20 ოქტომბერს, Falestra-ს ღია სივრცეში ცნობილი ამერიკელი მომღერლის, მეისი გრეის კონცერტი გაიმართა. მეისი გრეის კარიერა 90-იანი წლებიდან იწყება და მრავალ ჰიტს აერთიანებს. ამ კომპოზიციებს შორის არის: I Try, Sweet Baby, Beauty In The World და სხვები. მუსიკოსის კარიერა 10 სტუდიურ ალბომს, მილიონობით გაყიდულ ჩანაწერს და პრესტიჟულ ჯილდოებს მოიცავს. ჰიტისათვის I Try მეისი გრეის გრემის ჯილდო აქვს მოპოვებული. გრეის შემოქმედებაში არაერთ ცნობილ მუსიკალურ კოლაბორაციას ვხვდებით. გრეიმ სხვადასხვა დროს დუეტები ჩაწერა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ერიკა ბადუ, სტივი უანდერი, ფარელ უილოამსი, Mos Def, ჯონ ლეჯენდი და სხვა.
R&B-ის, სოულისა და ჯაზის შემსრულებელი მუსიკოსი გამორჩეული ხმის ტემბრით და შესრულების მანერით მსოფლიო მუსიკალური სცენის იმ ვარსკვლავად მიიჩნევა, რომელმაც ინდუსტრიაზე თავისი კვალი დატოვა. აღსანიშნავია, რომ მეისი გრეისათვის ეს საქართველოში გამართული მესამე კონცერტი იყო. არტისტი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს ორჯერ ეწვია.
Falestra-ში გამართულ კონცერტზე მეისი გრეიმ საკუთარ კომპოზიციებთან ერთად, ე.წ. ქავერებიც შეასრულა. მუსიკალური საღამო თემატურად ორ ნაწილად დაიყო. მეორე ნაწილი აუდიტორიისათვის საყოველთაოდ ცნობილ ჰიტებს მიეძღვნა. მეისი გრეის მოსმენა ქართველი მსმენელისათვის საკმაოდ ნოსტალგიური აღმოჩნდა.
აღსანიშნავია კონცერტის გამხსნელი აქტიც – მეისი გრეის გამოსვლამდე სცენაზე ნინი ნუცუბიძე და Nikala წარდგნენ. არტისტების გამოსვლის პირველი ნაწილი საკმაოდ შთამბეჭდავი და მუსიკალურად გამორჩეული იყო, რადგან პერფორმანსის ამ მონაკვეთმა ბექ ვოკალისტებიც გააერთიანა.
მეისი გრეის კონცერტი Falestra-ს და Mastercard-ის ერთობლივი მუსიკალური სერიის ფარგლებში გაიმართა.
მოუსმინეთ მეისი გრეის სიმღერას I Try: