ნეტფლიქსის დოკუმენტური ფილმის „ჰარი და მეგანი” მეორე ნაწილში სასექსის ჰერცოგინია შეტყობინებას ბიონსესგან იღებს. ეს 2021 წლის მარტში, ოპრა უინფრისთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუს მეორე დღეს ხდება.
„ბიონსე მწერს. ვერ ვიჯერებ, რომ იცის, ვინ ვარ!” – ამბობს მარკლი და შეტყობინებას კითხულობს. „მეუბნება, რომ სურს, უსაფრთხოდ ვიყო. პატივს სცემს ჩემს გამბედაობას და ფიქრობს, რომ მე ვარ ის, ვინც თაობათა წყევლა უნდა გაწყვიტოს” – ამბობს მარკლი. Ჰარი კი პასუხობს: „კარგი ნათქვამია.”
ოპრასთან ინტერვიუს შემდეგ ბიონსემ მეგან მარკლის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდაც გამოთქვა. „მადლობა, მეგან, გამბედაობისა და ლიდერობისთვის”, – დაწერა მომღერალმა და მათი პირველი შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა. „შენ ყველა გაგვაძლიერე.”
ოპრა უინფრისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში მეგანი მოჰყვა, თუ როგორ სთხოვა სასახლის ადმინისტრაციას დახმარება, როცა სუიციდური ფიქრები აწუხებდა. თუმცა, მისი თქმით, იგი უკან გააბრუნეს. წყვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახში მათი მომავალი შვილის შესაძლო მუქი კანის ფერის გამო წუხდნენ.