56 წლის შემდეგ, რაც დოლი პარტონმა მისი სადებიუტო ალბომი გამოსცა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტია. ახლა კი პარტონი თავის მრავალრიცხოვან ჯილდოებს კიდევ სამ ახალ გინესის რეკორდს მიამატებს. ახლახან პარტონი გახდა ყველაზე მეტი სტუდიური ალბომის მქონე ქალი მომღერალი (1967 წლიდან მას 65 ალბომი აქვს გამოცემული), ასევე ის გახდა ქალი მომღერალი, რომელიც ყველაზე მეტჯერ შევიდა ტოპ ქანთრის ალბომების ჩარტის ათეულში (48-ჯერ) და ასევე მომღერალი, რომელმაც ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი გაატარა ტოპ ქანთრის ალბომების პირველ ადგილზე (43 წლის განმავლობაში 156 დღე).
„დაუჯერებელია, რომ დოლი პარტონის შესანიშნავი კარიერის ხანგრძლივობასა და წარმატებას სამი ახალი გინესის რეკორდით აღვნიშნავთ. დოლი არ არის მხოლოდ ლეგენდა… ის ოფიციალურად გასაოცარია!” – აღნიშნა გინესის რეკორდების არბიტრმა.
პარტონმა თავის მხრივ განცხადება გაავრცელა: „ძალიან მოკრძალებული ვარ ყოველ ჯერზე, როცა გინესის რეკორდის ახალ ტიტულს ვიღებ. ამ პატივს ჩემს ფანებთან ერთად ვიზიარებ, რომელთა დამსახურებაცაა ჩემი ასეთი ხანგრძლივი კარიერა.”
ახალი რეკორდების გარდა, დოლი პარტონი ფლობს გინესის შემდეგ რეკორდებს:
- ყველაზე მეტი დეკადა აშშ-ის Hot Country Songs ჩარტის ტოპ ოცეულში (6)
- ყველაზე მეტი პირველ ადგილოსანი ჰიტი აშშ-ის Hot Country Songs ჩარტში ქალ არტისტებს შორის (25)
- ყველაზე მეტი დეკადა აშშ-ის Hot Country Songs ჩარტში ქალ არტისტებს შორის (7)
- ქალი არტისტის მიერ შესრულებული ყველაზე მეტი ჰიტი აშშ-ის Hot Country Songs ჩარტში (109)
- ყველაზე ხანგრძლივი დროით ყოფნა აშშ-ის Hot Country Songs ჩარტის პირველ ადგილზე (35 წლის განმავლობაში 26 დღე)
- EGOT-ზე ნომინირებული პირველი ქანთრი მომღერალი
- ყველაზე მეტი გრემის ნომინანტი ქანთრის ქალი შემსრულებელი (51)