LUA – ქეთათო ნერგაძე

„მგონია, რომ პირველ რიგში არტისტმა საკუთარი თავისთვის უნდა იმღეროს, მე პირადად, სანამ დავიწყებ სიმღერას, რაღაც დრო  მჭირდება, რომ გარკვეულ განწყობაზე გადავერთო. როცა ვიწყებ ვცდილობ მუსიკით ბოლომდე მივიღო სიამოვნება“ – ლუა
Lua – ქეთათო ნერგაძე

ლუას – იგივე ქეთათო ნერგაძეს მსმენელი ძირითადად აკუსტიკური მუსიკით იცნობს.  მისი სიმღერის ტექსტები და მუსიკა მსუბუქი, სადა, დახვეწილი და სასიამოვნო ჟღერადობით გამოირჩევა;  მსმენელისთვის სათქმელს მარტივად გადმოსცემს და შესაბამის განწყობასაც ქმნის.

ლუას თქმით მუსიკის წერის პროცესში თავდაპირველად ყოველთვის ჟღერადობა მოდის გონებაში, რომელზეც შემდეგ ტექსტი იქმნება:

„მუსიკას მოაქვს ბგერები, რომლის მიხედვითაც ვაწყობ ტექსტს, მაგალითად ვიცი, რომ სიტყვის დაბოლოება უნდა იყოს „Boll“, მაგრამ შეიძლება შინაარსობრივად ვერ ჩაჯდეს ეს სიტყვა და შეიცვალოს სიტყვა „small”-ით. თავიდან რა ბგერებიც მოდის, იმის მიხედვით ვწერ ტექსტს, თუმცა ხანდახან ყოფილა ისეც, რომ მიფიქრია – ეს რა კარგი ფრაზაა და ამის მიხედვით ამიწყვია სიმღერა.“ 

ლუა არის ადამიანი, რომლისთვისაც მუსიკის გარეშე არცერთი დღე არ არსებობს, მან საკუთარი თავი მუსიკაში აღმოაჩინა და მიხვდა რომ მისი ადგილი სწორედ აქ არის. მუსიკა ლუასთვის თვითგამოხატვაა, რითაც თავის განცდებს, გრძნობებს და ფიქრებს გვიზიარებს. მისი პირველი ნაბიჯები მუსიკის სამყაროში პატარაობიდანვე დაიწყო, როდესაც სახლში პიანინო შეიძინეს. მაშინ ლუა სულ 4-5 წლის იყო. პირველად სწორედ ამ ინსტრუმენტზე ააწყო  „ჟუჟუნა წვიმა“.

„ეს იყო ჩემი პირველი შეხება ინსტრუმენტთან და მერე მიხვდნენ, რომ სმენა მქონდა. როდესაც სკოლაში შევედი, ფორტეპიანოზეც შემიყვანეს, თუმცა ძალიან არ მიყვარდა იქ სიარული, ჩემთვის საკმაოდ სტრესული იყო, კლასიკური კომპოზიციების დაკვრა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან მომწონს, მაშინ ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებდი და საკმაოდ დამთრგუნველი მეჩვენებოდა. საბოლოო ჯამში 5 წელი ვიარე ფორტეპიანოზე, ჩემ პედაგოგს სურდა პიანისტობას გავყოლოდი, მაგრამ ამის გაფიქრებაც კი არ მინდოდა… მერე რაღაც პერიოდი პაუზა იყო, ხანდახან ჩემთვის, ჩემი სიამოვნებისთვის ვუკრავდი. 14 წლის, რომ გავხდი და პირველი სიმღერა დავწერე, მაშინ დავუბრუნდი მუსიკას აქტიურად.“

Lua

ლუამ დეტალურად გაიხსენა პირველი სიმღერის დაწერის პროცესი, რომელიც თავის პირველ ინსტრუმენტზე პიანინოზე ამოკაწრული სიტყვით „დედათი“ იყო შთაგონებული. 

