ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიონალი, A&M Records-ის თანადამფუძნებელი ჯერი მოსი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, მოსი სიცოცხლის ბოლო წუთებში საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
ჯერი მოსმა A&M Records მუსიკოს ჰერბ ალპერტთან ერთად დააარსა. მათი თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. ხმისჩამწერმა კომპანიამ არაერთი ჰიტი გამოუშვა და უამრავ ცნობილ შემსრულებელთან ითანამშრომლა. ჯერი მოსი და ალპერტი 2006 წელს „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც“ შეიყვანეს.
25 წელზე მეტხანს ალპერტი და მოსი ინდუსტრიის ყველაზე წარმატებულ დამოუკიდებელ ლეიბლს უძღვებოდნენ. A&M Records-ის არქივს ეკუთვნის ისეთი წარმატებული ალბომები, როგორებიც არის ჰერბ ალპერტის Whipped Cream & Other Delights, კეროლ კინგის Tapestry და პიტერ ფრემპტონის Frampton Comes Alive!
ჯერი მოსი ნიუ იორკში დაიბადა. სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, მან Coed Records-ში პრომოუტერად დაიწყო მუშაობა და საბოლოოდ ლოს ანჯელესში გადავიდა. სწორედ აქ შეხვდა ჰერბ ალპერტს – ინსტრუმენტალისტს, სიმღერების ავტორს და ანტრეპრენერს. Მოსმა და ალპერტმა საერთო ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს. თითოეულმა მათგანმა 100 დოლარის ინვესტიცია ჩადო.
80-იანი წლების ბოლოს, ალპერტი და მოსის კომპანია საკმაოდ დიდი რეპუტაციით და პოპულარობით სარგებლობდა. ამ პერიოდში მათ A&M კომპანია Polygram-ს 500 მილიონ დოლარად მიჰყიდეს.
„ჩვენ გვინდოდა ადამიანები ბედნიერები ყოფილიყვნენ“ – ამბობს ჯერი მოსი The New York Times-თან 2010 წელს ჩაწერილ ინტერვიუში. „ ვერავის აიძულებ კონკრეტული მუსიკა შექმნას. ადამიანები საუკეთესო ნამუშევარს ქმნიან მაშინ, როცა იმას აკეთებენ, რაც თავად სურთ და არა იმას, რაც ჩვენ გვინდა, რომ გააკეთონ.“