„რაც უფრო მეტი განსხვავებული აზრი და დამოკიდებულებაა სიმღერასთან მით უკეთესია, ჩვენც ვსწავლობთ მსმენელს, შეიძლება ისეთი რაღაც დაგვანახონ ჩვენივე სიმღერებზე, რომელზეც არასდროს გვიფიქრია, რაც ნებისმიერი სიმღერისთვის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლია.“
თვითნასწავლი მუსიკოსების მიერ შექმნილი ჯგუფის Mechanical Rainbow-ს ისტორია 2018 წელს დაიწყო. თუმცა მაშინ სხვა სახელი ერქვათ და საავტორო სიმღერებსაც არ წერდნენ. ბენდში დადუს მისვლის შემდეგ მალევე დაიწყეს საავტორო მუსიკაზე მუშაობა და მსმენელის გულის მოგებაც.
ბენდი ხუთი წევრისგან შედგება, დადუ დონაძე – (ვოკალი, გიტარა), ცოტნე ბაღდავაძე – (ბასი), დავით შავდათუაშვილი – (გიტარა), ნინი ბენდიანიშვილი – (კლავიში, ვოკალი), და დიმა დიასამიძე – (დრამი), თუმცა ბენდის მამოძრავებელი ძალა დადუ და ცოტნე არიან, სხვა წევრები კი მათ ლაივ შესრულების დროს უერთდებიან.
სპეციფიკური ხმის ტემბრის მქონე ვოკალი და მელოდიურობა Mechanical Rainbow-ს მახასიათებლებია. ის არავის ჰგავს. ერთი სიტყვით, შემიძლია ვთქვა, რომ Mechanical Rainbow მექანიკურად მოწყობილ სამყაროში ცისარტყელას და ბედნიერების სხივებს უსასრულოდ აფრქვევს.
წაიკითხეთ „Billboard საქართველოს“ ინტერვიუ ჯგუფ Mechanical Rainbow-სთან:
ალბათ ყველა ჟურნალისტი ამ კითხვით იწყებს, რომ თქვენი ჯგუფის შესახებ ისტორია მოჰყვეთ. არც მე ვიქნებოდი გამონაკლისი, მაგრამ უკვე წავიკითხე თქვენი არაერთი ინტერვიუ, სადაც ამბობთ, რომ თინეიჯერობის ასაკში ცოტნე და დათო ერთდროულად დაშორდით შეყვარებულებს და გაბრაზებულებმა, თუ გულგატეხილებმა ბენდის შექმნა გადაწყვიტეთ.
დადუ: უცნაური ფაზები აქვს ჩვენ ბენდს, დაახლოებით 2017-18 წლის პერიოდი იყო, ცოტნე დიდი მუსიკის ენთუზიასტი იყო და გულანთებული იყო, რომ ბენდი შეექმნა. მე იმ პერიოდში მუსიკასთან არანაირი შეხება არ მქონდა. გიტარა მქონდა სახლში, ოღონდ ხუთი წელი კარადის თავზე მქონდა შემოდებული. მერე, ცოტნემ და ჩემმა გიტარისტმა დათომ ერთმანეთი ფეისბუქ ჯგუფის მეშვეობით გაიცნეს, სადაც ცოტნემ დაწერა, რომ გიტარისტს ეძებდა.
ცოტნე: ჩემი აზრით, რატომაც დავიწყე მუსიკა იმ მომენტში, შეყვარებულების გარდა იყო ის, რომ ჩემმა მეგობრებმა დაბადების დღეზე მაჩუქეს ბასი, რასაც მერე შეყვარებულების ერთდროულად დაშორების ამბავი მოჰყვა.
დადუ: ბენდში იყო კიდე ერთი წევრი, რომელიც მე მეკონტაქტებოდა და ბენდში გაწევრიანება შემომთავაზა, მაგრამ თავიდან უარი ვუთხარი, რაღაცნაირად, მერე ვიფიქრე, იქნებ შეიძლება რამის გაკეთება-თქო და პირველ რეპეტიციაზე მივედი. უკრავდნენ Metalica-ს ქავერებს, მაშინ ჯგუფს საერთოდ სხვა სახელი ერქვა და მუსიკალური იდენტობაც არ გაგვაჩნდა. უბრალოდ, ხალხი ვიყავით, რომელსაც დაკვრა მოსწონდა. ნელ-ნელა ეს ყველაფერი შეიცვალა, ჩემი მთავარი მოტივაცია ყოველთვის საავტორო მუსიკის კეთება იყო. რომ მოვედი, მაშინვე ვთქვი, რომ მოდი, ქავერების კეთებას შევეშვათ და საკუთარ მუსიკაზე დავიწყოთ მუშაობა – Ok We can do our own songs now. ყველასგან დადებით დამოკიდებულება წამოვიდა და დავიწყეთ ჩვენ მუსიკაზე მუშაობა.
Mechanical Rainbow – სახელის მნიშვნელობა
დადუ: ბენდს სახელი Mechanical Rainbow დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა. სიმღერებზე ვმუშაობდით, მაგრამ ბუნებრივად ეს სახელი არ მოდიოდა და ვფიქრობდით, რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა უნდა ჰქონოდა ბენდის სახელს, თუ არა. დიღომში ვცხოვრობდი მაგ პერიოდში. ერთხელ ვსეირნობდი, სადაც სულ მშენებლობები და კონსტრუქციებია. ერთ-ერთი ამწე ცისარტყელასავით იყო გადადებული ქუჩაზე და ასოციაცია გამიჩნდა Mechanical Rainbow-ს. ეგრევე საერთო ჩათში დავწერე ხალხო, Mechanical Rainbow-ს.
მუსიკა და გარემო – არტეფაქტები შრი-ლანკადან
დადუ: პანდემიის გამო საქართველოში და არამარტო საქართველოში ძალიან მძიმე პერიოდი იყო და მახსოვს ეს კონტრასტი რა ხდებოდა აქ და რა ხდებოდა როდესაც შრი-ლანკაზე ჩავედი. აქ გასვლის საშუალებაც არ იყო, კომენდანტის საათი, ნიღბებით სიარული, ყველა დასტრესილი იყო. მუსიკას ვქმნიდით, მაგრამ შებოჭილები ვიყავით, ლაივის საშუალება არ იყო, მსმენელთან კომუნიკაცია არ გვქონდა… ერთი სიტყვით, დაბნეული ფაზა იყო. ჩემი ოჯახი შრი-ლანკაზე ცხოვრობს, ჩემი და-ძმები და დედა იქ არიან. რომ ჩავედი იქ და რადიკალური განსხვავება დავინახე, ეს იყო სიმწვანე, ბუნება, ჯუნგლები, ყოველდღე ყვავილებს ვუყურებდი, ჩიტების ჭიკჭიკს, ჩვენს სახურავზე პირდაპირი გაგებით ფარშევანგი ცხოვრობდა. ამხელა კონტრასტი საქართველოს და ამ ქვეყანას შორის როცა დავინახე, რაღაცნაირად მივხვდი, რომ ეს იყო ზუსტად ის ადგილი, სადაც მუსიკალურად შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაგვედგა. უამრავ სიმღერაზე ვიმუშავეთ აქ და მერე უკვე თავისით მიიღო ის ფორმა, რაც ჩვენი შემდგომი ალბომის EP-ის და სინგლებით სახით გამოვა. მალევე ცოტნე დავარწმუნე, რომ უნდა ჩამოსულიყო შრი-ლანკაზე.
ბენდის წევრები
დადუ: რაც შეეხება ბენდის განვითარებას, ძირითადი წევრები ოთხი ადამიანი ვიყავით: მე, ცოტნე, ნინი და დათო. მაგრამ მუსიკა ძალიან რისკიანი საქმეა და ზოგს სწავლა განათლებაში ურჩევნია რესურსი ჩადოს. ამ შემთხვევაში დათო და ნინი დიდი ენთუზიასტები არიან მუსიკის, თუმცა მათი ნომერ პირველი საქმე მუსიკა არ არის. ცხადია, ძირძველი მეგობრობა გვაკავშირებს, რომლითაც დავიწყეთ ეს საქმე. მე და ცოტნე 100% მუსიკით ვცხოვრობთ. მუსიკა არის ის, რომლის კეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვინდა. ასეთი პირობა მივეცით ერთმანეთს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მუსიკისთვის. სადაც წავალთ ფესტივალებზე კი ერთად დაუკრავთ, რაც ძალიან მარტივად და კარგად გაგვიგეს. ეს მეგობრობა და ბენდის ძირძველი სახე შევინარჩუნეთ და ყველაფერში ვეწყობით ერთმანეთს.
მუსიკა და ასოციაციები
დადუ: არ მინდა მსმენელს ზუსტად ის ვაგრძნობინო, რასაც ჩვენ გადმოვცემთ. პირიქით, მინდა საერთოდ სხვაგან წავიდნენ და იოცნებონ. ისე იფიქრონ სიმღერაზე როგორც უნდათ. რაც უფრო მეტი განსხვავებული აზრი და დამოკიდებულებაა სიმღერასთან მით უკეთესია. ჩვენც ვსწავლობთ მსმენელს. შეიძლება ისეთი რაღაც დაგვანახონ ჩვენივე სიმღერებზე, რომელზეც არასდროს გვიფიქრია, რაც ნებისმიერი სიმღერისთვის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლია. ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ იმას რაც გვიხარია, გაუფილტრავად და მერე ხალხი ამას თავისებურად აღიქვამს და ეს ყველაზე მეტად მიხარია. კომუნიკაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ცოტნე: რაღაც მომენტში შეიძლება ჩვენი სევდა ვიღაცისთვის სიხარული გახდეს, შეიძლება სიმღერა სევდიანი იყოს, მაგრამ მსმენელს სიხარული და ბედნიერება მიანიჭოს.
მუსიკა რომელსაც უსმენთ
ცოტნე: სულ თავიდან Red Hot Chili Peppers აიქონია ჩემთვის, იმიტომ რომ ბასი რადგან ჩემი პირველი ინსტრუმენტია, ფლი მიყვარდა, მაგათი ბასისტი. ასევე, ჯეფ ბარკლი ძალიან მიყვარს, მერე უფრო ინდი პოპ სცენა: Dayglow, Beabadoobee, Steve Lacy, Helen Reddy.
დადუ: ჩემთვის მუსიკა სულ იყო ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ უცნაურად შემოვიდა გვიან, მთელი ბავშვობა კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი, შოსტაკოვიჩი შოპენი, ბეთჰოვენი, მოცარტი ამაზე ვიძინებდი და ასევე ემინემი. ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული Radiohead-ია მაინც. ახალი სიმღერების მოსმენაც ძალიან მიყვარს და სულ ვეძებ ახალ სიმღერებს. მერე უცნაურად პროგრესულ როკს ვუსმენდი, ავსტრალიური ფსიქოდელია, ინდი პოპიც მიყვარს ძალიან.
ქართული მუსიკალური ინდუსტრია და სირთულეები
დადუ: ჩვენი პრიორიტეტი საზღვარგარეთ გასვლაა, საქართველო ძალიან გვიყვარს, მაგრამ ობიექტური რეალობა არის ის, რომ ეს ქვეყანას პატარაა, სცენა არ არის და მსმენელის რეალური რაოდენობა ძალიან ცოტაა. იმიტომ კი არა, რომ ხალხს მუსიკა არ უყვარს, უბრალოდ რაოდენობრივად პროცენტულად 200,000 ადამიანია, ვინც ახალი მუსიკით ინტერესდება და თვალს ადევნებს სიახლეებს.
ცოტნე: ერთი მინდა დავამატო კიდევ, ბათუმში როცა ტარდება ივენთები, უხეშად რომ ვთქვა – მიყრილი, რომ არის კონცერტები ერთმანეთზე, უშუალოდ შეიძლება მსმენელს, ახალგაზრდას არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ერთ დღეს სიტყვაზე, ჩვენს კონცერტზე მივიდეს, მეორე დღეს, სხვა ბენდის კონცერტზე და მესამე დღეს კიდე სხვაზე. რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემაც დგას ამ შემთხვევაში. ასევე საკმაოდ ცოტაა დასაკვრელი ადგილი. დაუკრავ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რაჭაში და მორჩა.
დადუ: ვითარდება რა თქმა უნდა ქართული მუსიკალური სივრცე, ბოლო სამი-ოთხი წელია ძალიან კარგი ტენდენციაა ამ მხრივ. ახალი ჟანრები და მიმდინარეობები გაჩნდა და მსმენელიც მოტივირებულია და ახალგაზრდა ხალხიც ბევრად უფრო უსმენს საქართველოში გაკეთებულ მუსიკას, თუმცა რეალობა ის არის, რომ საზღვარგარეთაც აუცილებლად უნდა გახვიდე. აქ თითქოს წლიური ლუპივით არის, მოილევ ადგილებს, სადაც შესაძლებლობა გაქვს რომ დაუკრა და მერე ისევ ტრიალებ. ჩემი აზრით, ქართველი არტისტისთვის, რომელსაც მუსიკა სათანადოდ უყვარს და აფასებს უცხოეთში გასვლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს.
ვიზუალური და შინაარსობრივი კონტენტი
დადუ: ვინმე არტისტი თუ შემხვედრია საქართველოში დამწყები, თუ არა დამწყები, ყველას ამას ვეუბნები, რომ მიხედონ ამ ამბავს. აუცილებელია, რომ ქართველი არტისტები წარვდგეთ მსმენელის წინაშე. ის, რომ ჩვენი Personality გვქონდეს, სადაც მუსიკაც იქნება, მაგრამ ამავე დროს მუსიკასაც და კონტენტსაც დიდი მნიშვნელობა ექნება. ქართველებში ყველაზე დიდი პრობლემას რასაც ვხედავ არის ის, რომ კონტენტს ყურადღებას არ აქცევენ. ანუ, მაგალითად, TikTok პლატფორმა საერთოდ არ აინტერესებთ, ეს რჩევაც არ არის, მე გაბრაზებული ვარ. რაც უფრო მეტი ქართველი არტისტი შექმნის კონტენტს, ყველასთვის უკეთესია, ჩვენთვისაც, მათთვისაც და ზოგადად ბაზრისთვისაც, იმიტომ რომ ქართველი ესე ვთქვათ TikTok მომხმარებლის რაოდენობა საკმაოდ დიდია და როდესაც ჩვევაში გაუჯდებათ, რომ სისტემატურად ბენდები და ქართველი არტისტები აკეთებენ კარგ კონტენტს, რომ ადამიანებმა ნახონ და ახალი სიმღერები მოისმინონ, მსმენელის მობილიზებაც გაიზრდება. ჩვენ თუ შეგვიძლია ამის მობილიზება, ამით ჩვენ სხვა არტისტსაც ვეხმარებით, ბევრმა უნდა გააკეთოს ეს, აუცილებლად, რომ მოსმენის კულტურა გაჩნდეს, რასაც მასიურად ძალიან ბევრი არტისტი არ აკეთებს.
ცოტნე: ასევე პრობლემა არის ის რომ ფესტივალებმაც თითქოს არ იციან ამ პლატფორმებზე თავიანთი თავის ფრომოუშენი, ფეისბუქი და ინსტაგრამი უფრო პრიორიტეტია მათთვის, რაც არ მიმაჩნია სწორად, ბევრი ფესტივალის წარმომადგენელი არ უყურებს TikTok პლატფორმას სერიოზულად. ფეისბუქი ნამდვილად არ არის ის პლატფორმა საიდანაც შეიძლება ახალი მუსიკა მიიღო. მაგალითად სიმღერა SEVDA’NAREVI ზუსტად TikTok-ზე გახდა ცნობილი სიმღერა.
მუსიკის შექმნის პროცესი
დადუ: ბევრნაირი ტიპის მუსიკალური წერის პროცესი გვაქვს, დაგვიწერია ხუთ წუთში, მაგალითად… ბოლო სიმღერა რაც დავდეთ, You woke up in the flower fields with us – 5 წუთში დაიწერა. ამაზე მგონი ვიდეოც კი გავაკეთეთ TikTok-ზე. ვოისებს გადავხედე, სპეციალურად… იმიტომ, რომ ათასობით ვოისი მაქვს ჩაწერილი ტელეფონში. ყოველ დღე რაღაცას ვიწერ, როცა იდეა მაქვს. ერთი წლის განმავლობაში ეს მელოდია სულ მესმოდა სხვადასხვა აკორდებზე, უბრალოდ, არ მქონდა ნანახი ის პროგრესია, რომელზეც ეს შეგრძნება წამოვიდოდა. ერთხელ მე და ცოტნე ვლაპარაკობდით, სანამ შრი-ლანკაზე ჩამოვიდოდა, ვიდეო ქოლი გვქონდა და ასეთი პრესეტი იყო კლავიშის და ეს ხმა მაჩვენა ცოტნემ და ეს ხმა იმ ჩემ მელოდიასთან დავაკავშირე და იმ წამსვე ავიღე გიტარა. ეს ორი აკორდი დავუკარი, დაჯდა ძალიან კარგად. ცოტნეს გავუთიშე ქოლი და ზუსტად ხუთ წუთში სიმღერის მთელი არანჟირება ეგრევე, თავისით ჩამოიწერა, თავისი ვოკალ-ლაინებით, ტექსტით და არანჟირებით. არის სიმღერები რომელიც შეიძლება ერთი თვის განმავლობაში იწერებოდეს. ზედმეტად ბევრი ვარიანტებიდან ვარჩევთ ხოლმე საუკეთესოს. არის პირდაპირი გაგებით, პირით როცა დამიწერია. იდეა თუ არის იმ წამს, აიღე ტელეფონი, ჩაწერე ეგრევე და ვოისების კორიანტელი მაქვს გაუფილტრავად ტელეფონში, რომელიც მერე თავისით ლაგდება ხოლმე.
ცოტნე: შრი-ლანკაზე დადუ დარბოდა ბევრ კილომეტრს 16-17 კილომეტრს დღეში და სირბილის პროცესში წერდა. პარალელურად ეს რომ მოდიოდა, მე სახლში ვიყავი, არანჟირებას ვაკეთებდი. იმღერებდა და ესე ვქმნიდით სიმღერებს. საკმაოდ ბევრი რამ არ გვიდევს, ლაივებში ვუკრავთ ხოლმე. ნელ-ნელა ვდებთ და ახლა ალბომის პირველ სიმღერას გამოვაქვეყნებთ ძალიან მალე. ჯერ ალბომი არ გვაქვს, მაგრამ ორი ალბომის მასალა უკვე მზად გვაქვს.
სიმღერის ტექსტი
დადუ: ზოგადად, ორი ტიპის მსმენელი არსებობს: ერთი არის ის, რომ ტექსტზე არიან ორიენტირებულები და რაღაცნაირად მეორეხარისხოვანია მუსიკა, არის მსმენელი, რომელიც მელოდიური მხარით უფრო კაიფობს. მე უფრო ეს მსმენელი ვარ, იმიტომ, რომ ბავშვობაში, სიტყვაზე, ინგლისურად ნამღერი მაინც არავის ესმოდა, ინგლისური რახან არ ვიცოდი, კარგად რას ამბობდნენ არ ვიცოდი. ესეთ ბექგრაუნდზე როცა გავიზარდე, ყოველთვის მელოდიურობას უფრო ვანიჭებდი უპირატესობას. იქ რას ლაპარაკობდნენ მე ეს არ მესმოდა. რა თქმა უნდა, ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამის დაფასება უფრო მოგვიანებით დავიწყე, მაგრამ მუსიკალური წერის პროცესში ხდება ასე, რადგან იდეებს გაუფილტრავად ვიწერთ ხოლმე, ხშირად ვოკალი სრულიად მნიშვნელობა დაკარგული ტექსტებით ჩამიწერია, ვითომ ინგლისურით ვმღერი და მერე რომ ვისმენ, ფრონანსი რაღაც სიტყვებს მაგონებს და ეს უკვე მაძლევს ინსპირაციას, რომ იმ ნამღერზე დავწერო ტექსტი. მაგალითად I wake up in Flower fields დღემდე ზუსტად ის ვოკალია, რაც ხუთ წუთში ჩავწერე. რაღაც მომენტში უბრალოდ ქვეცნობიერი რაღაცას გეუბნება, ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ქვეცნობიერიდან ამოგაქვს და მერე, უკვე ცნობიერით მართავ და ეს უკვე ძალიან კარგი პროცესია.
ცოტნე: SEVDA’NAREVI-ის ტექსტს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვწერდით. ყველა აკავშირებს ამ სიმღერას უფრო სიყვარულთან, რეალურად, ჩვენ კრიზისი (და) გარიყულობის შეგრძნება უფრო გვქონდა. ალუდა ქეთელაურები ვიყავით იმ მომენტში. SEVDA’NAREVI ესე დაიწერა. იმ მომენტში სხვანაირად ვგრძნობდით თავს. TikTok-ზე ხომ შესაძლებელია შენი საუნდი გამოიყენონ და შეგიძლია ამ საუნდზე გადაღებული სხვების ვიდეოები ნახო. როცა ამ ვიდეოებს ვნახულობთ, ვხედავთ, ვის რა ინტერპრეტაცია აქვს ამ ვიდეოში. ძალიან ბევრი, ბევრი ვარიაციაა და ეს სახალისო და კარგია.
ალბომის ან EP-ის გამოცემას ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში?
დადუ: ჩვენ კლიპებს ზოგადად ყოველთვის ვგეგმავთ და ჩვენით ვიღებთ. ერთი კარგი სიმღერა გვაქვს, რომელიც ალბომისთვის გვინდა, მაგრამ მანამდეც გამოვაქვეყნებთ. სახელიც ჯერჯერობით Hope-ს ვფიქრობთ, მაგრამ არ ვიცით, ამას დავტოვებთ თუ არა. ძალიან ლაღი მიდგომა მაქვს, არ მინდა ჩარჩოებში ჩავსვა, პირდაპირი გაგებით სელფ ვიდეოს გადავიღებთ და ყველაზე მარტივად იმ ემოციებს გადმოვცემთ რაც მოვა.
ცოტნე: საქართველოში მგონია, რომ შენი მუსიკა თუ მართლა კარგია, არ სჭირდება დიდი ფროდაქშენი და თუ კარგია, ყველა მიიღებს. ჩვენ კონტენს რასაც ვქმნით, თუ სისტემატურად, კონსისტენტურად აწვდი მსმენელს ისედაც მიიღებს მსმენელი ამას.
დადუ: ჯერჯერობით გვინდა მარტივად, სელფი კამერით გადავიღოთ ვიდეოკლიპი. თვითონ სიმღერაც ძალიან მარტივია და ვიდეოც ესეთ მოუხდება. ამის ყველაზე კარგი მაგალითია Thundercat – Dragonball Durag, (რომელიც) ძველი ნოკიათია პრაქტიკულად გადაღებული, მაგრამ იმდენად კარგი არის სიმღერა და ეს გადაღებაც ამ ესთეტიკაში ჯდება. არ მიყვარს არტისტები ძალიან შებოჭილები როცა არიან და თავს ისტრესავენ ამით. რაც გვაქვს იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ, იმიტომ, რომ ჩვენც რაღაც ტალღის ნაწილი ვართ საბოლოო ჯამში. ჩვენი რეალობა არის ის, რომ თუკი რაღაცის გაკეთება ისე არ შეგვიძლია ჩვენ გავაკეთებთ ასე. სწორედ ეს არის ჩვენებური ვარიანტი და ამით ვიამაყებ კიდეც სულ. ის მომენტი გვაქვს, რომ დღეში ერთი რაღაც, მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ დღე ნაყოფიერად ჩაითვალოს.
ცოტნე: გვინდა რომ, თუ ალბომი იქნება, ფროდაქშენსაც მივაქციოთ ყურადღება. ალბომები ხასიათის მიხედვით იცვლება. ფერებს გეტყვით, მე უფრო ესე აღვიქვამ. ერთი არის სტაფილოსფერი, მეორე იასამნისფერი. სტაფილოსფერი არის უფრო ახალი ალბომი და მეორე არის იასამნისფერი. იასამნისფერ ალბომში უფრო მისტიკური ჟღერადობაა, უფრო სინთ დრიმ-პოპ ვაიბია. სტაფილოსფერი უფრო ლაღია. როცა რაღაც სიმღერას ვწერთ, თვალებს ვხუჭავთ, რომ შეგრძნების მიხედვით ფერი მივანიჭოთ.