ცოტა ხნის წინ, ტეილორ სვიფტმა გაამხილა, რომ მისი საყვარელი კინორეჟისორი გილიერმო დელ ტოროა. მალევე დელ ტორო სვიფტის ამ ნათქვამს გამოეხმაურა და გრემის მფლობელი ვარსკვლავისადმი საპასუხო სიყვარული საჯაროდ აღნიშნა.
„ის ძალიან ნიჭიერია. ბოლომდე იაზრებს და გრძნობს იმას, რასაც აკეთებს. მისით ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. ჩვენ ერთმანეთთან სტიმულის მომცემი დიალოგი არაერთხელ გვქონია“ – რეჟისორმა W Magazine-თან ინტერვიუში აღნიშნა.
დელ ტორომ ასევე აღნიშნა, რომ მას და სვიფტს არაერთი „საერთო ინტერესი“ აქვთ, მათ შორის – ზღაპრების სიყვარული. „მისი ინტერესი იგავების, მითების და ზღაპრების წარმომავლობისადმი ძალიან ღრმაა. მე მას რამდენიმე წიგნი მივეცი, რომელიც ვიფიქრე, დააინტერესებდა. მათ შორის იყო The Science of Fairy Tales – წიგნი, რომელიც Pan’s Labyrinth-ის შექმნისას ძალიან გამომადგა.“ – თქვა გილიერმო დელ ტორომ.
გამოცემა The Hollywood Reporter-მა გართობის ინდუსტრიაში წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი ტეილორ სვიფტია. ჟურნალთან საუბრისას, მომღერალმა თქვა, რომ რეჟისორი გილიერმო დელ ტორო არის ის ცნობილი ადამიანი, ვის ადგილასაც ყოფნას ისურვებდა.
„წარმოიდგინეთ, გქონდეთ ასეთი წარმოსახვის უნარი, ასეთი ვიზუალური ლექსიკონი და ამგვარი საოცარი ნამუშევრები. მას მრავალფეროვანი თხრობის სტილი აქვს და ამავდროულად ახერხებს, თითოეულ ფილმს გამორჩეული ხელწერა დაატყოს. იგრძნობა, რომ იგი ჯერ კიდევ ცნობისმოყვარეობითა და ენთუზიაზმით ეკიდება თავის ნამუშევრებს” – აღნიშნა ტეილორ სვიფტმა რეჟისორზე საუბრისას.