ლას ველანდერი, წლების განმავლობაში ABBA-ს გიტარისტი, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ABBA-სა და მუსიკოსის ოფიციალურ გვერდებზე გავრცელდა, სადაც დაიწერა, რომ მუსიკოსი სიმსივნით გარდაიცვალა.
„ლასი ჩვენი ძვირფასი მეგობარი და სუპერ გიტარისტი იყო. უდიდესი იყო მისი წვლილი ხმის ჩამწერ სტუდიაში ისევე, როგორც მისი გიტარის როლი სცენაზე,” – დაწერეს ABBA-ს წევრებმა ინსტაგრამზე. „ვგლოვობთ მის ტრაგიკულ და ნაადრევ გარდაცვალებას და გვახსოვს კეთილი სიტყვები, იუმორის გრძნობა, მოღიმარი სახე და მუსიკალური ბრწყინვალება კაცისა, რომელმაც განუყოფელი როლი ითამაშა ABBA-ს ისტორიაში. ძალიან მოგვენატრება და არასდროს დაგვავიწყდება.”
მუსიკოსის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე კი ვკითხულობთ: „ენით აღუწერელი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენმა საყვარელმა ლასმა დაიძინა. ლასი ბოლო დროს შეუძლოდ იყო, რაც საბოლოოდ სიმსივნე აღმოჩნდა. ის მისი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა. შენ საოცარი და იშვიათად თავმდაბალი მუსიკოსი იყავი. მაგრამ, პირველ რიგში, შენ იყავი საოცარი მეუღლე, მამა, ძმა, ბიძა და ბაბუა. კეთილი, მზრუნველი და სიყვარულით სავსე… და კიდევ მეტი, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერთ. დაუჯერებელია, რომ ახლა შენ გარეშე უნდა ვიცხოვროთ.”
მიუხედავად იმისა, რომ ველანდერი ABBA-ს ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, Მას დაკრული აქვს ABBA-ს არაერთ ჩანაწერში, ლაივ კონცერტებსა და ტურნეებში 1975, 1977, 1979 და 1980 წლებში. ბოლოს ველანდერის გიტარის პარტია ჯგუფის 2021 წლის ალბომში Voyage გამოჩნდა, რომელიც „ბილბორდის 200 ალბომის” ჩარტის მეორე ადგილზე მოხვდა.
1970 – 1990 წლებში ველანდერი საავტორო მუსიკასაც ქმნიდა. 27-წლიანი პაუზის შემდეგ კი სოლო პროექტით 2017 წელს დაბრუნდა და რამდენიმე სინგლი და ერთი ალბომი გამოუშვა სახელწოდებით Lasse Wellander 2017/2018. მისი უკანასკნელი სინგლი O Come, All Ye Faithful 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა.