81 წლის ამერიკელმა მუსიკოსმა, ნილ დაიმონდმა ფენვეი პარკში, ბოსტონ რედ სოქსისა და სენტ ლუის კარდინალსის მატჩის დროს თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია, 1969 წლის ჰიტი Sweet Caroline იმღერა. არტისტი სცენაზე იშვიათად ჩნდება, რადგანაც 2018 წელს დადგენილი პარკინსონის დაავადების შემდეგ ის ტურნეებს დაემშვიდობა. ბოლოს ამ სტადიონზე დაიმონდი 2013 წელს, ბოსტონის მარათონის ტერაქტის შემდეგ გამართულ კონცერტზე გამოვიდა.
მუსიკოსს თან ბროდვეის ვარსკვლავი, უილ სვენსონი ახლდა, რომელიც მიუზიკლში A Beautiful Noise, The Neil Diamond Musical მთავარ როლს ასრულებს. დადგმის პრემიერა ბოსტონის თეატრში 31 ივლისს შედგება.
Neil Diamond singing "Sweet Caroline" at Fenway Park is incredible 🎤 🙌 pic.twitter.com/P1yRDJR5ho
— FOX Sports: MLB (@MLBONFOX) June 19, 2022
ნილ დაიმონდმა კონცერტების გამართვის შეწყვეტის შესახებ 2018 წელს განაცხადა, როდესაც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაგეგმილი შოუები პარკინსონის დაავადების დიაგნოზის გამო გააუქმა.
ნილ დაიმონდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1962 წელს დაიწყო. მას კარიერის განმავლობაში მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 32 სტუდიური ალბომის ავტორი სონგრაითერებისა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია. მას აგრეთვე მუსიკაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის გრემის პრემია აქვს მიღებული.