ერეკლე გეწაძისა და ელენე კალანდაძის ერთობლივი პროექტი Bad Habitz ახალ EP-ს აზიარებს, რომელიც მათი ალბომის She Gets It გარემიქსებული ვერსიაა. EP-ში ალბომიდან 10 კომპოზიციაა შესული, რომლებიც ორიგინალი ვერსიებისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრშია წარმოდგენილი.
ერეკლე გეწაძე:
„როცა ამ კომპოზიციების ორიგინალ ვერსიებს ვასრულებდით, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ, თითქოს, საქართველოზე მორგებული არ იყო. შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ მსმენელი არ იყო მზად ამ ჟანრებისთვის, როგორებიცაა რეპი, ექსპერიმენტული პოპი… ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი სხვანაირად მიგვეწოდებინა მათთვის და ავირჩიეთ გზა, რომელიც დღეს ძალიან გავრცელებული და პოპულარულია. ეს არის ელექტრონული საცეკვაო მიმართულება. ალბომიდან ავიღეთ 10 კომპოზიცია და მათი ახლებული ვერსიები გავაკეთეთ. რამდენიმე ჟანრია ერთმანეთში არეული. ესენია ტექნო, D’n’B, Psy-Trance, Breakbeat და რეპი. თუმცა ყველა კომპოზიციაში შენარჩუნებულია მისი მთავარი მუსიკალური ხაზი. სხვათა შორის, ამ ნაბიჯმა გაამართლა. უკვე გვქონდა ლაივი, სადაც ეს ახალი ვერსიები შევასრულეთ და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.”
მოუსმინეთ ალბომის She Gets It გარემიქსებულ EP-ს.
ცოტა ხნის წინ დუეტმა მსმენელს კიდევ ერთი ახალი პროექტი წარუდგინა. SUNDAIZ გერმანული ლეიბლით (Lofi Cult) გამოვიდა და lofi ჰიპ-ჰოპის ჟანრის კომპოზიციებს აერთიანებს.
„თითქმის ყოველ შაბათ დღეს გვაქვს ჩვენი ჰარდკორ პროექტის Bad Habitz-ის ლაივი. და ყოველ მომდევნო დილას გვჭირდებოდა უბრალოდ დასვენება და მოდუნება. აი, ასე გაჩნდა ეს პროექტიც. ასე რომ, მოდუნდით და ისიამოვნეთ პროექტით SUNDAIZ”, – წერია პროექტის ანოტაციაში.
მოუსმინეთ პროექტს SUNDAIZ