The Voice-ის 24-ე სეზონის ქართველი მონაწილე Nini Iris უკვე ნახევარფინალშია, თუმცა აქამდე ნინიმ საკმაოდ რთული გზა გაიარა.
ბრმა მოსმენის, რინგის, ნოკაუტ რაუნდის, Playoffs-ს და ლაივ შოუს შემდეგ ნინი ბრეგვაძე (Nini Iris) უკვე ტოპ ცხრა მონაწილეს შორის არის.
„ამერიკული ოცნება ნამდვილია და მე მასში ვცხოვრობ!
ძალიან დიდი მადლობა თქვენი ხმის დაფიქსირებისთვის, მადლობა საუკეთესო მწვრთნელს ნაილ ჰორანს, მას რომ ჩემი არ სჯეროდეს მე აქ არ ვიქნებოდი. ძალიან მიხარია, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ.
ძალიან მიყვარხართ ყველა! შევხვდებით შემდეგ კვირას @nbcthevoice-ზე 🤍” – წერს Nini Iris – სოციალურ ქსელში.
ლაივ შოუში ნინიმ The Cure-ის ცნობილი სიმღერა – Lovesong შეასრულა და მწვრთნელების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. Სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი და რთული ეტაპია.
ყოველი შოუს შემდეგ ამერიკაში The Voice-ის მაყურებელს საშუალება აქვს საკუთარ რჩეულს მხარი დაუჭიროს. ხმის მიცემა ტელეკომპანია NBC-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://voice.vote.nbc.com და აპლიკაციაშია შესაძლებელი.
5 დეკემბერს სატელევიზიო შოუს პირდაპირ ეთერში თორმეტი საუკეთესო კონკურსანტიდან ოთხი აუთსაიდერი დასახელდა, რომელთაც დამატებით კიდევ მიეცათ შანსი და საკონკურსო სიმღერის შეასასრულებლად. მუსიკალური ნომრების დასრულების შემდეგ ხუთი წუთის განმავლობაში ხმის მიცემა განახლდა და ხმათა უმრავლესობით ნახევარფინალში ერთი აუთსაიდერი რვა რჩეულ მონაწილეს დაემატა. პროექტს სამი მონაწილე გამოეთიშა და The Voice-ის ნახევარფინალში ცხრა მონაწილე, მათ შორის ქართველი შემსრულებელი Nini Iris დასახელდა.
სატელევიზიო მუსიკალური შოუ The Voice NBC-ზე გადაიცემა.
The Voice-ის 24-ე სეზონის მწვრთნელები კი ნაილ ჰორანი, გვენ სტეფანი, ჯონ ლეჯენდი და რება მაკენტირი არიან.