ცნობილმა ინგლისელმა კომპოზიტორმა, ენდრიუ ლოიდ უებერმა მეფე ჩარლზ III-ის კორონაციისათვის ჰიმნი დაწერა. უებერი ისეთი ცნობილი მიუზიკლების შემქმნელია, როგორებიც არის: Cats, The Phantom of the Opera და Evita. კორონაციის საზეიმო ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში, 6 მაისს გაიმართება. ჰიმნი საეკლესიო მუსიკის ადაპტაციაა და მასში 98-ე ფსალმუნის სიტყვები ჟღერდება. მუსიკალური ნაწარმოები სპეციალურად ორგანზე შესასრულებლად, სააბატოს გუნდისათვის დაიწერა. უებერის მუსიკალური ნამუშევარი ერთ-ერთია ათობით კომპოზიციისგან, რომელიც სპეციალურად ამ მოვლენისათვის შეიქმნა.
„იმედი მაქვს, ჩემი ჰიმნი ზუსტად ასახავს ამ საზეიმო შემთხვევას“ – აღნიშნა ვებერმა განცხადებაში.
მეფის კორონაციის ცერემონიის პროგრამა ახალ და ძველ მუსიკას მოიცავს. ის ეხმიანება ღონისძიების კონცეფციას, რომელიც ტრადიციული და მოდერნისტული ელემენტების შერწყმას გულისხმობს, რაც თავის მხრივ თანამედროვე ბრიტანეთის
გამოხატავს. თანამედროვე მუსიკა იმ არტისტებს ეკუთვნის, რომლებიც წარმომავლობით გაერთიანებული სამეფოდან არიან.
„გადაწყვეტილება, რომ ძველი და ახალი ერთმანეთთან შეგვერწყა, იმ საუკუნის კულტურულ არეალს გამოხატავს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.“ – თქვა უესტმინსტერის სააბატოს გუნდის ხელმძღვანელმა და ორგანისტმა, ენდრიუ ნეთსინგმა. – „კორონაციის ღონისძიებები 1066 წლიდან ტრადიციულად უესტმინსტერის სააბატოში იმართება. დიდი პატივია მისი უდიდებულესობასთან თანამშრომლობა, რომლის დარგლებში ამ დიდი ღონისძიებისათვის მუსიკოსები და შესაბამისი მუსიკალური გაფორმება შევარჩიეთ“ – აღნიშნა ნეთსინგმა.
მთლიანობაში, კორონაციისათვის ექვსი საორკესტრო, ხუთი საგუნდო და ერთი საორგანო კომპოზიცია შეიქმნა. კომპოზიციები კლასიკური, საეკლესიო, კინო, სატელევიზიო და თეატრალური მიუზიკლების მოტივებზე დაიწერა.