14 სექტემბერს, ცნობილი უკრაინული ჯგუფის Dakhabrakha-ს კონცერტი MONO HALL-ში გაიმართა, რომელიც Straus Entertainment-მა წარმოგვიდგინა.
ბენდი 2022 წელსაც სტუმრობდა თბილისს, წელს კი საშემოდგომო ევრო ტურნეს ფარგლებში იმავე სივრცეში პირველი კონცერტი გამართა.
DakhaBrakha-ს ჯგუფის წევრები არიან: მარკო გალანევიჩი, ოლენა ციბულსკა, ირინა კოვალენკო და ნინა გარენეცკა.
„Billboard საქართველო“ Dakhabrakha-ს სოლისტს მარკო გალანევიჩს შეხვდა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც კონცერტამდე ერთი დღით ადრე ჩავწერეთ.
მარკო გალანევიჩი
ბენდის სახელწოდება და მისი შექმნის ისტორია
„Dakhabrakha 2014 წელს, კერძო თეატრში (Dakh) კიევში შეიქმნა. მისი სახელი გაცემას და მიღებას ნიშნავს. შესაბამისად, ეს იმ ენერგიის ცირკულაციაა, რომელიც ყველაფრის გაცემას და ყველაფრის მიღებას მოიაზრებს. Dakhabrakha თავდაპირველად თეატრალური პერფორმანსების მიზნით უკრაინელი რეჟისორის ვლად ტროიცკის ხელმძღვანელობით შეიქმნა.“
ტრადიციული უკრაინული მუსიკა და ახალი ჟღერადობა
„მთელი ჩვენი კონცეფცია დაფუძნებულია იმაზე, რომ მოხდეს განსხვავებული თემების აღრევა, რომელიც ერთი შეხედვით შეუძლებელია ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული, სადაც უკრაინული ტრადიციული მუსიკა დაკავშირებულია თითქოს და უჩვეულო მუსიკალურ ჟღერადობებთან, რათა შეიცვალოს რიტმი, ინსტრუმენტები, ჟღერადობა, მოხდეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის შერევა, რის შედეგადაც ექსპერიმენტული თავისუფალი მუსიკა იქმნება, ის რისი კეთებაც ჩვენ მოგვწონს.
ბევრ უკრაინულ ტრადიციულ ინსტრუმენტს არ ვიყენებთ, თუმცა გამორჩეული ინსტრუმენტები რაც გვაქვს ეს არის დრიმბა და ვარგანი. ვფიქრობ მთავარი უკრაინული ინსტრუმენტი ჩვენი ხმა და უკრაინული პოლიფონიური ჟღერადობაა.“
ვიზუალური ეფექტები და თეატრის ფორმები
„ჩვენს პერფორმანსებში ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით; თუ რა გვეცვა, როგორ გამოვიყურებოდით, ეს ჩვენი შემოქმედების ნაწილია. ამასთანავე თეატრალური ბექგრაუნდის გათვალისწინებით, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ პერფორმანსს და კომპოზიციებს დრამატული ელემენტები შევძინოთ. ყველა ეს ელემენტი კი, თეატრალურ ელფერს მატებს კონცერტს. ხშირად გვეუბნებიან კიდეც, რომ ეს თეატრალური წარსული ჩვენს პერფორმანსებში გამოკვეთილად იგრძნობა.
განსაკუთრებით ახლა, ეს თეატრალური და ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია., ჩვენ ვიდეო არტსაც ვიყენებთ, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და უფრო ნათლად ავსახოთ ის მდგომარეობა და სიტუაცია რაც ხდება. ეს კი, ნამდვილად გვეხმარება ვაგრძნობინოთ ხალხს ზუსტად ის ემპათია, რასაც ჩვენ განვიცდით.“
დასამახსოვრებელი კონცერტები და მომენტები
„ჩვენ ბევრს ვმოგზაურობთ და უამრავ კონცერტს ვატარებთ მსოფლიოს გარშემო. არის კონცერტები რომელიც განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა. მაგალითად საფრანგეთში, ტატის კუნძულზე გვქონდა კონცერტი. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ კუნძულზე მხოლოდ 5 საათი შეგიძლია დაყო, შემდეგ მოქცევის დროს წყალი მაღლა იწევს და იქ გაჩერება შეუძლებელია. ამიტომ ყველაფერი სწრაფად ხდებოდა: საუნდჩეკი სწრაფად გავიარეთ, მსმენელს კი, კონცერტის შემდეგ მალევე უწევდა უკან დაბრუნება, საკმაოდ შთამბეჭდავი და საინტერესო გამოცდილება იყო ეს ჩვენთვის.
მსგავსი ისტორიები ბევრია, თუმცა ცალსახად მინდა აღვნიშნო საქართველო, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული ადგილია ჩვენთვის. ყოველთვის როცა საქართველოს ვსტუმრობთ, ახალ-ახალ მეგობრებს ვიძენთ. ეს ყოველთვის ემოციურია ჩვენთვის. გასული წლის კონცერტიც, რომელიც აქ გვქონდა, განსაკუთრებული და გამორჩეული იყო, რადგან ცრემლმორეულ უკრაინელებთან ერთად ცრემლით სავსე ქართველებსაც ვხედავდით… ეს ისეთი ღრმა და ემოციური იყო. იქ ყველა ერთად შეკრული და ერთი მუხტის მატარებელი იყო. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ ამას, თუკი სადმე გვეკითხებიან, რომელია საუკეთესო ქვეყანა, სადაც შეგვიძლია წავიდეთ, ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ, რომ ეს საქართველოა, რადგან ეს არის განსაკუთრებული ქვეყანა. ჩვენ ნამდვილად ყველგან ვუწევთ რეკომენდაციას საქართველოს, ყველგან სადაც ჩავდივართ ვლაპარაკობთ უკრაინაზე და საქართველოზე.
მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად შორს ვართ, ვგრძნობთ რომ ერთმანეთის „სოულმეითები“ ვართ. იმიტომ, რომ ჩვენ გვაკავშირებს ბევრი რამ, ვგავართ ერთმანეთს და ასევე გვაქვს საერთო პრობლემა, საერთო მტერი. თუმცა, ეს დიდი მტერი არ არის მხოლოდ უკრაინის და საქართველოს პრობლემა, ახლა უკვე ის მთელი მსოფლიოს პრობლემაა.“
გამორჩეული სიმღერა
„კონკრეტული სიმღერის გამორჩევა რთულია, თუმცა არის სიმღერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მისი სახელია Vesna. ამ დრამატული მდგომარეობის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია კონცერტის დროს ხალხს მივცეთ ნათელი იმედი, რომელიც არამარტო ამ ხალხს, ჩვენც გვჭირდება. ყველგან, ყველა კონცერტზე ვუკრავთ ამ სიმღერას და ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ეს მუსიკა ხალხს კარგ განწყობას, დადებით ემოციებს და შთაგონებას აძლევს, რომელიც ბუნებასთან გვაკავშირებს. ეს არის სიმღერა, რომელიც მსმენელს ძალას და იმედს მატებს.“
მნიშვნელოვანი მესიჯი და სათქმელი რომელიც განსაკუთრებულია
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიოს გარშემო რაც შეიძლება მეტი კონცერტი გვქონდეს, რადგან მხარდაჭერა და სოლიდარობა გვჭირდება. ვცდილობთ ავხსნათ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა და ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ამ გასაჭირში კი, ყველა ერთად უნდა დავდგეთ.
ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ სიბოროტე უნდა დაისაჯოს. ისტორიიდან გამომდინარე დიდი მაგალითია საქართველო 2008-ში და უკრაინა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, ხოლო მსოფლიო საზოგადოებამ ამას ყურადღება არ მიაქცია და რუსეთს შესაძლებლობა მისცა, რომ კიდევ უფრო დიდ აგრესიაზე გადმოსულიყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ და ავუხსნათ, რომ ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს.
რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია გავავრცელოთ, რადგან უკრაინაში უკვე ორი წელია ომი მიმდინარეობს და გვესმის, შესაძლოა ხალხი დაიღალა ამ ინფორმაციით, დაიღალა უკრაინაზე ლაპარაკით, თუმცა ჩვენი კონცერტების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მივაწოდოთ ხალხს ეს ინფორმაცია და გადავცეთ ის ემოცია, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ არ დაივიწყონ ჩვენი ქვეყნის შესახებ, რადგან ეს არამარტო უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა.“
DakhaBrakha-ს მუსიკა, ენობრივ ბარიერს სცილდება და უნივერსალური ჟღერადობით მსოფლიოს გარშემო უამრავ მსმენელს აერთიანებს, მოუსმინეთ DakhaBrakha-ს სიმღერას Baby.