14 მარტს პერის ჰილტონის ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით Paris: The Memoir გამოიცა. მემუარებში ჰილტონი თავისი პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მცდარ წარმოდგენებზე საჯაროდ საუბრობს.
როგორც ჰილტონმა აღნიშნა, დემი ლოვატომ გულწრფელი დოკუმენტური ფილმით შთააგონა, რომ საჯაროდ გამოსულიყო და საკუთარი ისტორია მოეყოლა. „დოკუმენტურ ფილმში დემიმ თავისი მტკივნეული წარსული გაამხილა. პირადად მე ის ვნახე მაშინ, როცა საკუთარი თავის მიმღებლობის პროცესში იყო. მშურდა ამ მიმღებლობის, მსურდა ეს თავადაც შემძლებოდა.“ -აღნიშნა პერის ჰილტონმა დემი ლოვატოზე საუბრისას.
მემუარებში ჰილტონმა არაერთი საკითხი განიხილა. მათ შორის შემთხვევა, როცა P!nk-ის 2006 წლის მუსიკალურ ვიდეოში, სახელწოდებით – Stupid Girls საკუთარი თავის პაროდია იხილა. „P!nk ამბიციური გოგოებზე მღეროდა, თუმცა ეს თვისება ჩემში განზრახ არ დაინახა“ – თქვა პერისმა. მუსიკალურ ვიდეოში ნაჩვენები პაროდია, პერის ჰილტონის „სექს-ჩანაწერს“ უკავშირდებოდა.
„[ეს ჩანაწერი] მაშინ გაკეთდა, როცა სრულწლოვანი ჯერ კიდევ არ ვიყავი. ვიდეო გამოაქვეყნეს და მისგან სარგებელი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მიიღეს. როცა კადრები გავრცელდა, საჯარო აღშფოთება და ზიზღი ჩემ მიმართ წამოვიდა და არა მათ მიმართ, ვინც ვიდეო იყიდა და შემდეგ გაყიდა.“ – ამბობს ჰილტონი საკუთარ მემუარებში.
პერისმა ასევე განმარტა, თუ რა უძღოდა წინ ფოტოს, რომელზეც ის ბრიტნი სპირსთან და ლინდსი ლოჰანთან ერთად არის გადაღებული. როგორც ჰილტონი მემუარებში ჰყვება, მან და სპირსმა ერთ-ერთი წვეულება ჩუმად, აბაზანის ფანჯრიდან დატოვეს, რათა მასპინძელს არ სწყენოდა. ამ დროს იმავე წვეულებას ლინდსი ლოჰანიც ტოვებდა.
„ლინდსი მანქანაში ჩაჯდა, რაც ცოტა უცნაური იყო, რადგან Mercedes-Benz-ს ვმართავდი, რომელსაც მხოლოდ ორი ადგილი ჰქონდა“ – გაიხსენა პერის ჰილტონმა. მემუარების გამოცემას პერის ჰილტონი ინსტაგრამზე გამოეხმაურა. „დღეს ის დღეა, როცა ჩემი წიგნი – Paris: The Memoir უკვე ხელმისაწვდომია. წიგნის წერა ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ღირებული ნაბიჯი იყო, რაც კი ოდესმე გადამიდგამს. მოუთმენლად ველი, რომ ნამდვილი მე გამიცნოთ.“- აღნიშნა ჰილტონმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.