7 მარტს მომღერალმა და კომპოზიტორმა ნუცი ნებიერიძემ სიმღერა Move On-ზე გადაღებული ცოცხალი სესიის ვიდეო გამოაქვეყნა.
სიმღერა ნუცის 2020 წელს გამოცემულ საავტორო ალბომშია (Reborn) შესული. მუსიკალური ვიდეოს მთავარი შთაგონება, როგორც თავად მუსიკოსი აღნიშნავს, თბილისი და ის ხედია, რომელიც მისი ფანჯრიდან ჩანს. სიმღერის მთავარი მესიჯი კი მოძრაობაა, მოძრაობა პროგრესისკენ და იმ პრობლემების გადალახვისკენ, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ადამიანს ეჯახება.
ნუცი ნებიერიძე:
„ეს სიმღერა არის ჩემი საავტორო ალბომიდან Reborn, რომლიდანაც რამდენიმე სიმღერის ცოცხალი შესრულება გადავიღეთ ჩემი სახლის სტუდიაში რამდენიმე თვის წინ.
ოპერატორი არის ბექა ჯავახიშვილი, რომელთანაც დიდი ხანია ვთანამშრომლობ და ის ჩემთვის საუკეთესოა, რადგანაც ყოველთვის ზუსტად შეუძლია ასახოს ჩემი მდგომარეობა ფოტოგრაფიაშიც და ვიდეოშიც.
დიდი ხანია, რაც აუდიო-ვიზუალური ნამუშევრების გაკეთება მინდა და მაქვს გადაღებული რამდენიმე აბსტრაქტული ვიდეო, რომელიც მინდა ჩემს მუსიკასთან სინქრონში დავამუშაო და ვიდეო არტები შევქმნა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ live production-ზე მემეცადინა, საუნდიც მთლიანად მე დამემიქსა და ვიდეოც თვითონვე დამემონტაჟებინა.
ამ ვიდეოს შექმნის პროცესში თითქოს კინოს მხატვრობას დავუბრუნდი და ჩემი კავშირი ფერებთან და ვიდეოსთან ისევ გაღვივდა. ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ ღრმად ჩავიძირე ვიდეო ფროდაქშენის სწავლაში, რაც იყო ძალიან შრომატევადი მეცადინეობა, იმისთვის, რომ ჩემი აუდიო-ვიდეო ნამუშევრები შევქმნა.
ამ live-ის შთაგონების წყარო იყო თვითონ ეს ქალაქი და ეს ხედი, რომელიც უკვე ჩემი ნაწილია. ამ სიმღერის პირველადი კონცეფცია არის ირონიული მელოდრამა და დამსხვრეული რომანტიზმი. ის ახლა ამ მოვარგე ამ ქალაქს, რომელსაც სიმღერა დაჟინებით მოუწოდებს მოქმედებისკენ, პროგრესისკენ და სტაგნაციის გადალახვისკენ.“
ნახეთ ნუცი ნებიერიძის სიმღერა Move On-ზე გადაღებული ვიდეო: