4 თებერვალს დედაენის ბარში თავბრუდამხვევი მუსიკალური ქარიშხალი დატრიალდა, სადაც აუდიტორიის წინაშე ბაჩო ჯიქიძე „ესთეტ ბიჭებთან“ ერთად წარსდგა. ბენდის შემადგენლობაში არიან: ლადო გიგაია – გიტარა, ავთო ირემაშვილი – გიტარა, დათა წერეთელი – კლავიში, ბექა ჩხარტიშვილი – ბასი და გიგი კობერიძე დრამი. ლაივ კონცერტზე მუსიკოსის მეგობრებმა – პიანისტმა თორნიკე ჯაფიაშვილმა და ბენდ „დაგდაგანის“ – სოლისტმა ცოტნე გორგოშიძემაც მიიღეს მონაწილეობა.
„ბიჭები ვინც ჩემთან ერთად უკრავენ დათა წერეთლის გამოკლებით ბენდ On The Road-ის წევრები არიან, რომლებიც სიმღერებს ინგლისურად მღერიან.
წინა ლაივი ოქტომბერში გვქონდა, კარგი ლაივი გამოვიდა, თუმცა უკმარისობის გრძნობა გვქონდა და გვინდოდა გაგვემეორებინა, ის სიმღერები, რომელიც წინა ლაივის დროს ვერ მოხერხდა რომ გვემღერა ახლა შევასრულეთ. ახალ სიმღერებს რაც შეეხება, ყველა ლაივზე ახალ სიმღერას ვუკრავთ, ყოველთვის ვცდილობთ მსმენელს რაღაც ახალი შევთავაზოთ.“ – ბაჩო ჯიქიძე
ბაჩო ჯიქიძის სიმღერის ტექსტებს სოციალური იუმორი და მელანქოლიური მოტივი გასდევს, სადაც ხშირია პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ რელიგიური სატირა.
„სიმღერების წერისას ინსპირაციის ნაწილი ლიტერატურიდან მოდის, რომანიდან, ლექსიდან. თუმცა სოციალურ თემატიკაზე სიმღერების წერისას ძირითადად ახალი ამბების მოსმენის შემდეგ მიჩნდება ხოლმე სიმღერის წერის ინსპირაცია. ისეთი გაურკვეველი ემოცია გეუფლება, არ იცი გაბრაზდე თუ გაიცინო. გაბრაზებული სიმღერების წერა არ მიყვარს და ვცდილობ იუმორით ვწერო. ვფიქრობ იუმორის გამოყენება ამ მიმართულებით უფრო ეფექტურია. დანარჩენი ინსპირაცია ურთიერთობებიდან, ადამიანების მოყოლილი ისტორიებიდან მოდის. მაგალითად სიმღერა „მე გადავწყვიტე გავმხდარიყავი რელიგიური“ – ეს ტექსტი მეგობართან საუბრის შემდეგ დავწერე.“ – ბაჩო ჯიქიძე
მუსიკოსი სამომავლოდ ლაივ სესიების და სტუდიური ჩანაწერების გამოშვებასაც აპირებს, რომელიც ლაივ კონცერტებიდან გამომდინარე შეიქმნება.
„ლაივ კონცერტების შემოსავალი გვინდა კლიპის გადაღებას მოვახმაროთ. დღევანდელი ლაივი იწერება და სიმღერებსაც ვწერთ სტუდიურად, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე გვინდა განვათავსოთ. ვაპირებთ სტუდიური ჩანაწერების გაკეთებას და ლაივ სესიების და სტუდიური სიმღერების გამოშვებაც იგეგმება, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებთ.” – ბაჩო ჯიქიძე
მოუსმინეთ ბაჩო ჯიქიძეს – სიმღერა „მე ვანგრევ კარს“