31 იანვარს, გია ქარჩხაძის ახალი მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ფილმის „იონა და პეტრეს“ პრემიერა VEVO Channel-ზე შედგა.
გია ქარჩხაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „იონა და პეტრე“ – არტისტისთვის ახალი ჟანრის ძიებაა, სადაც ვიზუალი და ბგერა თანაბარი მნიშვნელობისაა. სწორედ ამ ფორმას უწოდა არტისტმა „სინემინი“. ფილმი მუსიკისა და ვიზუალის ორგანული სინთეზია, რომელიც ორი მეგობრის ამბავს გვიამბობს, სადაც ცოცხალი და ანიმაციური პლასტებია გამოყენებული. ფილმზე დამდგმელმა ოპერატორებმა: გოგა დევდარიანმა და გია ვაწაძემ იმუშავეს, მხატვრები ანი ქაჯაია და ნინი ზვანბაია არიან, ანიმაციის შექმნილი ნათია ნიკოლაშვილია, სცენარი, რეჟისურა და მუსიკა კი თავად გია ქარჩხაძეს ეკუთვნის.
გია ქარჩხაძე, მუსიკოსი, ფილმის რეჟისორი:
„ფილმის გადაღების იდეა ძალიან დიდი ხნისაა. ესაა ფაქტობრივად ახალი ჟანრის ძიების იდეა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მომხდარიყო მუსიკალური ვიდეოს და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სინთეზი. რას ვგულისხმობ სინთეზში: მუსიკალურ ვიდეოში პირველხარისხოვანი როლი მუსიკას ეკუთვნის, ვიზუალური მხარე კი მუსიკის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენას ემსახურება და საბოლოო ჯამში, რეკლამირებას. მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმში პირიქითაა – მუსიკა ერთ-ერთი კომპონენტია და ფილმის გაფორმებას ემსახურება. თუმცა მუსიკალური ვიდეოს განვითარების პარალელურად ყოველთვის მიჩნდებოდა ხოლმე შეგრძნება, რომ შესაძლო იყო ახალი ტიპის ფორმის გაჩენა, ფორმის, რომელშიც მუსიკა და ვიზუალი თანაბრად მნიშვნელოვანი იქნებოდა და არც ერთი იქნებოდა მეორის „სამსახურში“, არამედ ერთ სინთეზურ მთლიანობას შეადგენდნენ. „იონა და პეტრე“ სწორედ ამის მცდელობაა. ეს არის ფორმა, რომელიც ერთდროულად მუსიკალური ვიდეოს და მოკლემეტრაჟიანი ფილმის თვისებებს ატარებს, თუმცა ბოლომდე არც ერთია და არც მეორე, არამედ რაღაც განსხვავებულია. ვიფიქრე, რომ ეს ფორმა სახელსაც იმსახურებდა და „სინემინი“ დავარქვი. ეს არაა მხოლოდ ერთი ფილმი, მე მაქვს ამ ფორმის ფილმების სხვა იდეებიც და მალევე ვაპირებ განხორციელებას.“
ნახეთ გია ქარჩხაძის პირველი სარეჟისორო და საპროდიუსერო ფილმი „იონა და პეტრე.“