ელენ დეჯენერესის შოუს DJ, სტივენ „ტვიჩ“ ბოსი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილი DJ-ის ქვრივმა, მოცეკვავე ელისონ ჰოლკერ ბოსმა გაავრცელა.
ჟურნალ People-სათვის გაგზავნილ განცხადებაში ჰოლკერმა აღნიშნა, რომ უმძიმს, ქმრის გარდაცვალების ტრაგიკული ამბის შესახებ საზოგადოებას აცნობოს – „Სტივენი ანათებდა ყველა ოთახში, სადაც კი შედიოდა. ყველაფერზე მეტად ოჯახს, მეგობრებს და თავის აუდიტორიას აფასებდა. ის ოჯახის ხერხემალი იყო, ჩვენთვის საუკეთესო ქმარი და მამა, ხოლო თაყვანისმცემლებისათვის – შთაგონების წყარო.“ როგორც ელისონმა თქვა, სტივენ „ტვიჩ“ ბოსის ხსოვნა მუდამ დარჩება. მან საზოგადოებას თხოვნითაც მიმართა და ოჯახის პირადი სივრცის დაცვისაკენ მოუწოდა. „მინდა, ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში, პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს. ამას განსაკუთრებით ჩემი შვილების გამო ვითხოვ. Სტივენ, ჩვენ შენ გვიყვარხარ, გვენატრები და მუდამ გვემახსოვრები!“ – აღნიშნა ელისონ ჰოლკერ ბოსმა
გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. როგორც ლოს ანჯელესის ოფიციალურმა სამედიცინო წარმომადგენლებმა განაცხადეს, სტივენ „ტვიჩ“ ბოსი სასტუმროში გარდაიცვალა.
გასულ უქმეებზე, სტივენ ბოსმა ცოლთან ერთად გადაღებული ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. კადრებში წყვილის მხიარული ცეკვა იყო აღბეჭდილი. Მანამდე ბოსმა ცოლს ერთად ყოფნის 9 წლის იუბილე, სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯაროდ მიულოცა.
სტივენ „ტვიჩ“ ბოსმა თავდაპირველი პოპულარობა 2003 წელს, MTV-ის ერთ-ერთ ქორეოგრაფიულ პროექტში მონაწილეობით მოიპოვა. 2008 წელს სატელევიზიო კონკურსში სახელწოდებით So You Think You Can Dance სტივენმა მეორე ადგილი დაიკავა, 2022 წლის აგვისტოში კი, შოუში უკვე ჟიურის წევრის ამპლუაში გამოჩნდა. 2014 წელს, მიწვეული DJ-ის სტატუსით, ელენ დეჯენერესის შოუს შეუერთდა. ამის შემდეგ, სტივენი გადაცემის გუნდის მუდმივი წევრი გახდა და 2020 წელს პროექტის თანაპროდიუსერიც იყო.