გამოცემა The Hollywood Reporter-მა გართობის ინდუსტრიაში წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი ტეილორ სვიფტია. ჟურნალთან საუბრისას, მომღერალმა გაამხილა, რომ გამოგონილი პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ადარებს, „სამეფო კარის თამაშების“ გმირი, არია სტარკია.
„არ ვიცი ხმლის გამოყენება და არც სიკვდილს დავპირისპირებივარ, რათა ეპიკური შურისძიების მისია აღმესრულებინა, მაგრამ მუსიკალურ ინდუსტრიაში უკვე 15 წელია ვარ, ასე რომ…” – აღნიშნა 32 წლის პოპ ვარსკვლავმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტეილორ სვიფტმა HBO-ს ფენტეზისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა. სვიფტმა ერთხელ უკვე განაცხადა, რომ 2017 წლის მუსიკალური ალბომი, სახელწოდებით Reputation, ნაწილობრივ არიასა და სანსა სტარკის პერსონაჟებით იყო ინსპირირებული.
2019 წელს, ჟურნალ Entertainment Weekly-ის ინტერვიუში ტეილორ სვიფტმა განმარტა, რომ Look What You Made Me Do არია სტარკის მკვლელობის სიის შთაგონებით შეიქმნა. არტისტის თქმით, კიდევ ერთი სიმღერის, სახელწოდებით I Did Something Bad, ინსპირაციის წყარო იყო სერიალის სიუჟეტის ის ნაწილი, რომელშიც არია და სანსა მოწინააღმდეგე პერსონაჟის მოსაკლავად ერთიანდებიან.
The Hollywood Reporter-თან საუბრისას, 11 გრემის მფლობელმა მომღერალმა ასევე გაამხილა იმ ცნობილი ადამიანის ვინაობა, ვის ადგილას ყოფნასაც ისურვებდა. მან რეჟისორი გილიერმო დელ ტორო დაასახელა.
„წარმოიდგინეთ, გქონდეთ ასეთი წარმოსახვის უნარი, ასეთი ვიზუალური ლექსიკონი და ამგვარი საოცარი ნამუშევრები. მას მრავალფეროვანი თხრობის სტილი აქვს და ამავდროულად ახერხებს, თითოეულ ფილმს გამორჩეული ხელწერა დაატყოს. იგრძნობა, რომ იგი ჯერ კიდევ ცნობისმოყვარეობითა და ენთუზიაზმით ეკიდება თავის ნამუშევრებს” – აღნიშნა ტეილორ სვიფტმა რეჟისორზე საუბრისას.