ხმის ჩამწერმა ლეიბლმა Stockton Records-მა ახალი პროექტი – Stockton Records Sessions (SRS) დაიწყო. ეს ცალკე მიმართულებაა, რომელიც პირველ რიგში Stockton Records-ის არტისტებს და მათი კომპოზიციების ცოცხალი შესრულების ვიდეო ჩანაწერის შექმნასა და გავრცელებას გულისხმობს.
„გარკვეული პერიოდია, (რაც) Stockton Records-ში თვეში ერთხელ ვატარებთ ივენთების სერიას სახელწოდებით – MokuMoku Invites, რომლის ფარგლებშიც ყოველ ჯერზე ვიწვევთ სხვადასხვა ადგილობრივ არტისტს. აქამდე ხუთი ასეთი ღონისძიება ჩატარდა,პროექტის მთავარი ხიბლი არის ის, რომ მსმენელს ვეპატიჟებით უშუალოდ იმ გარემოში, სადაც ის ყველაფერი იქმნება, რაზეც Stockton Records მუშაობს. ღონისძიებების სერიაზე Volvo Cars-თან პარტნიორობით ვმუშაობთ და ყველა ივენთის აუდიო და ვიდეო ჩაწერს ვაკეთებთ. სწორედ ამ ჩანაწერების არსებობამ გააჩინა იდეა, რომ დაგვეწყო ახალი პროექტი, ცალკე ვიდეო მიმართულება – Stockton Records Sessions. ჯერ-ჯერობით წელიწადში ოთხი ვიდეოს წარდგენა იგეგმება, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ უფრო ხშირ ფორმატზეც გადავიდეთ.“ – კოკა გოგოხია, Stockton Records-ის დამფუძნებელი.
Stockton Records Sessions-ის გამხსნელი ეპიზოდის პრემიერა 22 იანვარს შედგა. ვიდეო გადაღებულია ჯგუფ MokuMoku-ს ტრეკზე, სახელწოდებით I Wanna Know Now. კომპოზიცია შესულია ჯგუფის 2016 წლის ალბომში სახელწოდებით Black Heaven.
„სივრცე, სადაც იქმნება Stockton Records Sessions-ის ვიდეოები, MokuMoku-ს სამუშაო სივრცეა. ეს გარემო უკვე ჩვენი პროექტის ნაწილია. აქ შეიქმნა ძალიან ბევრი ახალი ტრეკი, რომელთა რელიზებიც უკვე თებერვლიდან დაიწყება. ამიტომაც Stockton Records Sessions-ის პირველივე სერიაში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი იყო.“ – ტატო რუსია, MokuMoku-ს წევრი.
რაც შეეხება MokuMoku Invites-ს, პროექტმა უკვე გააერთიანა ისეთი არტისტები და მუსიკალური პროექტები, როგორებიც არიან: Kordz/Beka Gochiashvili/Zagareli/Dro/Nasi, Circus Mircus, Creams, Skazz, YGL. მომდევნო ღონისძიება 28 იანვარს გაიმართება, სადაც მოწვეული არტისტი Quemmekh იქნება.