თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ტენორის, ჯოზეფ კალეიას გალა-კონცერტი თბილისში

ჯოზეფ კალეია თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე

7 ოქტომბერს ქართველ აუდიტორიას პირველად მიეცა საშუალება, მოესმინა მალტელი ტენორისთვის, რომელსაც საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოება ლუჩანო პავაროტის ადარებს. ჯოზეფ კალეიას საოპერო მოღვაწეობა ისეთი თეატრების სცენებს ითვლის, როგორებიცაა პარიზის ოპერა, მეტროპოლიტენ ოპერა, კოვენტ-გარდენი და სხვა. ამჯერად კი ტენორი პუბლიკის წინაშე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარდგა. გალა-კონცერტზე შესრულდა ცნობილი ნაწარმოებები ისეთი კომპოზიტორებისა, როგორებიც არიან ჯუზეპე ვერდი, ჯაკომო პუჩინი, ლუიჯი კატალანი და სხვა. 

თბილისში გამართული კონცერტი რიგით მეექვსე და ამავდროულად დასკვნითი ღონისძიებაა, რომელიც კალეიამ საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში გამართა. საქართველოში, ისევე როგორც მთელი ტურნეს განმავლობაში, მასთან ერთად იყო დირიჟორი სერგეი სმბატიანი.  „ის უნაკლოა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემთან უწევს მუშაობა”, – იხუმრა მომღერალმა მისი წარდგენისას.

ჯოზეფ კალეია და სერგეი სმბატიანი

კონცერტზე თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი უკრავდა. საღამოზე იმღერა ქართველმა მეცო-სოპრანომ ირინა შერაზადიშვილმაც.

ირინა შერაზადიშვილი

დავით საყვარელიძე, ღონისძიების ორგანიზატორი:

„ჯოზეფ კალეია საქართველოში ევროპის კულტურის ფონდის ხელშეწყობით ჩამოვიდა. თავადაც ძალიან უნდოდა აქ  ჩამოსვლა და სხვადასხვა ქვეყანაში  გამართული კონცერტების შემდეგ ერთი დღით გვეწვია და აჩუქა ეს კონცერტი ქართულ პუბლიკას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ოპერისა და ბალეტის თეატრს მისი მასპინძლობისთვის.”

ჯოზეფ კალეია:

„საქართველოზე ბევრი რამ მსმენია ჩემი ქართველი კოლეგებისგან, რომლებთანაც ვმეგობრობ. მიმღერია პაატა ბურჭულაძესთან, ნინო მაჩაიძესთან, თამარ ივერთან ერთად. ვიცი, რომ საქართველოს დიდი ისტორია და საუკეთესო ღვინო აქვს. მე კი ღვინის კოლექციონერი ვარ. ასე რომ, კიდევ ერთხელ უნდა ვეწევიო აქაურობას, ამჯერად უფრო დიდი ხნით.”

თავად წარმოშობით მალტიდანაა. კონცერტზე ერთ-ერთი სიმღერაც ასე წარადგინა: „მალტაში სამი რამ გვაქვს. ეს არის მზე, მარილი და ზღვა. ასე რომ, ახლა შეგისრულებთ O Sole Mio-ს. და ჰო, მეოთხეც – ძალიან თბილი გულები.”

თბილი დახვედრა, ტენორის თქმით, ქართველი მსმენელისგანაც იგრძნო. ამბობს, რომ სწორედ ამან უბიძგა, სცენიდან ჩამოსულიყო და დასკვნითი სიმღერა მსმენელისთვის პარტერიდან ემღერა. 

„ეს სასიამოვნო სიურპრიზია ხოლმე. ბევრი არტისტი არ აკეთებს ამას. თუმცა მე ვაკეთებ მაშინ, როცა თბილ აუდიტორიას ვგრძნობ. ამას სხვანაირი სიახლოვე მოაქვს და შესაძლებლობა, რომ შენი ხმა უფრო ახლოს მიიტანო ხალხთან. და ეს სიმღერა, La Vie en Rose, ძალიან კარგი საშუალება იყო ამისთვის.”

ჯოსეფ კალეია პარტერში ასრულებს სიმღერას “La Vie en Rose”
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რესპუბლიკის ივენთ ჰოლში ინგლისური როკ-ბენდი Toploader კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

ინგლისურმა როკ-ბენდმა Toploader -მა თბილისს დაუვიწყარი საღამო აჩუქა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი