26 და 27 იანვარს პარიზის ცნობილ ჯაზ-კლუბში Le Duc des Lombards საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორის, გიორგი მიქაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. ალბომი სახელწოდებით FACE TO FACE 2023 წელს ასევე პარიზში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში Studio SEXTAN-ში Club Iveria-ს მხარდაჭერით ჩაიწერა და ფრანგულ ლეიბლ PeeWee Label-ზე გამოიცა.
პროექტის მიზანი საერთაშორისო აუდიტორიისთვის ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების გაცნობაა. ალბომი სწორედ ქართული კინოსა და თეატრის მუსიკის შედევრებს აერთიანებს. მასში შესულია ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებები, როგორებიც არიან გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, დავით თორაძე, სულხან ცინცაძე, შოთა მილორავა, ნოდარ გაბუნია, რუსუდან სებისკვერაძე და სხვები. FACE TO FACE ქართულ სიმღერათა კრებულს წარმოადგენს. მასში თავმოყრილი კომპოზიციების ახლებური არანჟირებები კი ჯაზ-სტანდარტის კლასიკურ ფორმაშია გადაწყვეტილი და მათ გიორგი მიქაძის ჯაზ-ტრიო ასრულებს.
ტრიოს შემადგენლობაში არიან გიორგი მიქაძე (ფორტეპიანო), რაფაელ პანიე (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ფრანსუა მოუთა (კონტრაბასი).
პარიზის შემდეგ ალბომის პრეზენტაცია და კონცერტი 3 თებერვალს ნიუ-იორკის ჯაზ კლუბში Le Poisson Rouge-ში შედგება. პროექტის ორგანიზატორებისა და გენერალური სპონსორის Club Iveria-ს ინიციატივით კი ალბომის პრეზენტაცია მაისის თვეში უკვე საქართველოში გაიმართება.