OPER! AWARDS კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ხელოვანებს ავლენს. 27 თებერვალს, „დორტმუნდის თეატრში“ OPER! AWARDS-ის 2023 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე „ციურიხის ოპერის“ მუსიკალურ დირექტორს, ჯანანდრეა ნოზედას წლის საუკეთესო დირიჟორის ჯილდო გადაეცა.
ჯანანდრეა ნოზედასთვის გადაცემული ეს პრესტიჟული ჯილდო ქართული სახელოვნებო სივრცისათვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა – მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უკვე არაერთი წელია წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს.
დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი:
„ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პრესტიჟული ჯილდოა და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი აღიარებული ხელოვანი „წინანდლის ფესტივალის“ მუსიკალური ხელმძღვანელია. ჩვენთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა, რომ ამგვარი რანგის დირიჟორი საქართველოში მოღვაწეობს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის წლევანდელ სეზონზე ჯანანდრეა ნოზედა ორ დიდ კონცერტს უხელმძღვანელებს. მისი პირველი კონცერტი წინანდალში 31 აგვისტოს გაიმართება. OPER! AWARDS-ის ეს ჯილდო და მისი აღიარება ყველა ჩვენგანის დიდი გამარჯვებაა. უნდა აღვნიშნო, რომ ნოზედას თანამშრომლობა „წინანდლის ფესტივალთან“ განპირობებულია ფესტივალის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის უშუალო ჩართულობით. ვულოცავთ ჯანანდრეა ნოზედას ამ გამარჯვებას – ვულოცავ იმ ფესტივალის გუნდის სახელით, რომლისთვისაც კლასიკური მუსიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია“
OPER! AWARDS-ზე გადაცემული ჯილდო ჯანანდრეა ნოზედას საერთაშორისო საოპერო სივრცის წამყვანი დირიჟორის სტატუსს განამტკიცებს. წლევანდელ დაჯილდოებაზე ნოზედას აღნიშნულ სექციაში წარდგენას წინ უძღოდა ოპერის, სახელწოდებით „ნიბელუნგის ბეჭედი“ (Ring des Nibelungen) ახალ წარმოდგენაში მონაწილეობა – სწორედ ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით მიმდინარეობდა საოპერო წარმოდგენის პირველი ორი ნაწილი.
როგორც OPER! AWARDS-ის ჟიურიმ აღნიშნა, ჯანანდრეა ნოზედა აუდიტორიას და კრიტიკოსებს თავისი სახელოვნებო შესაძლებლობებითა და ხედვით აღაფრთოვანებს. მისი დირიჟორობით შესრულებულმა ვაგნერის vaterländischer Belcanto-მ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა – „დიდი ხანია ცნობილია, რომ ნოზედა იტალიურ საოპერო რეპერტუარს სრულიად ფლობს. ის ასევე ცნობილია ფრანგული და რუსული ოპერების დირიჟორობის ნიჭით. ახლა „ციურიხის ოპერაში“ კი მან დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტად ვაგნერის ღირსეული მიმდევარია.“ – აღნიშნულია OPER! AWARDS-ის ჟიურის განცხადებაში.
OPER! AWARDS კლასიკური მუსიკის სფეროში მოღვაწე წამყვან ხელოვანებს 20 სხვადასხვა კატეგორიაში ყოველწლიურად ავლენს.
OPER! AWARDS -ზე მოპოვებული გამარჯვებით, ჯანანდრეა ნოზედას პერსონა კიდევ ერთხელ მოხვდა საერთაშორისო კლასიკური მუსიკის სამყაროს ყურადღების ცენტრში. ეს კი თავის მხრივ, „წინანდლის ფესტივალის“ კიდევ მეტად გაზრდილ საერთაშორისო ავტორიტეტს განაპირობებს. Billboard Georgia, როგორც ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაზე ფოკუსირებული მედია პლატფორმა, ულოცავს ჯანანდრეა ნოზედას და მასთან ერთად წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებს.