ქართული ალბომების შესანიშნავი შვიდეული – 2023 წელი

2023 წლის შვიდი საუკეთესო ქართული ალბომი.

ავტორი: გია ხადური

რით იყო გამორჩეული 2023 წელი წინა წლებთან შედარებით? შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა – დებიუტანტების ალბომების რელიზების ტრიუმფით. ბოლო წლებში, ახალგაზრდა ენთუზიასტი მუსიკოსების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მაგრამ აქ რაოდენობაში არ არის საქმე, საქმე ხარისხშია. ამ მხრივ კი, წარმავალი წელი წინა წლებთან შედარებით ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მე ისიც თამამად შემეძლო, რომ 2023 წლის ჩემი ფავორიტი ალბომების სია მხოლოდ დებიუტით დამეკომპლექტებინა. მეორეს მხრივ, ის მუსიკოს-არტისტები, ვინც გასულ წლებში გარკვეული დაფასება და სტატუსი მოიპოვეს, წელსაც ეფექტურად გაისარჯნენ. ამიტომ, ჩემს სუბიექტურ სიაში რომელიც 2023 წელს გამოსული შვიდი საუკეთესო ქართული ალბომით დავაკომპლექტე, გამოცდილებასთან ერთად დებიუტანტების ნამუშევრებიც მოხვდა. ვეცადე გამეთვალისწინებინა აკუსტიკური მრავალფეროვნებაც, რათა სრულიად ასახულიყო გასული წლის ქართულ მუსიკალური ჟანრული ლანდშაფტი. დასაშვებია ასეთი ჟანრული კვოტებიც, თუნდაც იმიტომ, რომ ე.წ. BEST OF სიები ყოველთვის პირობითია და არა უპირობო. რატომ?? „შვიდი სამურაი“, ან „შესანიშნავი შვიდეული“, კინემატოგრაფის მიერ დამკვიდრებული (პირადად ჩემთვის) საკულტო რიცხვია, ასე რომ, რატომაც არა? ეს ხომ ჩემი სიაა, არა? მაშ დავიწყოთ ჩვენი Countdown.

დავით დათუნაშვილი – LP “ზოგ ყვავილს უფრო ნაზი მოპყრობა უნდა, თუ არ გაწვიმდა”

რასთან გვაქვს საქმე: ე.წ. ქართული Blue Eyed Soul-ის იდეალური ნიმუში, თავისი ფანკით, R’N’B გრუვით  და უამრავი ჟანრული ინგრედიენტებით, რომელზეც მუსიკოსი წლების განმავლობაში მუშაობდა.

რა არის აქ ფასეული: ძალიან ხარისხიანია და ეფექტური მოსასმენად, სრულიად საპირისპირო იმისა, როგორ ინტერპრეტაციასაც უკეთებენ ჩვენში „პაპსავიკები“ R’N’B-ს, როცა ხდება უუნარო ეპიგონური კოპირება. დავით  დათუნაშვილი  ფაქტობრივად იყენებს სოულ-ფანკ ფორმულებს და ქმნის საკუთარ, პირადულ, ემოციურ, საავტორო ნამუშევრებს, სადაც იკვეთება ინდი-პოპიც, ქართული საესტრადო ესთეტიკაც, პოპ-ფიუჟენიც  და ლირიკულ-ბალადური ვექტორიც. მოკლედ, წინა პლანზე სხვადასხვა ინგრედიენტია ამოწეული. ყველაფერი დახვეწილი და კონცეფციურად გამართლებულია.

მინუსი: ვფიქრობ, ნაკლი ერთია, ძალიან ბევრია ნაფიქრი პროდუქტის საბოლოო სახეზე, რომელიც საკმაოდ ხარისხიანი კია, მაგრამ მოულოდნელობა და ინტრიგა აკლია. ტრეკებია კიდევ ბევრი – 16.   საუკეთესო ტრეკები – რბილი Funk R’N’B „სუპერმენი ცაში“ (ანი ზაქარეიშვილთან ერთად), ინდი სოული Have A Cloud (ft. Vinda Folio) და  ლირიკული ბალადა „მე ყველაფერი მომწყინდა (თამარ დათუნაშვილთან ერთად). 

KAY G – LP  „Blue Magic“ (დებიუტი)

რასთან გვაქვს საქმე: კონცეპტუალური, ურბანისტული, ინტროვერტული ჰიპ ჰოპი. ეს არის ერთი მონოლითური ნამუშევარი, რომელიც 11 ნაწილისგან (ტრეკისგან) შედგება. რეპინგზეა აგებული ყველაფერი, ინსტრუმენტალი ფაქტობრივად, მხოლოდ აკომპანიატორის როლს ასრულებს,  რომელიც იცვლება ამა თუ იმ ტრეკის დინამიკიდან  გამომდინარე, ოღონდ ისე, რომ მელოდეკლამაციას არ შეუშალოს ხელი. ბით-ხერხემალი უცვლელია, რათა ალბომის ზოგადი აკუსტიკური კონსტრუქცია  არ დაირღვეს. ტექსტები პირადულია, სახეზეა რეალობის გრძნობიერი აღქმა.

რა არის აქ ფასეული: ფლოუ არის საკმაოდ დრამატული, ემოციური, მოწყვლადი და  ემოციურად დამაჯერებელი. ყველა ტრეკი კარგია, ზოგიერთი დაძაბულია, ზოგიერთი ცოტა მოდუნებული. ერთგვაროვანია მხოლოდ სპეციფიკური ფრაზირება – ფლოუ, როგორც ტემბრალურად, ასევე მანერულად. ქართულენოვანია, მაგრამ მახვილები და მეტყველება ისე უცნაურად არის აქცენტირებული, რომ ხშირად ვერ იგებ ტექსტს, რომელიც ისე აღიქმება როგორ მუსიკალური საუნდ ინგრედიენტი.

მინუსი: ასეთი უცნაური ფლოუ, როდესაც წესიერად სიტყვები არ გესმის, თანდათან მოწყენილობას იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა მაინც არ ფუჭდება.

საუკეთესო ტრეკი: „ელ დორადო“, პოლიტიკურ სოციალური საჭირბოროტო პათოსით გაჯერებული. ავტორი თითქოს იგი პერსონაჟიც არის, ვისზეც მღერის და კომენტირებას უწევს საკუთარ ქმედებებს. პროზაულიცაა და პოეტურიც.

ანუშკა ჩხეიძე – EP „Lost Luggage“  

რასთან გვაქვს საქმე: ანუშკა ჩხეიძე საკუთარი სახლის დატოვებას და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლას აკუსტიკურად აღწერს. სახეზეა ტიპური ელექტრონიკაც, სახასიათო კინო მუსიკალური ესთეტიკაც, სადაც აკუსტიკური ელემენტები როგორც პერსონაჟები ისე შემოდიან. ემბიენტიც, ცოტა ვინტაჟი და ცოტა აკუსტიკური ფსევდო ფანტასტიკისაც.

რა არის აქ ფასეული: ნამუშევრიდან უკვე ნათელია, რომ ანუშკა უკვე ვეღარ მოიაზრება მხოლოდ ელექტრონულ მუსიკოს-არტისტად და თამამად შეუძლია შეეჭიდოს ე.წ. ინსტრუმენტული მუსიკის კომპოზიტორის ტიტულს. თუმცა, სადაც ესთეტიკა წმინდა ელექტრონულ მუსიკალურია, იქაც ყველაფერი დალაგებული და კრეატიულია, იქნება ეს ჟღერადობა, კომპოზიციური წყობა, რითმული სტრუქტურები, თუ ბგერითი გამები. მოკლედ, მისი ტალანტი ვითარდება, უნარები იხვეწება და მისთვის ზღვრული კრეატიული ნიშნული ჯერ არ ჩანს.

მინუსი: მუსიკის კეთების მხოლოდ სუფთა ელექტრონული ხერხები, თითქოს ცოტა ზღუდავს მის კომპოზიტორულ გაქანებას. თითქოს ბოლომდე ვერ რისკავს, თითქოს ბოლომდე ვერ ელევა მისთვის კომფორტულ ელექტრონულ ტერიტორიას.

საუკეთესო ტრეკები: საფინალო My Lands. იქმნება რაღაც პირქუში სერიოზულობის ირონიზება, ანდაც პირიქით. ყველა საუნდ ხაზი ერთმანეთზე უკეთესია, ერთმანეთს ავსებს, რაც მონოლითურობის მტკიცე ეფექტს იძლევა.

ალექსანდრე  ხარანაული – LP  „დილით ამომავალო მზეო” (დებიუტი)

რასთან გვაქვს საქმე:  სინგერ სონგრაითერული ფოლკ-პოპი, მინიმალისტური აკუსტიკური გიტარით და აკომპანემენტით. ამერიკანას და ქართული სასიმღერო ფორმატის კომბინაცია, მკაფიოდ გამოვლენილი ეთნო იდენტობით და ქართული მთის მძაფრი არომატით.

რა არის აქ ფასეული: სენსაციური ნამუშევარია. მიუხედავად ზემოხსენებული აკუსტიკური ატრიბუტიკისა, სინამდვილეში ეს  არც ამერიკანა ქანთრი ბლუზია, არც ქართული ფოლკ  იდიომი და არც მოკრძალებულ აუტსაიდერული პოზა. ეს არის  უაღრესად პირადული სიმღერების კრებული, რომელიც მთლიანად ეყრდნობა ავტორის როგორც მელოდიურ, ასევე სასიმღერო პოეტურ უნარებს. იკვეთება ჯანსაღი ეგო და მანერულობაც.  ეს „ჩვენი“ მუსიკაა,  „ჩვენი“ ადგილის და ტერიტორიის, რომელიც იდეალურად ერგება თანამედროვე მსოფლიო  სასიმღერო  ტრენდებს.

მინუსი: ბოლო სამი ტრეკი ისეთივე  მოულოდნელი და ეფექტური ვერაა როგორც საწყისი შვიდი.

საუკეთესო ტრეკები: „დუდა“, „აი სად შემხვდი“.  დაუსრულებლივ შეიძლება ორივეს მოსმენა, თან მთელი რიგი პარამეტრებით ერთმანეთისაგან განსხვავებულია.

VAQO(ვახტანგ ქანთარია) – LP „შელოცვები, თანამედროვე ბავშვები, მოწამლული ვაშლები“

რასთან გვაქვს საქმე: ისევე როგორც წინა წლებში, ვახტანგ ქანთარიამ წელსაც დაყარა რამდენიმე ალბომი, საიდანაც „შელოცვები, თანამედროვე ბავშვები, მოწამლული ვაშლები“   საუკეთესოა. აქ არის ძველი VAQO-ც, ანუ ენერგიული R’N’B ნომრები, რომლებიც მის ხელში სულ სხვა ექსცენტრულ ქართულ ელფერს იძენს და არის არანჟირების ახალი მეთოდებით შექმნილი სიმღერების დასტა. შედეგად ვიღებთ დისონანსებით გაჯერებულ, რაღაც მოავანგარდო მეინსთრიმს, თუ რაღაც ამდაგვარს. 

რა არის ფასეული: ამ ალბომში ისეთივე  „ჰუქ“ები (hook)  და მომხიბლაობა არ არის, როგორც  „ვაქოს“ წინამორბედებში, მაგრამ მუსიკალურად  უფრო საინტერესოა, დამაინტრიგებელი და არაპროგნოზირებადია. თითქოს ქაოტურია,  მაგრამ მთლიანობაში, საკმაოდ მტკიცე ბმაა მუსიკალურ ელემენტების შორის. თითქმის ყველა ტრეკში შემოდის ახალი მელოდიური რიფები და პასაჟები. ყველა ერთმანეთზე უკეთესი და მოულოდნელია. არის დრამატულობაც, ირონიულობაც, სწორი დინამიკაც  და აი ამ ყველაფრის შედეგად მსმენელის ყური თანდათანობით მუსიკაში ბოლომდე იძირება და უკვე ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. ეს მომენტი კი ყოველთვის მთავარია ნებისმიერ მუსიკაში.

მინუსები: მხოლოდ ის, რომ ყველა ტრეკი ერთნაირად ეფექტური ვერ არის. საუკეთესო ტრეკები: „საკუთარის დანახვის იქით არაფრის დანახვა არ გსურს შენ“,  „ჰარულალო როკ“, „გაყინული ბავშვები უღელტეხილზე, თბილ ოთახი ჩვენს ტურისტებს“. 

Eleon – LP “Ada Cosma”

რასთან გვაქვს საქმე: ფაქტობრივად, ეს არის  პირველი სამამულო „დარქ“ ფოლკის ნიმუში,  დასავლური გოტიკური სუბ-ჟანრის ქართული ეკვივალენტი, გატარებული ქართულ სენსიტიურობაში, ნაკვები შესაბამისი ეთნო ატრიბუტიკით, ენით,  ინტიმურიბით და  ქვეცნობიერში დალექილი პირქუშ რომანტიკული კოდებით.         

რა არის აქ ფასეული: სტაბილური ხარისხი მთელი ალბომის მანძილზე, ბალანსი ინგლისურენოვან და ქართულ ენოვან ტრეკებს შორის,  მისტიკურობა,  ელეგიურობა, დრამატულობა, პოეტურობა, როგორც კრეატივის ეფექტური სტიმულატორები. მუსიკალურად საოცრად მოქნილი, დახვეწილი, თავშეკავებულად ვნებიანიც. ეფემერული მითოლოგია და ლეგენდები, რომელიც რეალობაში „ფეიკია“,  მაგრამ დამაჯერებელი. ქართული ფრაზეოლოგიის მუსიკალურ ფაქტურასთან იდეალურად მორგება, ისე, რომ არ იკარგება მუსიკის თავისებურება და ხასიათი. ალბომის ზოგადი განწყობის და ნარატივის თითქმის იდეალური თანხვედრა, მელოდიურ აკუსტიკური ნაკადთან.     

ნაკლი: სიმღერები ერთმანეთს არ ჰგავს, მაგრამ უმთავრესად ერთნაირი მანერით სრულდება. აკომპანემენტიც ყველგან თითქმის ერთნაირი ხასიათისაა, თუმცა  განსხვავებული ინსტრუმენტულ ინიექციების შედეგად, შესაძლებელია კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამხდარიყო ეს ისედაც  შთამბეჭდავი ნამუშევარი.      საუკეთესო ტრეკები: უცნაური და ემოციურად მძაფრი Tralalita,  არაპროგნოზირებადი „შენია ხე და სააქაო“,  ეფემერული „შევერევი ლანდს“  და ეპილოგი „შინ წასული სულები“.

GEORGINA BEASTLY – LP  „Vol​.​2 (In Walked Shota Sessions)”

რასთან გვაქვს საქმე: სამამულო Toysop  ლეიბლის ერთ ერთი პროექტი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე გამოცდილი მუსიკოსები: ლევან ჯავახიშვილი (ექს Mothers of Monday), არჩილ „ფარჩილ“ ქელბაქიანი („წერილი“), შოთა ხატოევი-გიტარა, ელექტრონიკა, ავთო გიგინეიშვილი-ლეიბლის დამაარსებელი და საქსოფონისტი. სახეზეა კოლექტიური და სრულიად თავისუფალი იმპროვიზაცია, სადაც საგიტარო ნოიზიც, რადიკალური ელექტრონული წიაღსვლებიც და ექსპანსიური ჯაზ ავანგარდული საქსოფონიც.  რადიკალური საუნდით და სპონტანური, ინტენსიური აკუსტიკური ტრაექტორიებით, რომელსაც  არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.         

რა არის აქ ფასეული: მათი პირველი ალბომი, რომელიც ასევე წელს გამოვიდა, არტ მუსიკალური მანიფესტი იყო, ქაოსური და ანარქიული. აი, ამ მეორე რელიზში კი, მუსიკა უფრო კონსტრუირებულია. რითმული პატერნები უფრო დახვეწილი. სახეზეა იმპროვიზაცია კომპოზიციაში, ანდაც პირიქით. მუზიცირება თვითმიზანი აქ არ არის. ხელშესახები და მკაფიოა ყველაფერი. იქ სადაც რითმული კარკასი  პერკუსიებით არ არის გამყარებული, განმეორებითი საგიტარო ფრაზები აკონსტრუირებს მუსიკას და მუსიკოსებს ვოლუნტარიზმის გასაქანს არ აძლევს. ყველაფერი ავთენტურია, თუმცა „დრამინგიც“ კი სინთეზურ-ელექტრონულია.  ამ ალბომში გიტარების დომინანტი აშკარაა, რაც „დრაივის“ გრადუსს ზრდის.  ნოიზი, დრონი,  მოკლედ, რასაც მუსიკალურ ნაკადი გადაჰყავს ჭეშმარიტ ავანგარდულ ტერიტორიაზე  ყველაფერია აქ. 

მინუსი: მიზანი ამართლებს უკიდურეს საშუალებებს, ასე რომ არაფერი.

საუკეთესო ტრეკი: პირობითად  White Cherries Mushromms dry. 

არ შემიძლია, არ მოვიხსენიო ის წლევანდელი ალბომები, რომლებიც მათი ავტორებისთვის სადებიუტოა და რომლებიც თავისუფლად ჩაანაცვლებდნენ  ამ შესანიშნავ შვიდეულს. პირველ რიგში ეს არის  „დეპრესივ ბელექ მეტალ“ ტრიო Kolkhetians, ალბომით „მიტევება“, რომელშიც „ლო ფაის“ ესთეტიკით ჩაწერილი აკომპანემენტის ფონზე,  სასოწარკვეთილი და თეატრალურად პასიონარი ვოკალისტი ლამის თვითმკვლელობის ზღვარზეა. 

საუნდ არტისტი ნინო დავაძე ალბომით „აგორა“. აქ სახეზე გვაქვს საკმაოდ არასტანდარტული ავანტ პოპ ელექტრონიკა ვოკალის ორიგინალური მანევრებით.

დებიუტანტი Nikakhar-ის Selected Works  ნამდვილი  ელექტრონული ჟანრული ანთოლოგიაა, თუმცა შიგადაშიგ მუსიკა არა ელექტრონული იდეოლოგიის  მატარებელიცაა.

დავით დელგმას „სამკრეხელო“,  რომელშიც ფაქტობრივად ამერიკულ ვინტაჟური „სერფ როკ“ ინსტრუმენტალით ახალ ქართულ სასიმღერო სტილისტიკას ავითარებს და ბოლოს, ბექა ბაღაშვილის  „ნახევარი“, სინთ საავტორო პოპ სიმღერები , პირადული, სოციალური,  მინიმალისტური, აუტსაიდერული და თბილისურ ურბანისტულიც.

ამ წლის  მუსიკალურმა დინამიკამ დაგვანახა, რომ ქართული მუსიკალური სივრცე საკმაოდ სწრაფად განახლებადი შეიძლება გახდეს, სწორედ დებიუტანტი მუსიკოსების ძალისხმევის და  მათი სწორ ინტენციებზე ორიენტაციის წყალობით. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ქართული მუსიკის და სცენის განვითარებასაც, რაც უკვე საწინდარია იმისა, რომ ახალგაზრდული კულტურის პროგრესი შეუქცევადიც კი შეიძლება გახდეს. იმედია ასეც მოხდება, დაველოდოთ 2024 წელს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კლუბში Mtkvarze Creams-ის კონცერტი გაიმართა

შემდეგი სტატია

„ნირვანა” ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მესკალი, სავარაუდოდ, Beatles-ზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს

Sony Pictures საკულტო ჯგუფის შესახებ ოთხი დამოუკიდებელი ბიოგრაფიული ფილმის გამოცემას გეგმავს. თითოეული ფილმი ბენდის თითო წევრს მიეძღვნება.
მეტი

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი კონსერვატორიის დაკავებული სტუდენტის გათავისუფლებას მოითხოვს

ანრი კაკაბაძე, რომელიც კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია, მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე იყო. მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეტი

ამსტერდამის ცეკვის ღონისძიების ფონდი 2024 წლის ყველაზე პოპულარულ 100 ტრეკს ასახელებს

რეიტინგი ეყრდნობა 146 კლუბის მუსიკალურ პროგრამას. მონაცემები DJ Monitor-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შეაგროვეს.
მეტი

ლანა დელ რეიმ ჯეკ ანტონოფს „საუკეთესო პარტნიორის“ პოვნის შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა

„ის არის მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიცადე ამდენ ხანს ქორწინებამდე,” - აღნიშნა ლანა დელ რეიმ თავისი პროდიუსერისა და მეგობრის შესახებ საუბრისას.
მეტი