ნოემბერში Apple TV+-ზე სელენა გომესის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, My Mind & Me პრემიერა შედგა. დეკემბერში კი ვარსკვლავმა ამავე სახელწოდების სიმღერის მუსიკალური ვიდეო გაავრცელა.
სელენა გომესი The Tonight Show-ში იყო მიწვეული. გადაცემის წამყვანთან, ჯიმი ფელონთან საუბრისას აღნიშნა, რომ მუსიკალურ კარიერას აგრძელებს და ახალ სიმღერებზე მუშაობს. როგორც გომესმა თქვა, აპირებს თავის ნამუშევრებში მხიარული და საზეიმო განწყობა დააბრუნოს.
სელენა გომესის ბოლო სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Rare, 2020 წელს გამოვიდა. ალბომი Billboard 200-ის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა.
„სევდიანი სიმღერების წერას მივეჩვიე, მაგრამ ახლა მხიარულებისათვის მზად ვარ და ვფიქრობ, ხალხს ეს მოეწონება” – თქვა მომღერალმა.
როგორც ვარსკვლავმა აღნიშნა, 2023 წელი მისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება. სელენა გომესი დეტექტიურ სერიალში, სახელწოდებით Only Murders in the Building, ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. იგი პარტნიორობას სტივ მარტინს და მარტინ შორტს უწევს. გომესმა გადაცემის მსვლელობისას თქვა, რომ 2023 წლის იანვარში სერიალის მე-3 სეზონის გადაღებები დაიწყება.
ვარსკვლავმა საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობაზეც ისაუბრა. „ვიცი, რომ ამ ბრძოლას სიცოცხლის ბოლომდე გავაგრძელებ. ვფიქრობ, მენტალური ჯანმრთელობა უაღრესად მნიშვნელოვანია და მას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.“
იხილეთ ვიდეო: