ქართველი არტისტი ელექტრონული მუსიკის მსოფლიო სცენაზე – „Billboard საქართველოს“ ინტერვიუ Nitepunk-თან

2023 წელს Nitepunk-მა ალბომი სახელწოდებით HUMAN გამოსცა. ამავე წლის თებერვალში კი, მუსიკოსმა ტალანტების გლობალურ და მასშტაბურ სააგენტო United Talent Agency-სთან დაიწყო თანამშრომლობა.
Nitepunk


ლაშა მამულაშვილი ამერიკაში მოღვაწე ქართველი არტისტია, რომელსაც საერთაშორისო  მუსიკალურ სცენაზე Nitepunk-ის სახელით იცნობენ. შეიძლება ითქვას, რომ ის Dance Music სცენაზე ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. ახლახან Nitepunk ოთხ სხვა არტისტთან ერთად SoundCloud-ის რჩეული გახდა. იგი აუდიო პლატფორმის სააქსელერაციო პროგრამაში სახელწოდებით First on SoundCloud-ში მიიღებს მონაწილეობას. ამ პროექტთან დაკავშირებით არტისტის შესახებ გავლენიანი გამოცემა Variety წერს.

„Billboard საქართველომ“  Nitepunk-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც არტისტმა მუსიკალურ კარიერაზე  ისაუბრა.

ლაშა მამულაშვილმა მუსიკალური კარიერა საქართველოში 2010-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად მუსიკას Dubstep-ის ჟანრში ქმნიდა, თუმცა დღეს  ჟანრობრივი მიმართულების განსაზღვრა თავადაც უჭირს. როგორც ამბობს, ხშირად აღნიშნავენ, რომ Nitepunk დამოუკიდებელი ჟანრია. 

ქართველი მსმენელი ლაშას ათი წლის წინ უკვე კარგად იცნობდა. საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში მუსიკოსი ფილმის Step Up 2: The Streets-ის მსახიობმა და მოცეკვავემ რობერტ ჰოფმანმა აღმოაჩინა და მისი ტრეკი იყიდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოში სოციალური ქსელები ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული და შემოქმედების გლობალურ ბაზარზე აღმოჩენის ალბათობაც დაბალი იყო. სწორედ ამიტომ, ლაშა მამულაშვილის შემთხვევა ქართული მუსიკალური სივრცისათვის აღსანიშნავი პრეცედენტია. როგორც ლაშა „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არაერთი ხალხმრავალი ლაივი ახსოვს და მუდმივი მსმენელიც ჰყავდა, მისი მიზნები ყოველთვის ამერიკასთან იყო დაკავშირებული. 

Nitepunk:

„საქართველო პატარა ქვეყანაა და შესაძლებლობებიც ცოტაა. ადრეული ასაკიდან ჩემით ვსწავლობდი მუსიკას და დადგა დრო, როცა მინდოდა, რომ პროფესიონალურად გავზრდილიყავი. საქართველოში ამის საშუალება არ მქონდა. თავიდანვე ამერიკა იყო ის ქვეყანა, რომელიც იმ მომავლის შექმნის შესაძლებლობასთან ასოცირდებოდა, Რაც სულ მინდოდა.“

დღესდღეობით ლაშას ერთადერთი საქმიანობა მუსიკაა. როგორც თავად ამბობს, „სრულ განაკვეთზე მომუშავე მუსიკოსია“, თუმცა აქამდე მისასვლელად საკმაოდ რთული გზა გაიარა, რადგან დიდი კონკურენციის პირობებში საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე თავის დამკვიდრება ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. 

Nitepunk:

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს რაციონალურად ვუდგებოდი, როცა 2015 წელს შეერთებულ შტატებში ჩავედი, ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია. Ჩადიხარ დიდ ქვეყანაში, სადაც არავინ არ ხარ, დამოუკიდებლად უნდა იცხოვრო.  თავდაპირველადვე პურის ქარხანაშიც ვმუშაობდი და ისეთი საქმის კეთება მიწევდა, რომელსაც მუსიკასთან კავშირი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა ვიცოდი, რომ სოციუმთან უნდა ვადაპტირებულიყავი, ვგულისხმობ ამერიკულ საზოგადოებას. ვიცოდი, რომ იმ ხალხთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, ვისაც ახალი იდეები აინტერესებს და შემოქმედებით სფეროსთან აქვს კავშირი. მინდოდა, რომ ისეთ სივრცეში აღმოვჩენილიყავი, რომელიც განვითარების შესაძლებლობას მომცემდა, რადგან ის მუსიკა, რასაც მე ვქმნი მუდმივად ვითარდება. ეს პერიოდი ძალიან რთული იყო. შინაგანად მჯეროდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა, თუმცა არსებულ რეალობასაც ვხედავდი და რისკებიც ვიცოდი. ჩემს შემთხვევაში  ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ რაც არ უნდა დაღლილი მივსულიყავი სახლში, მუსიკას მაინც ვწერდი, ამ სფეროში რაღაცას ვაკეთებდი და ვფიქრობ, თავდაპირველად  სწორედ ეს პატარ-პატარა ნაბიჯები იყო ის, რამაც მიზნისკენ წამიყვანა.“

ამერიკაში ჩასვლიდან გარკვეული დროის შემდეგ ლაშამ ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაში ტექნიკური უზრუნველყოფის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. ეს ნიუ იორკში ყოფნისას მისთვის პირველი ისეთი სამუშაო სივრცე იყო, სადაც მუსიკალურ სფეროსთან საქმიანად მოუწია დაკავშირება. ამან საშუალება მისცა, მუსიკის შექმნაზე მეტად ფოკუსირებულიყო და ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები გაეცნო.

საერთაშორისო მუსიკალური კარიერის გზაზე პირველი დასამახსოვრებელი ნაბიჯი ბრუკლინის ერთ-ერთ ბარში გამართული ლაივი იყო, რამაც სამომავლოდ ბევრი რამ განსაზღვრა.

Nitepunk:

„საკმაოდ ცოტა ხალხი იყო, თუმცა მათ შორის აღმოჩნდა ალექს ინგლიში, ნიუ იორკის რეივ სცენის ერთ-ერთი მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც იმ დროისათვის ელექტრონული მუსიკის საღამოების თითქმის ყველა ლაინაფში იყო. ალექსს ჩემი მუსიკა მოეწონა. მან ერთ-ერთ ცნობილ ვენიუში დაკვრა შემომთავაზა და ახსენა, რომ იქ Downlink უკრავდა. ამ მომენტში გამიჭირდა დამეჯერებინა, რასაც ვისმენდი. Downlink ერთ-ერთი პირველი არტისტი იყო, რომელიც Dubstep-ის ჟანრში აღმოვაჩინე. ამ მომენტში გავიაზრე, რომ ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში მასთან ერთად უნდა დამეკრა. ალექს ინგლიშმა ასევე  მითხრა, რომ სურდა ჩემი მენეჯერი ყოფილიყო.“  

ამის შემდეგ Nitepunk ცნობილი არტისტების შოუებზე გამხსნელი პერფორმერის სტატუსით უკრავდა. ამ სივრცეებმა ელექტრონული მუსიკის სცენის  მნიშვნელოვან პროფესიონალებთან დაახლოების შესაძლებლობა მისცა. ამ დროიდან Nitepunk-ის  სახელი სხვადასხვა ლეიბლზეც გამოჩნდა. 

Nitepunk

Nitepunk:

„ამ პერიოდში გავიცანი ბრიტანელი არტისტი Emalkay. რეალურად ეს არტისტი Dubstep-ის ლეგენდაა, რომელსაც ბავშვობიდან ვუსმენდი. მან მითხრა, რომ უნდოდა არტისტებისათვის თავისი კლასიკური ტრეკების ახლებური ვერსიის, ე.წ. Rework-ის გაკეთება შეეთავაზებინა. მე გადავწყვიტე მისი ცნობილი ტრეკი Fabrication ამერჩია. მაშინ მითხრა, რომ მისი გაკეთება ბევრ არტისტს უნდოდა. როცა ტრეკი დავასრულე და გავუგზავნე, ძალიან მოეწონა და ეს ნამუშევარი Dubstep-ის დიდ და გავლენიან პლატფორმა UKF-ზე გამოვიდა. სწორედ ეს იყო ყველაფრის დასაწყისი: Nitepunk-ის სახელი პირველად გამოჩნდა UKF-ზე. აუდიტორია ნამუშევარს განიხილავდა, პროდიუსერები ტრეკს ყიდულობდნენ და ბევრმა არტისტმა ჩემი სახელი უკვე იცოდა. მეც უფრო ხშირად ვუშვებდი ტრეკებს. ეს ყველაფერი 2019 წელს მოხდა. ამ პერიოდში დამიკავშირდა მენეჯმენტ კომპანია Prodigy Artists. ეს პლატფორმა აერთიანებს მუსიკალურ პროდიუსერებს, რომლებიც ისეთი არტისტებისათვის ქმნიან ბიტებს, როგორიც მაგალითად ბიონსეა. ამ პლატფორმასთან თანამშრომლობა უკვე იმას ნიშნავდა, რომ  წინ ბევრი შესაძლებლობა მელოდებოდა.“

Prodigy Artists-ის მენეჯერებთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, 2020 წელს Nitepunk-მა ერთ-ერთი დიდი მუსიკალური ლეიბლისათვის EP სახელწოდებით Red Turbulence გამოუშვა. 

2023 წელს Nitepunk-მა ალბომი სახელწოდებით HUMAN გამოსცა. ამავე წლის თებერვალში კი, მუსიკოსმა ტალანტების გლობალურ და მასშტაბურ სააგენტო United Talent Agency-სთან დაიწყო თანამშრომლობა. UTA ის სააგენტოა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან ვარსკვლავებს აერთიანებს. Მათ შორის ვხვდებით ისეთ სახელებს, როგორებიც არიან: ბიორკი, Cardi B, Chance the Rapper, Grimes და სხვა ცნობილი არტისტები. წელს Nitepunk-ის მუსიკალურ კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ევროპული ტურნე იყო, რომლის ფარგლებში არტისტმა წამყვანი ვენიუების სივრცეებში მუსიკალური შოუები გამართა.   

ამჟამად ლაშა მამულაშვილი ლოს ანჯელესში ცხოვრობს და მისი ძირითადი საქმიანობა მუსიკაა. ბოლო წლების განმავლობაში Nitepunk-ის სახელი მრავალი მასშტაბური მუსიკალური შოუს თუ ფესტივალის ლაინაფში გამოჩნდა. Nitepunk ე.წ. Dance Music სცენის ახალ აღმოჩენად იქცა და ჟანრის მსმენელის დიდი აუდიტორიაც შეიძინა.

Nitepunk:

„ეს სფერო იმდენ რამეს მოითხოვს, რომ სულ რაღაცის შეწირვა გიწევს. მუდმივად საკუთარ თავზე უნდა მუშაობდე და კონცენტრირებული იყო მუსიკაზე. მუსიკა შემოქმედებითი სფეროა, თუმცა, ამავდროულად უდიდესი ბიზნეს ინდუსტრიაა, სადაც ძალიან ბევრი ფიქრი და ნაბიჯების გააზრებულად გადადგმაა საჭირო. ბევრი მიმართულების სწავლა გიწევს, ისეთ დეტალებში გარკვევა, როგორიც არის პიარი, მარკეტინგი და ასე შემდეგ. მაგრამ ამავდროულად შემოქმედებით პროცესში ყველაფრის დავიწყება და მუსიკით აღფრთოვანებაც უნდა შეგეძლოს.“  

მოუსმინეთ Nitepunk-ის ალბომს – HUMAN:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიზო კონცერტის დროს ფანს გამოეხმაურა, რომელსაც ხელში წარწერა ეჭირა: ტეილორ სვიფტს შენ გამჯობინე

შემდეგი სტატია

The Chemical Brothers სტუდიურ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი