რიანა ტვიტერის ქალ მომხმარებლებს შორის გამომწერების რაოდენობით პირველ ადგილზეა. ამ მონაცემებით რიანამ კეტი პერიც ჩამოიტოვა, რომელიც ამ დრომდე ლიდერობდა.
სიახლე ოფიციალურად მას შემდეგ გავრცელდა, რაც სოციალური მედიის ანალიტიკურმა პლატფორმა SocialBlade-მა ანგარიში წარადგინა. როგორც ამ ანგარიშშია მითითებული, მასალის გამოქვეყნების მომენტში რიანას გამომწერების რაოდენობა 108,278,326 იყო, ხოლო კეტი პერის მიმდევრების რიცხვი – 108,261,949.
აღნიშნული მონაცემები მხოლოდ ტვიტერის ქალ მომხმარებლებს ეხება. რაც შეეხება სოციალური ქსელის ყველაზე პოპულარულ ანგარიშებს, მათ კაცები ფლობენ. მესამე ადგილზე ჯასტინ ბიბერია 113 მილიონი გამომწერით, მეორე ადგილზე ბარაკ ობამა 133 მილიონი მიმდევრით, ხოლო პირველ ადგილს თავად ტვიტერის მფლობელი ილონ მასკი იკავებს, რომლის ანგარიში 134 მილიონ მომხმარებელს აქვს გამოწერილი.
რაც შეეხება ტვიტერზე ყველაზე პოპულარული ქალების მეტად ვრცელ სიას, ის აერთიანებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი და ლედი გაგა.
ინსტაგრამის შემთხვევაში სურათი განსხვავებულია. ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული ადამიანი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა. მისი გამომწერების რიცხვი 562 მილიონია. მას მოჰყვება საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ვარსკვლავი ლიონელ მესი, რომლის ანგარიშიც 442 მილიონ მომხმარებელს აქვს გამოწერილი. რაც შეეხება ქალებს, სოციალური ქსელის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი სელენა გომესია. გომესი პირველი ქალია, რომელსაც ინსტაგრამზე 410 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.