2 მაისს თბილისში კავკასიის მუსიკალური ფესტივალის – „ფენიქსის” ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რიგით მეთერთმეტე დაჯილდოებას „თბილისი ივენთ ჰოლმა” უმასპინძლა. ფესტივალი აერთიანებს კავკასიელ მუსიკოსებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. მისი დამფუძნებელი მუსიკოსი ლადო ბურდულია.
ლადო ბურდული:
„ეს არის 1995 წლის კავკასიის როკ-ფესტივალების გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვატარებდით. Მერე ისე მოხდა, რომ ეს ფესტივალები ძალიან დიდ დაფინანსებას მოითხოვდა და გაგრძელება აღარ გამოვიდა, რადგან უნდა გადავსულიყავით დიდ მასშტაბებზე, რის შედეგადაც ეს ყველაფერი კარგავდა თავის არტისტულ შინაარსს. შემდეგ კი გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება, რომლის მოტივაციაც არის ერთადერთი – შეიქმნას კავკასიური საერთო სცენა არტისტებისთვის, სადაც ხელოვანები გაერთიანდებიან და გაზრდიან თავიანთი გავლენის სფეროებს ირგვლივ. Საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი კომერციულ სახესაც შეიძენს, ვინაიდან გაიხსნება ასპარეზი მეზობელ ქვეყნებში, რადგან ჩვენი რეგიონი რომ აიღო, იმდენად პატარაა, რომ შოუ-ბიზნესის განვითარებას არ ჰყოფნის, განსაკუთრებით კი 3-მილიონიანი საქართველო. ასე რომ, ამ ურთიერთთანამშრომლობის გარეშე, რეგიონი ვერ განვითარდება.”
ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიაზე 6 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება. ნომინაციებში თავის წარდგენა კავკასიელ მუსიკოსებს თავადვე შეუძლიათ. მათ შორის გამარჯვებული კი ოთხი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) ჟიურისა და Youtube-ის ლაიქების მიხედვით გამოვლინდება. 2023 წლის გამარჯვებულები არიან:
წლის დებიუტი: ჯგუფი Alter Mind სიმღერით Move On (საქართველო)
წლის სიმღერა: Hymera სიმღერით Cold In Silence (საქართველო)
წლის ვიდეო: Reincarnation (სომხეთი)
„ფენიქსის” გმირი: DJ Somali (საქართველო)
მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი: მილან მამედოვი (აზერბაიჯანი)
წლის ბენდი/არტისტი: გოჩა აბაშია (საქართველო)
დაჯილდოების ცერემონიაზე დაუკრეს როგორც ქართულმა, ასევე უცხოურმა ბენდებმა. მათ შორის პირველად საქართველოში თურქეთიდან ლაზური წარმოშობის ბენდი Marsis ჩამოვიდა.
„თავდაპირველად ფესტივალის ქვეყნები იყვნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. თუმცა Რომ დავინახეთ, რომ კავკასიელი მუსიკოსები კიდევ სხვა ქვეყნებიდანაც იღებდნენ მონაწილეობას, მერე ვთქვით, რომ მოდი, ცოტა უფრო ღრმად წავიდეთ და არა ქვეყნებზე, არამედ კავკასიური წარმოშობის მუსიკოსებზე გავაკეთოთ აქცენტი. კავკასიურ წარმოშობის მუსიკოსებში კი უკვე მოიაზრებიან მესხები, ლაზები, ჰემშენები და ა.შ. დასაწყისში ცოტა რთული იყო ამ ყველაფერზე გასვლა და ამ ადამიანების მოძიება. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ნელ-ნელა, თუმცა ძალიან სტაბილურად ვითარდება ეს ყველაფერი და პატარა ნაპერწკლები ჩნდება. და, აი, წელს პირველად ხდება, რომ ღონისძიების ჰედლაინერი იქნება ჯგუფი Marsis, რომელიც ძალიან ცნობილი და წარმატებული ჯგუფია თურქეთში.”
„ფენიქსმა” გააკეთა ის, რომ, ჯერ ერთი, ცნობადობა გაზარდა იმ მუსიკოსებისა, რომლებსაც აქამდე არავინ იცნობდა, ან მხოლოდ თავიანთ რეგიონებში იცნობდნენ. მეორე, თანამშრომლობის პრეცედენტი დაუშვა ისეთ კონფლიქტურ რეგიონებში, როგორებიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი. ბევრჯერ მინდოდა აფხაზი და ოსი მუსიკოსების ჩამოყვანაც, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
მე ძირითადად ნამდვილ და შედეგიან რაღაცებზე ვმუშაობ. იმპორტზე არ ვმუშაობ, რომ მივიღო რაღაცები. ექსპორტი მინდა მოხდეს და არა მხოლოდ იმპორტი. Რა თქმა უნდა, ეგეც კარგია და აუცილებელიცაა, უცხოელი ცნობილი ვარსკვლავები რომ ჩამოდიან, მაგრამ ეს თუ ცალმხრივად დარჩა და შენ ვერ გაყიდე და მხოლოდ იყიდე, ესეც არ არის სწორი. ჩემი და ჩემი გუნდის იდეა კი თავიდანვე იყო ის, რომ კავკასიური მუსიკა გამხდარიყო მომხიბლავი, საინტერესო და კავკასიური მუსიკის გავლენის სფეროები გაზრდილიყო. ეს ყველაფერი მუსიკოსებისა და რეგიონის განვითარებისთვის კეთდება.”
ნახეთ ფოტოები დაჯილდოებიდან: