ფრედი მერკურის ძვირადღირებული ნივთების საგამოფენო ტურნე მოეწყობა

გამოფენის შემდეგ მომღერლის კენსინგტონის სახლის ნივთები აუქციონზე გაიყიდება.
ფრედი მერკური უემბლის სტადიონზე 1986 წელს
©Denis O’Regan

ექსტრავაგანტური გემოვნების მქონე ფრედი მერკურის პირადი, სცენის მიღმა ცხოვრება ყოველთვის საიდუმლოებით მოცული იყო. თუმცა ამ წლის შემოდგომაზე  „სოთბი” მომღერლის კენსინგტონის მდიდრული სახლის ფარდებს მიღმა შეგვახედებს და მერკურის პირადი ნივთების გამოფენას მოაწყობს. 

Freddie Mercury: A World of His Own – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ფანებს საშუალებას მისცემს, ნახონ ვარსკვლავის სასცენო კოსტიუმების, ხელნაწერი ტექსტების, ხელოვნების ნიმუშებისა და  ძვირფასი პირადი ნივთების აქამდე უცნობი პირადი კოლექცია. საგამოფენო ტურნე ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში და ჰონგ-კონგში გაიმართება, რის შემდეგაც სრული კოლექცია ლონდონის „სოთბის გალერეას” გადაეცემა. სექტემბერში კი, ერთთვიანი გამოფენის შემდეგ, „სოთბი” ნივთებს აუქციონზე გაყიდის.

ნივთებს შორის იქნება ფრედი მერკურის გვირგვინიც – წმინდა ედვარდის გვირგვინის ასლი, რომელსაც მეფე ჩარლზ მესამეს დაადგამენ კორონაციაზე. აუქციონზე წარმოდგენილი იქნება მერკურის ხელნაწერი ტექსტებიც სიმღერებისთვის We Are the Champions და Killer Queen. ასევე გაიყიდება ხელოვნების ნიმუშებიც, მათ შორის ტისოს, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები. 

სამი დეკადის შემდეგ მისი მდიდრული სახლი კენსინგტონში თითქმის ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ის მერკურიმ დატოვა, როცა 1991 წელს 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. „მას შემდეგ, რაც 1980 წელს მერკურიმ შეიძინა სახლი, რომელიც თავდაპირველად ინგლისელი მხატვრისა და მისი მოქანდაკე მეუღლისთვის აშენდა, მან ერთ დროს დიდი და ინტიმური სახლი თეატრალურ სივრცედ გადააკეთა და მდიდრულად გააწყო ხელოვნების ნიმუშებით. ეს ის ადგილი იყო, სადაც მას შეეძლო გართობა და ხელოვნების შექმნა ისე, როგორც მხოლოდ მან იცოდა,” – წერია გამოფენისა და აუქციონის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

„სოთბის” ერთთვიანი გამოფენა 5 ათას კვადრატულ მეტრზე გამოფენილ 1500-ზე მეტ ნივთს მოიცავს. გამოფენის კურატორი მერკურის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი და მეგობარი გოგონა მარი ოსტინი იქნება.

„მრავალი წლის განმავლობაში მე მქონდა ბედნიერება და პრივილეგია, მეცხოვრა იმ საოცარი ნივთების გარემოცვაში, რომლებიც ფრედიმ შეაგროვა და ასე უყვარდა,” – ამბობს ოსტინი. „მაგრამ მოვიდა დრო, რომ რთული გადაწყვეტილება მივიღო და დავხურო ჩემი ცხოვრების ეს ძალიან განსაკუთრებული თავი. მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ისე გამეკეთებინა, როგორც ვფიქრობ, რომ ფრედის მოეწონებოდა. მას კი იმაზე მეტად არაფერი უყვარდა, ვიდრე აუქციონები.”

გამოფენა ლონდონში 4 აგვისტოს გაიხსნება და 5 სექტემბერს, მომღერლის 77-ე დაბადების დღეზე დაიხურება. გამოფენას კი ექვსი აუქციონი მოჰყვება. შემოსული თანხა ელტონ ჯონის შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდსა და Mercury Phoenix Trust-ს გადაეცემა.

ნახეთ სრული კატალოგი და გამოფენისა და აუქციონების თარიღები ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Inner City-ის კონცერტი თბილისში. ინტერვიუ ამერიკული ტექნო სცენის პიონერ არტისტ კევინ სანდერსონთან

შემდეგი სტატია

ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არი ოენიგის ტრიოს კონცერტი გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი