ელენე კალანდაძე: ,,თუკი ოდესმე რაიმე განუხორციელებელი მუსიკალური იდეა მქონია, ახლა ყველაფრის განხორციელების საშუალება მაქვს”
ერეკლე გეწაძე: ,,სულ ვნერვიულობ ხოლმე რამდენად გასაგები იქნება ჩვენი მუსიკა მსმენელისთვის და როგორ მიიღებენ, იმიტომ რომ ახალი ჟღერადობაა და საბოლოო ჯამში მაინც ექსპერიმენტი გამოდის.”
პანდემიამდე ორი ქართველი არტისტი ერთმანეთის შემოქმედებას შორიდან იცნობდა. ორი წლის წინ კი ელენე კალანდაძემ და ერეკლე გეწაძემ ერთმანეთი გაიცნეს და საერთო მუსიკალურ ენაზე საუბარი დაიწყეს – ასე შეიქმნა დუეტი Bad Habitz.
,,ძალიან მაგარი ბენდი მყავდა, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმღეროდი ქავერებს და ამან გარკვეულწილად დიდი გამოცდილება მომიტანა, თუმცა ქავერების სიმღერით ძნელია ბოლომდე გამოავლინო შემოქმედებითი უნარები. ერეკლეს სახით, გვერდში მყავს ისეთი პროდიუსერი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ჩემი”,- ელენე კალანდაძე, მომღერალი.
,,ადრე დრამერი ვიყავი და საკმაოდ ბევრ ბენდთან დამიკრავს, გარდა ამისა, რამდენიმე ბენდში ქიბორდზეც ვუკრავდი. ალბათ არაა გასაკვირი თუ ვიტყვი, რომ ყველა ბენდში ვიყავი უბრალოდ ფუნქციის შემსრულებელი და არცერთთან არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ დამეკრა ისე, როგორც მინდოდა. მაგალითად და მეკრა ისეთი ჰარმონიული აკორდი, როგორიც მინდოდა ან დამეკრა ისეთი რითმი, როგორიც იმ მომენტში ჩამესმოდა. ამიტომ ბენდის წევრობით კომფორტს ვერასდროს ვერ ვპოულობდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გზის მარტო გაკვალვა”– ერეკლე გეწაძე, მუსიკოსი.
Bad Habitz ელენე კალანდაძისა და ერეკლე გეწაძის პირველი საერთო პროექტია. როგორც ელენე კალანდაძე გვიყვება, სახელს არანაირი დატვირთვა არ აქვს, უბრალოდ ამ სიტყვათა წყობის ჟღერადობამ და ვიზუალმა ორივე მოხიბლა.
,,BAD HABITZ უნიკალური პროექტია, რადგან აქ ერთიანდება ბევრი რადიკალურად განსხვავებული მუსიკალური ჟანრი: Trap, Synthpop, Rap, EDM, Funk და Pop. გარდა ამისა, ასეთი ჟანრების ერთობლიობაში იშვიათია ერთად იყრიდეს თავს ვოკალი, ვოკოდერი დაქალის რეპი.” – ელენე კალანდაძე, მომღერალი.
,,ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ალბომი გვაქვს გამოშვებული – “She Gets It”. ძალიან მნიშვნელოვანია სიმღერების ტექსტებიც, რომლებშიც პირდაპირ თუ ირიბად ვეხებით პოლიტიკურ, სოციალურ, ასაკობრივ, გლობალურ, პირად თუ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს და ამ პრობლემებს, ცხადია, მეც და ელენეც ერთმნიშვნელოვნად ვიზიარებთ”,- ერეკლე გეწაძე, მუსიკოსი.
ალბომი “She Gets It” 2022 წლის ზაფხულში გამოუშვეს და მასში 12 ტრეკია გაერთიანებული. ალბომის მოსმენა შესაძლებელია ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე.
მოუსმინეთ “She Gets It”-ს:
Deezer: https://deezer.page.link/ybU47fgeBLJBHUJo8
Spotify: https://open.spotify.com/album/6zBHvgj4tbyXEoo9ioyQUc?si=vHl3voOyTR6PUsJ5rlCRRw
Apple Music: https://music.apple.com/ge/album/she-gets-it/1635386367
,,აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ალბომი ჩაიწერა და დამასტერდა Leno Records-ში და სწორედ Leno Records-ის დამსახურებაა ასეთი მაღალი ხარისხის ჟღერადობა” – ერეკლე გეწაძე, მუსიკოსი.
“ამ ალბომის გამოშვების შემდეგაც ვერ მოვისვენეთ და ამჟამად ვმუშაობთ “She Gets It”-ის Remixed EP-ზე, რომელიც გააერთიანებს Psy-Trance-ის, Breakbeat-ის, D’n’B-ისდა Hardcore Techno-ს ელემენტებს”,- ელენე კალანდაძე, მომღერალი.
“She Gets It”-ს Remixed EP-ს მოსმენას მსმენელი ნოემბერში შეძლებს. ასე რომ თვალყური ადევნეთ BAD HABITZ-ს სოციალურ ქსელებში თუ მუსიკალურ პლატფორმებზე და არ გამოტოვოთ მათი ახალი EP.
https://www.instagram.com/badhabitztunez/
მათი იდეები მხოლოდ Bad Habitz-ით არ შემოიფარგლება და პარალელურად რამდენიმე განსხვავებულ პროექტზეც მუშაობენ. ერთ-ერთი კი გახლავთ “SUNDAIZ.”, რომელიც იქნება LoFi Hip-Hop პროექტი და რომელიც გამოვა ახალბედა LoFi ლეილბლზე: Lofi Cult (Germany)
,,LoFi Hip-Hop – ეს არის ჰიპ ჰოპის ერთ–ერთი ქვე–ჟანრი, რომელიც გამოირჩევა თავისი მელანქოლიურობით და სევდით. LoFi Hip-Hop შეიძლება ითქვას ინსტრუმენტალური ჟანრია და შესაბამისად არასდროს გვხვდება მასში ვოკალი და რეპი– არის მხოლოდ და მხოლოდ ბიტები.
ვინაიდან J Dillaს მიმდევარი და დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ამავდროულად თავიდან ბოლომდე მაქვს შესწავლილი Daft Punk-ის მთლიანი შემოქმედება და გააზრებული მაქვს მათი მიდგომა Sampling-თან მიმართებაში, არ არის გასაკვირი, რომ სწორედ Sampling-მა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ჩვენი ახალი პროექტი SUNDAIZ. იქნება Samplling-ით მიღებული LoFi Hip-Hop beat-ები, რომლებსაც ელენეს მშვენიერი Vocal და Rap პარტიები დაემატება. ალბომის სახელწოდება იქნება “Sundays and Chill” და ხელმისაწვდომი იქნება 10 ნოემბრიდან“,- ერეკლე გეწაძე, მუსიკოსი.
,,როდესაც მოვისმინე ერეკლეს LoFi Beat-ები, მომენტალურად გამეხსნა ტვინი და დავიწყე ტექსტების და მელოდიების ტელეფონში sound recorder-ით ჩაწერა და სწორედ ეს პირველადი ჩანაწერები იქნება ალბომში გამოყენებული”,- ელენე კალანდაძე, მომღერალი.
,,მუსიკის წერა უკვე მექანიკაში გვაქვს გადასული, ძალიან მოკლე დროში შეგვიძლია გავაკეთოთ მელოდიაც, ჰარმონიული მონახაზიც, რითმული მონახაზიც და ტექსტიც. ეს, რა თქმა უნდა, თავდაუზოგავი შრომის შედეგია”,- ერეკლე გეწაძე, მუსიკოსი.
მათი გამოსვლა ყოველ ჯერზე განსხვავებულია. მათ არასდროს იციან როგორ მიიღებს მსმენელი მათ მუსიკას, თუმცა, როგორც წესი, კონცერტიდან მიღებული ენერგია მათ მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს.
ქართველი არტისტების თქმით, მათი მუსიკალური შემოქმედება მათსავე ცხოვრებას ჰგავს – მოულოდნელს, ქაოტურს, საინტერესოს და მრავალფეროვანს. წინ კი ბევრი გეგმა აქვთ. ერეკლე გეწაძისა და ელენე კალანდაძის მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ჟანრის მსმენელს მოასმენინონ საკუთარი მუსიკალური პროექტები და გააგონონ ხმა მსოფლიოს.