პირველ ოქტომბერს ქართველი მსმენელის წინაშე 15 გრემის მფლობელი მსოფლიო ვარსკვლავი ბრუნო მარსი წარდგება. მუსიკოსი კონცერტს დინამო არენაზე Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს.
ჰავაიზე დაბადებული ბრუნო მარსის ნამდვილი სახელია პიტერ ჯენ ჰერნანდესი. იგი პერკუსიონისტი მამისა (Dr. Doo-Wop) და მომღერალი დედის ოჯახში დაიბადა. მისი ბიძა კი სცენაზე ელვის პრესლის განასახიერებდა. შესაბამისად, მუსიკა მისი ცხოვრების ნაწილი ბავშვობიდანვე იყო. მარსის მუსიკალური კარიერა სულ რაღაც 4 წლის ასაკში დაიწყო, როცა მისი მშობლების ბენდთან Love Notes-თან ერთად სცენაზე გამოდიოდა და ბიძის მსგავსად, ელვის პრესლის პაროდიას აკეთებდა. 1990 წელს 5 წლის ბრუნო მარსი პირველად გამოჩნდა მედიაში, New York Times-ის სტატიაში, სადაც მას პატარა ელვისს უწოდებდნენ. 1992 წელს კი მან სწორედ პატარა ელვისის როლი შეასრულა ფილმში Honeymoon in Vegas. ტიტრებში იგი მოხსენიებული იყო, როგორც ბრუნო ჰერნანდესი.
ბრუნო მისი ზედმეტსახელი იყო, რომელიც ბავშვობაში მამამ შეარქვა, პროფესიონალ მოჭიდავე ბრუნო სამარტინოსთან ფიზიკური მსგავსების გამო. Წლების შემდეგ მუსიკოსმა ეს ზედმეტსახელი სასცენო სახელად დაიტოვა. 2017 წელს კი უკვე მსოფლიოში ცნობილი ბრუნო მარსი საკონცერტო ტურნეს დროს პიტსბურგში თავად ბრუნო სამარტინოს შეხვდა. ამის შესახებ მუსიკოსი თავის ინსტაგრამ გვერდზე წერდა: „ეს სახელი ამ პროფესიონალი მოჭიდავის, ბრუნო სამარტინოს გამო შემარქვეს. დღეს მე პატივი მქონდა, პიტსბურგში მას შევხვედროდი.”
რაც შეეხება „მარსს”, თავად მუსიკოსი მას ასე ხსნის: „მარსი იქიდან მოვიდა, რომ, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს წარმოსადეგობა არ მქონდა. გოგონები მეუბნებოდნენ, რომ ამ სამყაროდან არ ვიყავი. ასე რომ, ვიფიქრე: „ალბათ მარსიდან ვარ.”
ასე დაიბადა მსოფლიო ვარსკვლავის ბრუნო მარსის სახელი, რომლის ანგარიშზეც 130 მილიონი გაყიდული ჩანაწერია, რითაც იგი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვადი არტისტია. Მარსს მიღებული აქვს გრემის 15 ჯილდო და ფლობს გინესის სამ რეკორდს. 2022 წელს სიმღერით Locked Out of Heaven იგი გახდა პირველი არტისტი, რომლის ექვსმა სიმღერამაც „ბრილიანტის სერტიფიკატის” სტატუსი მიიღო.
Ჰავაიდან ლოს ანჯელესში გადასულმა ბრუნო მარსმა დააფუძნა საპროდიუსერო ჯგუფი The Smeezingtons. იგი წერდა ჰიტებს ისეთი არტისტებისთვის, როგორებიც არიან Flo Rida, სილო გრინი, Snoop Dogg და სხვები. საკუთარი სადებიუტო ალბომი მარსმა 2010 წელს გამოსცა, სახელწოდებით Doo-Wops & Hooligans, რომელიც Billboard-ის 200 ალბომის ჩარტის მესამე ადგილზე მოხვდა. მისი მთავარი სინგლი Just the Way You Are კი Hot 100-ის პირველ ადგილზე გავიდა.
„მთელი ბავშვობა მესმოდა, როგორ უსმენდა მამა დუ-ვოპს. ეს ძალიან ზუსტი და მარტივი ჟღერადობაა, რომელიც დაფუძნებულია ლამაზ მელოდიასა და ხმაზე. მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე კი, მას წვეულებებიც უყვარდა და ეს მისი ხულიგნური მხარეა,” – ამბობდა მარსი მისი პირველი ალბომის სახელწოდებაზე.
მას შემდეგ მარსმა ბევრი ჰიტი ჩაწერა. გამოსცა მეორე ალბომი Unorthodox Jukebox, რომელიც 200 ალბომის ჩარტის პირველ ადგილზე გავიდა. ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი Uptown Funk მარკ რონსონთან ერთად, რომელიც Hot 100-ის პირველ ადგილს 14 კვირის განმავლობაში იკავებდა. ჯამში მუსიკოსს Hot 100-ში შესული 32 სიმღერა აქვს. აქედან 8 ჩარტის ლიდერი, ხოლო 18 ტოპ-10-ში შესული სინგლია.
პირველი გრემი ბრუნო მარსმა 2011 წელს მოიგო საუკეთესო კაცის პოპ ვოკალური შესრულებისთვის, სიმღერით Just the Way You Are. 2012 წელს კი მან ექვსივე ნომინაცია, რომელშიც წარდგენილი იყო, ადელთან წააგო. 2016 წელს გამოცემულმა ალბომმა 24K Magic მარსს 7 გრემი მოუტანა. Მან გაიმარჯვა ისეთ მთავარ კატეგორიებში, როგორებიცაა წლის ალბომი, წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა.
2016 წელს ბრუნო მარსი ბიონსესთან ერთად სუპერ თასის Halftime Show-ზე მიწვეული არტისტი იყო. შოუს ჰედლაინერი ბრიტანული ჯგუფი Coldplay იყო. სუპერ თასის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი შოუ გახდა.
2017 წელს მარსი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც პირველი კაცი არტისტი, რომლის სამი სინგლიც ათი მილიონი ტირაჟით გაიყიდა.
მარსი ამჟამად თავის ბენდთან ერთად მოღვაწეობს, სახელწოდებით the Hooligans. იგი რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავს და მისი მუსიკა ჟანრობრივი მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. სწორედ ჟანრების სიმრავლე იყო ის, რის გამოც, თავის დროზე მუსიკოსს ხმის ჩამწერი ლეიბლები თანამშრომლობაზე უარს ეუბნებოდნენ.
„დიდი ლეიბლების პრეზიდენტები სახეში მიყურებდნენ და მეუბნებოდნენ: „შენი მუსიკა საშინელებაა, შენ არ იცი ვინ ხარ. შენი მუსიკა გაბნეულია და არ ვიცით, როგორ გავყიდოთ. აირჩიე რამე კონკრეტული და მერე დაბრუნდი.” ეს საშინელება იყო ჩემთვის, რადგან მე ბევრნაირ მუსიკას ვუსმენ და მინდა მქონდეს იმის თავისუფლება და ფუფუნება, რომ შევიდე სტუდიაში და ვთქვა: დღეს მე მინდა ჩავწერო ჰიპ-ჰოპი, R&B, სოული ან როკი,” – ჰყვება მარსი Billboard-თან ინტერვიუში.
მას შემდეგ ბრუნო მარსმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი ნიჭი, როგორც წარმატებული მომღერლის, ასევე კომპოზიტორისა და პროდიუსერის ამპლუაში.
„დღეს ეს მე ვარ, ვინც სტუდიაში შედის და წერს იმას, რაც უნდა.”