23 დეკემბერს, კლუბში Mtkvarze ქართველი მუსიკოსის, Creams-ის კონცერტი გაიმართა. ლაივზე არტისტმა თავის ცნობილ ნამუშევრებთან ერთად, ახალი ტრეკებიც შეასრულა, რომლებიც მის ახალ ალბომში შევა. ლაივი ვიზუალური ელემენტებითაც გამოირჩეოდა. რამდენიმე სიმღერის შესრულებისას Creams-ს სცენაზე ქართული “დრეგ სცენის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, Flora Kamikadze შეუერთდა, რომელმაც თავისი პერფორმანსი წარადგინა.
საღამოს დასკვნითი ნაწილი ლაივის ე.წ. საიდუმლო სტუმრის გამოჩენა იყო. მოწვეული არტისტი Kordz აღმოჩნდა, რომელმაც Creams-ის მუსიკის თავისებური ინტერპრეტაცია შეასრულა. როგორც არტისტმა „Billboard საქართველოსთან” საუბრისას აღნიშნა, კონცერტისთვის მზადება მისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო პროცესია. „ქართული აუდიტორია განსაკუთრებულია. ის საკმაოდ კრიტიკულია, თუმცა ეს მომწონს” – ამბობს Creams.
რაც შეეხება ალბომს, Creams-ის დაანონსებული LP 2024 წელს გამოვადა მასში 14 ტრეკი შევა. ჩანაწერის გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
„უმეტესი ნაწილი საკმაოდ დინამიკურია. ორი ტრეკი არის ისეთი, რომელიც განსაკუთრებით მშვიდი და მელოდიური. იშვიათად ხდება ისე, რომ ჩემი ნამუშევრები თავიდანვე მომწონდეს. დარელიზების დღემდე დეტალების შეცვლის პროცესში ვარ ხოლმე. ეს LP ის შემთხვევაა, როცა კმაყოფილი ვარ და როგორიც არის ისეთი მომწონს.” – ამბობს Creams ალბომზე საუბრისას.