3 მარტს Factory Tbilisi-ში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის – CeeLo Green-ის კონცერტი გაიმართა. CeeLo Green-ის მუსიკალური მოღვაწეობა კრიტიკოსების რჩეულ არაერთ ჩანაწერს მოიცავს, თუმცა არტისტმა განსაკუთრებული მსოფლიო აღიარება ისეთი კომპოზიციებით მოიპოვა, როგორებიცაა Gnars Barkley-ში შესრულებული Crazy და მისი სოლო სინგლი Forget You.
ხუთგზის „გრემის“, Billboard Music Award-ის, Brit Award-ისა და კიდევ სხვა მრავალი დაჯილდოების გამარჯვებული CeeLo Green-ის მუსიკალური მოღვაწეობა 90-იანი წლებიდან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ არტისტის ადრეული ნამუშევრები ძირითადად ჰიპ-ჰოპ მუსიკასა და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურასთან იკვეთება, დღესდღეობით მისი მუსიკალური კატალოგი ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვანია. ჰიპ-ჰოპთან ერთად ის მოიცავს ისეთ ჟანრებს, როგორებიც არის R&B, სოული, ფანკი.
CeeLo Green-მა სხვადასხვა დროს თანამედროვე მუსიკალური სცენის არაერთ წამყვან არტისტთან ითანამშრომლა, მათ შორის არიან: Eminem, მაკ მილერი, Nas, Timberland, კელისი და სხვა უამრავი ცნობილი მუსიკოსი, თუ მუსიკალური კოლექტივი. აღსანიშნავია, რომ CeeLo Green-ისა და Eminem-ის დუეტი, ტრეკი სახელწოდებით The King and I ბაზ ლურმენის ბიოგრაფიული დრამის – Elvis-ის საუნდტრეკია.
CeeLo Green საქართველოს ახალი ქართული კომპანიის, Stagelove Affair-ის მოწვევით ესტუმრა. არტისტის Გამორჩეული ვოკალის, ხმის ტემბრისა და საშემსრულებლო ენერგეტიკის გათვალისწინებით, კონცერტი ქართველი მსმენელისათვის დასამახსოვრებელ მუსიკალურ გამოცდილებად იქცა.
კონცერტზე ასევე მონაწილეობდნენ ქართული თანამედროვე მუსიკალური სცენის წამყვანი და გამორჩეული არტისტები: DRO, ნინი ნუცუბიძე & Nikala. ნინი ნუცუბიძისა და Nikala-ს მუსიკალური პერფორმანსის ფარგლებში, მიწვეული არტისტების სტატუსით სცენაზე ანამარია ბურდული და გიორგი გიგაშვილი წარდგნენ.
კონცერტზე ასევე მოწვეული იყო ფრანგი DJ და პროდიუსერი, Chinau.
დაათვალიერეთ ფოტოები CeeLo Green-ის კონცერტიდან: