მალე მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე ფილმი, სახელწოდებით The Little Mermaid გამოვა. ახლახან ფილმის რეჟისორმა, რობ მარშალმა პროექტის შესახებ ისაუბრა და განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ შეასრულა ჰარი სტაილსმა პრინცი ერიკის როლი.
„ჩვენ მასთან შეხვედრა გვქონდა. ის ძალიან საყვარელია, არაჩვეულებრივი ადამიანია. თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ ამ პროექტში მონაწილეობა არ უნდოდა და ისეთ ფილმებში თამაში სურდა, რომლებშიც საბოლოოდ ვიხილეთ.“ – აღნიშნა რობ მარშალმა.
Როდესაც ჰარი სტაილსის როლებსა და ფილმებზე საუბრობდა, რობ მარშალმა Don’t Worry Darling და My Policeman იგულისხმა. ორივე მათგანის პრემიერა 2022 წელს შედგა. Don’t Worry Darling ოლივია უაილდის სარეჟისორო ნამუშევარია, რომელშიც სტაილსს პარტნიორობას ფლორენს პიუ უწევს. My Policeman კი ქვიარ დრამაა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ემა კორინი ასრულებს.
რობ მარშალმა ასევე აღნიშნა, რომ ჰარი სტაილსის მიერ მიუზიკლში მონაწილეობაზე უარის თქმა შესაძლოა მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილი ყოფილიყო. რეჟისორის თქმით, შესაძლოა ჰარის არ სურდა, რომ სამსახიობო კარიერის შექმნისას, მას კვლავ მომღერლის სტატუსით ხედავდნენ. „მას სურდა ისეთ კინოპროექტში ჩართულიყო, რომელიც მუსიკალური ჟანრისაგან თავისუფალია, რათა თავისი თავი სრულად გამოეხატა. მასთან თანამშრომლობა ნამდვილად კარგი იქნებოდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი გარკვეული მიზეზით ხდება. მიხარია, რომ ფილმში ასეთი ახალი სახეები მონაწილეობენ “- განმარტა რეჟისორმა.
ფილმში The Little Mermaid პრინცი ერიკის როლს ბრიტანელი მსახიობი ჯონა ჰაუერ-კინგი ასრულებს, არიელს კი ჰალი ბეილი განასახიერებს. ურსულას როლში მაყურებელი მელისა მაკარტის იხილავს. სებასტიანის როლს დევიდ დიგსი, ხოლო ფლაუნდერის როლს ჯეიკობ ტრემბლი ასრულებს.