31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, წინანდლის ისტორიულ მამულში „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ გაიმართება. წელს ფესტივალი მეხუთე საიუბილეო წელს აღნიშნავს და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ვარსკვლავური შემადგენლობის მუსიკალურ საღამოებზე ეპატიჟება. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანია. ერთ-ერთი გამორჩეული საფესტივალო დღე კი 2 სექტემბერია, როცა აუდიტორია ხუთ კონცერტზე დასწრებას შეძლებს. 2 სექტემბერს, რახმანინოვის შემოქმედებისადმი მიძღვნილ წელთან დაკავშირებით, „წინანდლის ფესტივალი“ მსმენელს სპეციალურ მუსიკალურ მარათონს წარუდგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საფესტივალო დღე ლექსო თორაძის ხსოვნას ეძღვნება.
2 სექტემბერს, მსმენელის წინაშე არაერთი აღიარებული ქართველი და საერთაშორისო მუსიკოსი წარდგება, მათ შორის არის პიანისტი ალექსანდრე მალოფეევი. ახალგაზრდა პიანისტმა საერთაშორისო აღიარება 2014 წელს მოიპოვა, როდესაც 13 წლის ასაკში ჩაიკოვსკის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. მისმა კონცერტებმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. Der Standard-მა პიანისტის დებიუტი ვენის მუზიკფერაინში „მსოფლიო საფორტეპიანო რევოლუციად“ გამოაცხადა. 2023/24 წლების სეზონზე იგი სოლო კონცერტებისა და ტურნეების ფარგლებში მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მსოფლიოს ისეთ სახელოვნებო სივრცეებში წარდგება, როგორიც არის მიუნხენის იზარფილარმონია, ჰამბურგის ელბფილარმონია, ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლი და სხვა. მალოფეევი არაერთი გავლენიანი მუსიკალური ფესტივალისა და საკონცერტო სერიების სტუმარია, მათ შორის არის მსოფლიო მასშტაბით აღიარებული „ვერბიეს ფესტივალი“.
ასევე, 2 სექტემბრის პროგრამაშია კონცერტი, სადაც მარკ ბუშკოვი (ვიოლინო) და ზლატომირ ფანგი (ჩელო) რახმანინოვის ნაწარმოებებს შეასრულებენ. მევიოლინე მარკ ბუშკოვის საერთაშორისო კარიერა ევროპის წამყვან ორკესტრებსა და დირიჟორებთან თანამშრომლობას უკავშირდება. მარკ ბუშკოვი კონცერტებით სტუმრობს მსოფლიოს მრავალ პრესტიჟულ დარბაზს, რომელთა შორისაა: ვიგმორ-ჰოლი, კარნეგი-ჰოლი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, ლა-სკალას თეატრი, ჰამბურგის ელბფილარმონია, დრეზდენის ფრაუენქირხე, რადიო ფრანსის დარბაზი, ბერლინის კონცერტჰაუსი და სხვა. აღსანიშნავია, რომ იგი „ვერბიეს ფესტივალის“ რეგულარული სტუმარია.
ზლატომირ ფანგმა ჩელოს დაკვრა სამი წლის ასაკში დაიწყო. ფანგი ოთხი ათწლეულის განმავლობაში პირველი ამერიკელი და ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელმაც „ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე“ ჩელოს კატეგორიაში პირველი პრემია მოიპოვა. მისი შესრულება ვირტუოზობითა და შთამბეჭდავი ემოციურობით ხასიათდება. 23 წლის ასაკში, ფანგმა შეძლო და მსოფლიო დონის მუსიკოსთა ახალი თაობის ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა. მასთან თანამშრომლობენ BBC-ის და როჩესტერის ფილარმონიული, მილვოკის, რიდინგის და სხვა ცნობილი ორკესტრები.
2 სექტემბრის კიდევ ერთი კონცერტი ირინა შერაზადიშვილს, ნინო ჟვანიას, ალექსანდრე მალოფეევს და ბორის გილტბურგს აერთიანებს. Მეცო-სოპრანო ირინა შერაზადიშვილი „მარმანდის 33-ე საერთაშორისო ვოკალური კონკურსის“ გრან პრის მფლობელია. იგი ასევე არის თბილისის საერთაშორისო ვოკალური კონკურსის The Opera Crown ფინალისტი. 2022 წელს ირინამ მოიპოვა მონსერატ კაბალიეს XVII საერთაშორისო ვოკალური კონკურსის ფინალისტის წოდება.2016 წლიდან ირინა შერაზადიშვილი თბილისის ოპერისა დაბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია. 2023 წლის თებერვალში ხელოვანი სოლო კონცერტის ჩასატარებლად ბორდოს ოპერამ მიიწვია.
პიანისტი ნინო ჟვანია საერთაშორისო ფოკუსში არაერთხელ მოხვდა. Boston Globe-მა მისი შესრულების მანერა ასე დაახასიათა: „ზუსტი ბგერის, ქორეოგრაფიული ნიჭისა და ინტენსიური კონცენტრაციის იდეალური კომბინაცია.“ სოლისტის, კონცერტმაისტერისა და კამერული ანსამბლის მუსიკოსის ამპლუაში ნინო ჟვანია არაერთ ავტორიტეტულ ფესტივალსა თუ კურსებზე იყო მიწვეული. 2010 და 2013 წლებში ნინო იყო ბოსტონის ნიუ-ინგლენდის კონსერვატორიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და მეცნიერ-თანამშრომელი. მას ასევე, ჩატარებული აქვს ლექციები ჰარვარდისა და ტაფტსის უნივერსიტეტებში.
პიანისტი ბორის გილტბურგი მთელ მსოფლიოში აღიარებულია როგორც ემოციური, ღრმა და ინტელექტუალური შემსრულებელი. მასზე დაწერილი სტატიები არაერთ გავლენიან საერთაშორისო მედია პლატფორმაზე შეგხვდებათ, სადაც კლასიკური მუსიკის კრიტიკოსები ხელოვანის გამორჩეულ შემოქმედებით ნიჭსა და შესრულების მანერას აღნიშნავენ. ბორის გილტბურგი მსმენელის წინაშე არაერთი გავლენიანი სახელოვნებო სივრცის სცენაზე წარდგა და მუსიკალური კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა. ბორის გილტბურგი სცდება მხოლოდ საშემსრულებლო ხელოვნებას და ხშირად კლასიკური მუსიკის შესახებ შემეცნებითი სტატიებისა და ბლოგების ავტორადაც გვევლინება. იგი ისეთი გამცემებისათვის წერს, როგორებიც არის Gramophone, BBC Music Magazine, Guardian, Times და Fono Forum. 2020 წლის გაზაფხულს, პანდემიის დროს, კარანტინის პირობებში, გილტბურგი შინ რეგულარულად ატარებდა ონლაინ-კონცერტებსა და მასტერკლასებს, რომელიც ერთ მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.
2 სექტემბერს წინანდლის ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარდგება გიორგი გიგაშვილი, რომელმაც თავისი შემოქმედებით საერთაშორისო ყურადღება არაერთხელ მიიპყრო. გიორგი გიგაშვილის კარიერის გარდამტეხი მომენტი 2019 წლის აპრილში დადგა, როდესაც „ვიგოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე“ პირველი პრემია მოიპოვა. ჟიურის მარტა არგერიხი თავმჯდომარეობდა, მასთან ერთად კი იჯდა კიდევ ერთი დიდი პიანისტი, ნელსონ ფრეირი. რამდენიმე თვის შემდეგ ბუზონის 62-ე საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე გიორგიმ მესამე პრემია და მსმენელთა პრიზი მოიპოვა. ბოლო წლების განმავლობაში გიორგი გიგაშვილმა არაერთი საერთაშორისო კონკურსის მნიშვნელოვანი პრემია მიიღო. 2023 წლის მარტში პიანისტმა არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მან მოიპოვა II პრემია, უმცროსი ჟიურის პრიზი, სპეციალური პრიზი კამერული მუსიკის საუკეთესო შესრულებისათვის და მსმენელთა 5 სპეციალური პრიზი. ასევე 2023 წელს გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილე გახდა.
როგორც უკვე აღინიშნა, 2 სექტემბერი რახმანინოვის შემოქმედებას ეთმობა, შესაბამისად ყველა კონცერტზე კომპოზიტორის ნაწარმოებები შესრულდება.
წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამას გაეცანით ბმულზე.