„ვეძებდი ქართულ ხალხურ სიმღერას, რომელსაც მღერის ერთი ადამიანი და არ არის პოლიფონიური.”
ალექსანდრე ხარანაული აუდიტორიის წინაშე სადებიუტო ნამუშევრით სულ ახლახან წარდგა, თუმცა მსმენელისგან განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება უკვე დაიმსახურა. „ახალი სიტყვა ქართულ მუსიკაში” – ასე მოიხსენიებენ მის პირველ კომპოზიციას, რომელიც ავტორმა სოციალურ ქსელში გააზიარა. „დილით ამომავალო მზეო” ქართული ხალხური სიმღერაა, რომელსაც ალექსანდრე ხარანაული საკუთარი ვერსიით ასრულებს.
„დაახლოებით 18-19 წლის ასაკში, როცა ბობ დილანსა და სხვა ასეთ მუსიკოსებს ვუსმენდი, გამიჩნდა სურვილი, მომეძებნა ისეთი ქართული ხალხური სიმღერა, რომელსაც ერთი ადამიანი მღერის და არ არის პოლიფონიური. მაშინ შევედი ერთ-ერთ ქართულ საიტზე, სადაც ხალხური სიმღერები იდო. ყველაფერს რომ მოვუსმინე, ორი ასეთი სიმღერა აღმოვაჩინე. ერთ-ერთია „დილით ამომავალო მზეო”, რომელსაც კუთხეების გრაფაში ეწერა ქართლი. გარკვეული ცვლილებები შევიტანე როგორც ტექსტში, ასევე მუსიკალურ ნაწილში და ჩემებური ვერსია გავაკეთე. მაშინ 18-19 წლის ვიყავი, ახლა 33-ის ვარ და ამდენი წლის შემდეგ ახლა ჩავწერე. ადრეც მქონდა მცდელობები, მაგრამ ეს ჩემი გადაკეთებული კომპოზიცია თან ისევ ქართულად რომ დარჩენილიყო, ამას მაშინ ვერ მივაღწიე. Ახლა უკვე მგონია, რომ შევძელი.”
„დილით ამომავალო მზეო” ერთ-ერთი კომპოზიცია იქნება მუსიკოსის ამავე სახელწოდების ალბომში, რომლის გამოშვებასაც ალექსანდრე ხარანაული უახლოეს მომავალში გეგმავს.
„დილით ამომავალო მზეო” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. თან პირველი იყო – ბიძგიც სწორედ მან მომცა და ამიტომ ალბომსაც ეს სახელი ერქმევა. ალბომში სულ 10 კომპოზიცია შევა. მათ შორის ხალხური იქნება სამი – „დილით ამომავალო მზეო”, ასევე ის მეორე სიმღერა, რომელიც მასთან ერთად საიტზე ვიპოვე – აჭარული „დურსუნ კვესი ოღლი” და მესამე სვანური „რიჰო”. გარდა ამისა, იქნება ჩემს ტექსტზე შექმნილი სამი კომპოზიციაც. ასევე ბესიკ ხარანაულისა და მარი აბრამიშვილის ლექსებზე დაწერილი სიმღერები. ყველა კომპოზიციის მუსიკა ჩემია და ყველა ინსტრუმენტზე, დრამის გარდა, თავად ვუკრავ. უკვე გამოქვეყნებული მაქვს ალბომში შემავალი სამი სიმღერა. Დანარჩენებსაც ნელ-ნელა დავდებ და ალბომიც უახლოეს მომავალში გამოვა.”