„ვკვდები, როგორც ქვეყანა” –  წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალი და დრამატურგი, დიმიტრის დიმიტრიადისი საქართველოში ფესტივალ „საჩუქარის” მოწვევით ჩამოვიდა.

„ (…) და იმ წელიწადს ვერ დაორსულდა ვერც ერთი ქალი. ვერც მომდევნო წელს, ვერც – იმის მერე, ვერც – შემდგომ წლებში. და ამნაირად აღესრულა მთელი თაობა, ახალი კი სამყაროში აღარასდროს გამოჩენილა.”

„ვკვდები, როგორც ქვეყანა” ბერძენი მწერლისა და დრამატურგის დიმიტრის დიმიტრიადისის ნაწარმოებია, რომელიც ახალი ბერძნული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშად დასახელდა. კრიტიკოსთა შეფასებით, ცოცხალ მწერალთა შორის დიმიტრიადისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძენი დრამატურგია. 2009-2010 წლის თეატრალური სეზონი პარიზის თეატრმა Odeon Theatre de l’Europe სწორედ მისი ნაწარმოებების სეზონად გამოაცხადა. Საფრანგეთის სატელევიზიო არხის France Culture-ის საეთერო დრო კი 5 თვის განმავლობაში დიმიტრიადისის ტექსტების საჯარო კითხვას, თემატურ შეხვედრებსა და განხილვებს ეთმობოდა. 

ქართველი აუდიტორიისთვის დიმიტრის დიმიტრიადისი საქართველოში ფესტივალ“საჩუქარის” ფარგლებში პირველად ჩამოვიდა. ქართველ მაყურებელს ასევე პირველად მიეცა საშუალება, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დასწრებოდა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების „ვკვდები, როგორც ქვეყანა” თეატრალურ კითხვას.

ქეთი დოლიძე – რეჟისორი, ფესტივალ საჩუქარის” დამფუძნებელი:

„გარდა იმისა, რომ დიმიტრის დიმიტრიადისი ძალიან დიდი მწერალია, ის არის დიდი მოღვაწე, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და ძალიან დიდი მოაზროვნე. დიდი მოვლენაა, რომ ამხელა პიროვნება ჩვენს ფესტივალზე საჩუქრად ჩამოვიდა. Მისი ტექსტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ეს ოპუსი დავდგით, ყველა ქვეყანას ეხება და ჩვენ გვეხება ისე, თითქოს ჩვენზეა დაწერილი. Მე მას ხუმრობითაც კი ვუთხარი, მგონია, რომ ჩემი დაწერილია-მეთქი. ასე კი ადამიანი აღიქვამს მაშინ, როცა ტექსტი მართლა გენიალურია.”

ქეთი დოლიძე

Წარმოდგენა ტექსტის სხვადასხვა ფრაგმენტს აერთიანებს. დასკვნით მონოლოგს თავად ქეთი დოლიძე კითხულობს. ტექსტის ძირითად ნაწილს კი – მსახიობი და რეჟისორი ზურა გეწაძე.

Ზურა გეწაძე – მსახიობი:

ძალიან რთული ტექსტია, ურთულესია მსახიობისთვის. ისეთი ფრაზებია, დიდი სამუშაოა, რომ გამოარჩიო, სად არის მძიმე, სად დამთავრდა აზრი… და ხანდახან აზრის დამთავრება ძალიან შორსაა და იქამდე როგორ მიხვიდე  – სად ჩაისუნთქო, სად მახვილი გააკეთო – ეს ძალიან რთულია და თან საინტერესო.

განსხვავებულია ამ შემთხვევაში ის, რომ ჩვენ არ ვთამაშობთ სპექტაკლს. ჩვენ ვკითხულობთ ტექსტს. როდესაც თამაშობ, მაგალითად, მე ვთამაშობ როლს – ვიღაცის მსოფლმხედველობით ვიწყებ მოქმედებას, Სულ სხვანაირი ხერხემალი მაქვს და სხვანაირად ვფიქრობ. ამ შემთხვევაში კი, ეს არის უშუალოდ ჩემი, ზურას დამოკიდებულება ტექსტთან და ზურას კავშირი მაყურებელთან, რომელსაც ეს ტექსტი უნდა მივაწოდო. Შესაბამისად, მე არ ვთამაშობ. ემოციებიც, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მოვთოკო. Მაყურებელმა ტექსტი ნაკლები ემოციით და გააზრებულად უნდა მოისმინოს.”

ზურა გეწაძე

ქეთი დოლიძე:

უამრავ რეჟისორს აქვს დადგმული სპექტაკლი ამ ნაწარმოების მიხედვით. Მე მაქვს ნანახი მიხეილ მარმარინოსის გენიალური და ძალიან მასშტაბური დადგმა. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში დადგმის საშუალება არ იყო, შესაბამისად, მე და ზურა გეწაძემ გადავწყვიტეთ, რომ წარმოდგენა უნდა ყოფილიყო ძალიან სადა, გასაგები და ამავდროულად შთამბეჭდავი, რაშიც ძალიან დაგვეხმარა კომპოზიტორისა და მხატვრის ნამუშევრებიც.”

გოგი ძოძუაშვილი – კომპოზიტორი:

„Ზურას წაკითხული ტექსტები მოვისმინე და უკვე იქიდან გამომდინარე, მსგავსი ემოციის მქონე მუსიკა შევარჩიე. ამ შემთხვევაში მუსიკალური გაფორმების მიზანი ატმოსფეროს შექმნაა, რომ ტექსტი სწორ ატმოსფეროში იკითხებოდეს. მუსიკა ტექსტს უნდა მიეხმაროს, რომ მაყურებლამდე მივიდეს.” 

გოგი ძოძუაშვილი

Შოთა გლურჯიძე – მხატვარი:

„ვიზუალური ნაწილი მუსიკასთან ერთად შეიქმნა და შეიქმნა იმ ემოციით, რა ემოციაც ტექსტიდან მივიღე. ეს არ არის შინაარსის პირდაპირი ილუსტრაცია. ეს არის ვიდეორიგი, რომელიც რაღაცნაირად ემოციურად ეთანადება ამ ტექსტს.”

შოთა გლურჯიძე

Რეჟისორის გადაწყვეტილებით, წარმოდგენაში მონაწილეობს ნაწარმოების მთარგმნელი თათია მთვარელიძეც, რომელის ქართულად ნათარგმნი „ვკვდები, როგორც ქვეყანა” 2015 წელს გამოიცა. Სწორედ მთარგმნელი იწყებს ყოველი თავის კითხვას. ყველა თავი კი იწყება ბერძნულად.

თათია მთვარელიძე – მთაგრმნელი:

ამ ტექსტს ზუსტად იმ დროს გავეცანი, როცა მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლი ძალიან პოპულარული იყო საბერძნეთში. Მაშინ გადავწყვიტე, რომ ნაწყვეტები მეთარგმნა ჩემთვის. ეს იცოდა ქეთი დოლიძემ და ერთხელაც დამირეკა და მითხრა, მარმარინოსი საქართველოში ჩამოდის, ეს სპექტაკლი ქართულად უნდა დადგას და ტექსტი გვჭირდებაო. ამან მომცა იმპულსი, რომ მთლიანი ნაწარმოები მეთარგმნა. Სპექტაკლი აღარ დაიდგა, სამწუხაროდ, თუმცა ქართულად ნათარგმნი ტექსტი 2015 წელს გამოიცა. 

თარგმანზე მუშაობამ ძალიან დიდხანს გასტანა. აქ მხოლოდ ენის ცოდნა არ არის საკმარისი. Რაღაც სხვა განზომილების ფიქრი, განსჯა და ენის მეცნიერული შესწავლა გჭირდება, რომ მიმსგავსებულად მაინც გადმოიტანო. ეს წარმოდგენა კი, ჩემი ოცნების ახდენაა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ რადგან ამ ტექსტის თარგმნა თავიდანვე თეატრისთვის იყო განზრახული, სულ ველოდი, რომ ადრე თუ გვიან რაღაც ფორმით სცენაზე გათამაშდებოდა. Მეორე კი იმიტომ, რომ პირველად ვდგები სცენაზე, რაც სულ მინდოდა, თანაც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, ვკითხულობ ტექტს, რომელიც ჩემი პირველი თარგმანია, ვკითხულობ ორიგინალში და თან ამას ისმენს თავად ავტორი.”

Წარმოდგენას თავად დიმიტრის დიმიტრიადისიც დაესწრო.

Ზურა გეწაძე, ქეთი დოლიძე, დიმიტრის დიმიტრიადისი, თათია მთვარელიძე

დიმიტრის დიმიტრიადისი – მწერალი, დრამატურგი:

ყოველთვის , როცა ამ ტექსტს ვისმენ და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ენაზე იქნება ის, ეს ხმა იმ პერიოდში მაბრუნებს, როცა ის შევქმენი. Მე თვითონაც მიკვირს, როგორ მოხდა, რომ ტექსტი, რომელიც ერთ ოთახში გამოკეტილმა სრულიად განმარტოებულმა ადამიანმა დავწერე, ძალიან ფართო საზოგადოებას მისწვდა. 

Მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ მესმოდა, რას ლაპარაკობდნენ სცენიდან, მთავარი ისაა, რომ მსახიობებს, რომლებიც აქ იდგნენ, მოჰქონდათ ის ემოცია, რომლითაც მე ზუსტ კავშირს ვამყარებდი ტექსტთან და ეს ემოცია კიდევ ერთხელ მაფიქრებდა წარსულზე და უფრო მეტად კი აწმყოზე.”

კითხვაზე, თუ რატომ არ კარგავს „ვკვდები, როგორც ქვეყანა” დღემდე აქტუალობას, ავტორის პასუხი ასეთია:

ამ კითხვაზე თან მაქვს პასუხი და თან არა. Ზოგადი პასუხი ის არის, რომ სამყარო მუდმივად დრამატულ მდგომარეობაშია. და ეს არის ყველა ჩვენგანის სინამდვილე. ყველა ადამიანის, ყველგან.”

Წარმოდგენის ბოლოს დიმიტრის დიმიტრიადისს ფესტივალის მთავარი პრემია – მიხეილ თუმანიშვილის პრიზი გადაეცა.

„ცოტა რთულ მდგომარეობაში ვარ დაჯილდოებისას, მიჭირს გამოვხატო ემოციები, რადგან ბევრი მსგავსი წუთი არ განმიცდია ცხოვრებაში და შესაბამისად, თავს შინაურულად არ ვგრძნობ. დღეს ამ დარბაზში მე რაც ვიგრძენი, არის ის, რომ ეს ტექსტი მე არ მეკუთვნის. ამას სიტყვების გამო არ ვამბობ. იმდენად დიდია მკითხველის და მაყურებლის იდენტიფიცირება ამ ტექსტთან, რომ შეუძლებელია, ის მათ არ ეკუთვნოდეთ. ამიტომაც, ამ ჯილდოს ვუძღვნი მკითხველს, რომელიც მონაწილე და მფლობელია ამ ტექსტისა და ეს იქნება ჩემი მადლობა, – განაცხადა დიმიტრის დიმიტრიადისმა პრიზის გადაცემისას. 

თათია მთვარელიძე, დიმიტრის დიმიტრიადისი პრიზით ხელში, ქეთი დოლიძე

„Ჩემი ფორმა აქვს უკვე მის მიწას… ჩემი სხეული მის კიდეებს გაუთანაბრდა… ჩემშია მისი ბედისწერა… ვკვდები… ვკვდები, როგორც ქვეყანა… (…)”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

LUA – ქეთათო ნერგაძე

შემდეგი სტატია

კანიე უესტის ანტისემიტური განცხადებების გამო, კომპანია Gap მის პროდუქტებს გაყიდვიდან ამოიღებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჯადოსნური ეკრანი – ამბები ქართული ანიმაციიდან” 

პროექტი ძველი ქართული მულტფილმების განახლებასა და გაფერადებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში ქართული ანიმაციის პოპულარიზებას.
მეტი