15 ივლისს აუდიო ვიზუალური და ახალ მედია მიმართულებებზე ორიენტირებული პლატფორმა TKESHI ფესტივალის ფორმატით გაიხსნა. ფესტივალი ქალაქგარეთ, კოჯრის ფიჭვნარში იმართება და მისულ სტუმრებს კონცეპტუალურ გარემოსთან ერთად მუსიკალურ პროგრამას და საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობს. TKESHI როგორც პლატფორმა, აერთიანებს მუსიკალურ პერფორმანსებს, აწყობს არტისტებთან შეხვედრებს, ვორქშოპებს. როგორც პლატფორმის გუნდი აღნიშნავს, TKESHI აუდიტორიას განსხვავებულ მუსიკალურ გამოცდილებას შინაარსზე ორიენტირებული ცოცხალი პერფორმანსებით სთავაზობს.
TKESHI 15 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ტარდება. ლაინაფი ათეულობით ქართველ და საერთაშორისო არტისტს აერთიანებს. განსაკუთრებით საინტერესოა ჟანრობრივი მრავალფეროვნება, რომელიც არამხოლოდ ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებს, არამედ სხვა მუსიკალურ მიმართულებებზე ორიენტირებულ ხელოვანებსაც მოიცავს.
ალექსი სოსელია, პლატფორმა TKESHI-ის გუნდის წევრი:
„TKESHI აუდიო ვიზუალურ და ახალ მედია მიმართულებებზე ორიენტირებული პლატფორმაა, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება და ყალიბდება, როგორც რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე. აქ თავს იყრიან სხვადასხვა დარგის მულტიდისციპლინური არტისტები და განსხვავებული შინაარსის პროექტებს წარადგენენ – იქნება ეს მედია ინსტალაციები, თუ ცოცხალი პერფორმანსები.“
თანამედროვე სახელოვნებო სამყაროში დარგობრივ მიმართულებებს შორის არსებული საზღვრები მეტად პირობითი გახდა. ექსპერიმენტულმა ხელოვნებამ სხვადასხვა დისციპლინის ელემენტები ერთმანეთთან დააკავშირა, რამაც ხელოვნება მეტად ინოვაციურ ფენომენად აქცია. TKESHI ქართულ სახელოვნებო სივრცეში კი სწორედ იმ ფორმატის პლატფორმებს მიეკუთვნება, სადაც მსგავსი ხელოვნება აუდიტორიას ხვდება. ამ სინთეზით TKESHI პოზიციონირდება არტისტებს შორის თანამშრომლობის და ახალი კოლაბორაციული პროექტების შექმნის სივრცედ.
როგორც ალექსი სოსელია „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას ამბობს, TKESHI ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ადგილობრივ სახელოვნებო გარემოს, რათა ის უფრო მრავალფეროვანი გახდეს და ექსპერიმენტული შემოქმედებითი პროცესები მეტად განვითარდეს.
ამასთან ერთად, TKESHI საგანმანათლებლო კომპონენტის მატარებელიც არის. მაგალითად, აღსანიშნავია Touchdesign-ის ვორქშოპი, რომელსაც პლატფორმის სერტიფიცირებული ლექტორი Nima გაუძღვება.
ალექსი სოსელია, პლატფორმის TKESHI გუნდის წევრი:
„თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ამ სფეროს წინსვლა განათლების გარეშე წარმოუდგენელია. დღესდღეობით თბილისსა და საქართველოში ამ მიმართულებით ეფექტიანად მომუშავე პლატფორმები არ გვხდება, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს, მაგალითად „თანამედროვე ხელოვნების ცენტრს“ (CES). შესაბამისად მნიშვნელოვანია ღონისძიებების პარალელურად სოციალური, კულტურული, თუ შემოქმედებითი მიმართულებით შექმნილი საგანმანათლებლო კომპონენტი.”
რაც შეეხება მუსიკალურ პერფორმანსებს, ლაინაფი მოიცავს ელექტრონული, ექსპერიმენტული მუსიკის ისეთ პიონერ, თუ ახალ არტისტებს, როგორებიც არიან: ნატალია ბერიძე, Nikakoi, ანუშკა ჩხეიძე, VAZHMARR, გიო სუმბაძე, დიმა დადიანი, Quemmekh, SAPHILEAUM, რეზო კიკნაძე და სხვები.
დიმა დადიანი, არტისტი:
„TKESHI ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია. ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო ის არის, რომ ვიზუალს დიდი ყურადღება ეთმობა. მუსიკალურ სამყაროში ვიზუალი და აუდიო მასალა უკვე დიდი ხანია გაერთიანდა. ვფიქრობ, რომ ფესტივალებზეც ხელოვნების ეს ფორმები სინთეზურად უნდა იყოს წარმოდგენილი“.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც TKESHI- ის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, პლატფორმა მაქსიმალურად იქნება ჩართული მედია ხელოვნების განვითარებაში და ხელს შეუწყობს საინტერესო ინიციატივებისა და კოლაბორაციების ჩამოყალიბებას, როგორც ქართველ არტისტებს შორის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ამ სახელოვნებო პროცესების საბოლოო მიზანი კი ის არის, რომ თბილისი წარმოდგენილი იყოს როგორც კავკასიის კულტურული დედაქალაქი და კიდევ უფრო მყარად იყოს პოზიციონირებული გლობალურ თანამედროვე სახელოვნებო სცენაზე.
ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე.