიცია პირველად ფესტივალ “კოაჩელაზე” შეასრულა.
ტრეკში Plan B ჰიპ ჰოპ ჯგუფ Jodeci-ს ჰიტი Freek’n You (Mr. Dalvin’s Freek Mix) არის გასემპლილი, რომელშიც Wu-Tang Clan-ის გოუსთფეის ქილა და რეიქვონი მონაწილეობენ. კომპოზიცია თავის დროზე ბილბორდის ცხელ ასეულში ტოპ 30 სიმღერას შორის მოხვდა, არენბი/ჰიპ ჰოპ ჩარტში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა.
მეგანმა თავისი კომპოზიცია 28 აპრილს გამოუშვა. კომპანია Luminate-ის ცნობით, პირველ კვირაში ჩანაწერმა ამერიკაში 12 მილიონი მოსმენა დააგროვა.
მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მან გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა. მეგანს სამი გრემის ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის საუკეთესო ახალბედა არტისტის კატეგორიაში. ის მეორე რეპერია ლორინ ჰილის შემდეგ, რომელმაც ეს ნომინაცია მოიგო.