„ზუსტად მახსოვს ის დღე, როდესაც ჩემი პირველი სიმღერა დავწერე, რომელსაც Saint Mother – ერქვა. დედაჩემს დავუწერე და ძალიან უცნაური იყო, როგორ ავარჩიე სიმღერის თემა – როდესაც პიანინო შეიძინეს, ბაღში დავდიოდი და წერას ვსწავლობდი და მახსოვს პატარა რომ ვიყავი ნემსით ამოვკაწრე ამ პიანინოზე სიტყვა „დედა“. გარკვეული დროის მერე, როცა ჩემი პირველი სიმღერის დაწერა გადავწყვიტე სიმღერის თემაზე ვფიქრობდი და უცებ თვალში მომხვდა წლების წინ ამოკაწრული ეს სიტყვა, ასე შეიქმნა ჩემი პირველი ტექსტი და სიმღერა.“ 

რაღაც პერიოდის შემდეგ ფოტოგრაფიით დაინტერესებულმა 15 წლის ლუამ ფოტო გადაღებიდან აღებული  ჰონორარით, რომელიც 120 ლარს შეადგენდა, ონლაინ მაღაზიაში გიტარა შეიძინა.

„15 წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი გამომუშავებული ჰონორარით შევიძინე გიტარა, რომელიც დიდი ხანი მემსახურა და ბევრი სიმღერაც შევქმენი მისი წყალობით.“

მუსიკოსის თქმით, ამინდი განწყობაზე და მუსიკის მოსმენაზე  საკმაოდ მოქმედებს. მისი ბოლო დროს ამოჩემებული სიმღერაც სწორედ ამინდმა განაპირობა, როდესაც ნისლიან, წვიმიან დღეს ყურსასმენებში ლუამ Radiohead-ის, სიმღერა Glass Eyes  ჩართო.

„ამ სიმღერას საოცარი ინტრო აქვს და ყურსასმენებში სულ სხვანაირად ისმის, თან ამინდს ამ მუსიკის მოსმენისას დიდი მნიშვნელობა აქვს. ლისის ტბასთან ახლოს ვცხოვრობ, სადაც უმეტესად ქარი, ნისლი და წვიმაა, ამ ამინდს თავისი განწყობა მოაქვს სიმღერის მოსმენისას.“

ბოლომდე უნდა შეიგრძნო მუსიკა და გადმოსცე ის რასაც გრძნობ, რასაც ლუას თქმით ჯეფ ბარკლი სრულყოფილად ასრულებს.

ჯეფ ბარკლი ლუასთვის გახსნილი, სიღრმისეული და მრავალფეროვანი მუსიკოსია, ვინც საკუთარი შემოქმედებით ასწავლა, რომ სცენაზე დგომისას არ უნდა შეგეშინდეს იმისი, რასაც აკეთებ. 

„ჯეფ ბარკლი ჩემი საყვარელი მუსიკოსია, როდესაც მისი მოსმენა დავიწყე, მივხვდი, რომ ეს ადამიანი სცენაზე იმდენად გახსნილია, თითქოს თავის თავს ელაპარაკება. სცენაზე საოცრად სიღრმისეულია. ხანდახან ისე უცნაურად იქცევა, ისეთ ნოტებს იღებს, მისთვის იმ მომენტში არავინ არსებობს, მთელი მისი პერფორმანსი ერთი დიდი იმპროვიზაციაა. არასდროს ერთი და იგივე სიმღერას ერთნაირად არ მღერის.  მისგან ის ვისწავლე, რომ როცა სცენაზე დგახარ  და სიმღერას ასრულებ, არ უნდა შეგეშინდეს, სადაც მუსიკა წაგიღებს, იქით უნდა წახვიდე, შეიძლება სხვა ნოტი აიღო, მაგრამ არა უშავს, იმ მომენტში ის შენ ხარ და შენი მუსიკაა.“ 

თუ ოდესმე ლუა სცენაზე გინახავთ, ალბათ იმასაც მიხვდებით, რომ სიმღერის შესრულების დროს, პირველ რიგში დიდ სიყვარულს გადმოსცემს. ეს მუხტი და ტალღა მსმენელშიც შემოდის და  დიდხანს გტოვებს დადებითი ემოციებით სავსეს. 

„მგონია, რომ პირველ რიგში არტისტმა საკუთარი თავისთვის უნდა იმღეროს, მე პირადად, სანამ დავიწყებ სიმღერას, რაღაც დრო  მჭირდება, რომ გარკვეულ განწყობაზე გადავერთო. როცა ვიწყებ ვცდილობ, ბოლომდე, როგორც ჯეფი იღებს მუსიკის დროს სიამოვნებას, ისე მივიღო მეც სიამოვნება. თუ საკუთარ თავს სიამოვნებას ანიჭებ მუსიკით, ალბათ ეს სიამოვნება მსმენელშიც გადადის შემდეგ.

არასდროს დამავიწყდება ერთი საღამო, მგონი ისე არ მიმღერია არასდროს. მახსოვს, 2019-ში Open Air-ის ღონისძიებაზე უნდა შემესრულებინა ორი სიმღერა.  იმ დღეს მე და ჩემი მეგობრები ბათუმიდან მოვდიოდით, რომ არ დამეგვიანა, პირდაპირ ღონისძიებაზე მივედით. გიტარაც  კი მქონდა წაღებული, ვიცოდი რომ მერე ამის დრო აღარ მექნებოდა. საკმაოდ ექსტრემალური მგზავრობა გვქონდა, ვჩქარობდით და გზიდან პირდაპირ ღონისძიებაზე მისვლა რაღაც „როკსტარული“ იყო ჩემთვის. შესრულების დროს იმდენად აღტაცებული ვიყავი, რომ ბოლომდე დავიხარჯე. მგონია, განსაკუთრებული იყო ეს საღამო, გარკვეულწილად ალბათ, ჩემი ექსტრემალური დღის დამსახურებაც იყო ეს ყველაფერი. მერე ჩემმა ერთმა მეგობარმაც მითხრა, რაღაც მომენტში შემეშინდა კიდეც, იმიტომ რომ ამოვარდნილი იყავი, თითქოს შენ თავს არ გავდიო… “

ლუას აზრით ქართულ  თანამედროვე მუსიკაში ბევრი კარგი  არტისტია, რომელიც  თავისი დამახასიათებელი სტილით და მუსიკით განსხვავებულია. თვლის, რომ სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობაში გამორჩეული და ინდივიდუალური სტილის მქონე მუსიკოსები გაჩნდნენ:

„მიხარია, რომ ბევრი ინდივიდუალური არტისტია, რომელსაც თავისი ხელწერა და იმიჯი აქვს შექმნილი. კონკრეტულად ერთ რომელიმე არტისტს ვერ გამოვარჩევ. ახალგაზრდა თაობა წამოვიდა რომელთაც, განსხვავებული, სახასიათო სტილი უჭირავთ. სასიხარულოა ის, რომ ბევრ ჟანრში კარგი არტისტი გვყავს. წამოვიდა ის ტენდენციაც, რომ მუსიკოსი  ხარისხზე, ჩაცმულობაზე და სტილზეც ფიქრობს და ეს ძალიან კარგია, რადგან ვთვლი, რომ ვიზუალი მნიშვნელოვანია იმიჯის შესაქმნელად. არტისტი სინთეზი უნდა იყოს მუსიკის და ვიზუალის, რომ საბოლოოდ დასამახსოვრებელი სახე შექმნას.“

Lua

მიუხედავად იმისა, რომ ლუას აზრით  საქართველოში კარგი თანამედროვე  არტისტები არიან, აქ საავტორო მუსიკა მაინც არ არის დაფასებული. მისი თქმით, უმეტესად მომღერლები ქავერ სიმღერებს მღერიან და შემოსავლის წყაროც სწორედ აქედან აქვთ. არსებული მუსიკალური კონკურსები კი, საზოგადოებაში მდარე ხარისხის მუსიკის გავრცელებას ემსახურებიან:

„საქართველოში მუსიკალური კონკურსები ძალიან დაბალი ხარისხისაა, ჟიურიდან დაწყებული დარბაზით და აუდიტორიით დამთავრებული. მგონია, რომ უნდა გავიზარდოთ და სხვა ეტაპზე გადავიდეთ. თავად მსმენელი ვერ გაიზრდება ამ მუსიკით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებასაც არ აქვს კარგი მუსიკალური გემოვნება. სამწუხაროდ, საქართველოში უმეტესობა არ არის თავისი საქმის პროფესიონალი, საუნდ ინჟინერია ავიღოთ თუნდაც, ამ მიმართულებით ნორმალური განათლება არ არსებობს.  უნდა იყოს სპეციფიკური განათლების მიმართულებით სკოლა, რომელიც პროფესიულ დონეზე ასწავლის დაინტერესებულ პირებს სპეციალობას. გამოსავალი ის არის, რომ წახვიდე ქვეყნიდან, იქ მიიღო განათლება, შემდეგ ჩამოხვიდე და სხვებს ასწავლო. დღევანდელი ფორმულირებიდან გამომდინარე კარგი იქნება თუ ხელისუფლების მხრიდან გაჩნდება ინიციატივა და შეიქმნება სივრცეები, სადაც ახალგაზრდა შემსრულებლები თავისი აუდიტორიისთვის დაუკრავენ. მხოლოდ საახალწლო კონცერტები, რომელიც მე თუ მკითხავთ არც თუ ისე კარგი ხარისხის შესრულებით გამოირჩევა არ არის მისაღები, უნდა შეიქმნას სივრცე იმ სეგმენტისთვის, ვისაც სხვა ჟანრის მიმართულებაც აინტერესებს. რაღაც თუ კეთდება, ზოგადად მგონია, რომ ყველასთვის უნდა გაკეთდეს. აქ მუსიკოსობა საკმაოდ სტრესულია, მაგრამ ამის გამო, მუსიკას რა თქმა უნდა, არ უნდა დაანებო თავი. უნდა აკეთო შენი საქმე.“

ლუას სამომავლო გეგმებში ბევრი საინტერესო სიახლეა. იგი სიმღერებზე ბენდთან ერთად მუშაობს  და მიზნად ევროპაში მუსიკალურ ფესტივალებზე დაკვრა აქვს დასახული: ლ

„რამდენიმე ფესტივალზე უკვე გავგზავნეთ კიდეც მოთხოვნები და პასუხს ველოდებით. ასევე Prophet-ზე პირველად ჩავწერე სიმღერა, რომელზე მუშაობაც ჩემთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. სიმღერის მთლიანი არანჟირება ამ ინსტრუმენტით გავაკეთე და მინდა, კიდევ სხვა სიმღერებიც ვცადო. ამ არანჟირებით შექმნილ მუსიკაში  ძალიან ბევრი მუსიკალური გზა შეიძლება აღმოაჩინო და კეთების პროცესიც ძალიან სასიამოვნოა. მაინტერესებს, როგორი იქნება მსმენელის რეაქციაც, იმიტომ რომ გავცდი აკუსტიკურ ჟღერადობას და ახალი, თანამედროვე ჟღერადობა შემოვიდა ჩემს მუსიკაში, სადაც თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი.“

ლუა ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე, ახალგაზრდა არტისტია, რომელსაც წინ უამრავი მიზანი და გეგმა აქვს დასახული. მისი შემოქმედება ცალსახად ერთ კონკრეტულ მუსიკალურ ჟანრს არ მიეკუთნება. დაველოდოთ და ერთად ვიმოგზაუროთ ლუას  მუსიკალურ სამყაროში,  რომელსაც  მსმენელი მუსიკოსის Youtube-არხზე ალბათ სულ მალე მოისმენს.

ნახეთ, Lua -ს ბოლო ვიდეო კლიპი – Walking on the beat 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სანდრო გეგეჭკორი 29 ოქტომბერს მიუნხენში, Gasteig-ის საკონცერტო დარბაზში დაუკრავს

შემდეგი სტატია

„ვკვდები, როგორც ქვეყანა” –  წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი

ბილბორდის „უდიდესი პოპ ვარსკვლავები“: 2017 წელს ედ შირანმა და კენდრიკ ლამარმა აჩვენეს, თუ როგორ  შეიცვალა დროთა განმავლობაში მონოკულტურა

ბილბორდის სტატიათა სერიის „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების" ფარგლებში, 2017 წელს ედ შირანისა და კენდრიკ ლამარის პოპულარობამ პიკს მიაღწია, რამაც ნათლად წარმოაჩინა პოპ-კულტურის მრავალფეროვნება
მეტი

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი