ბარბრა სტრეიზანდის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ცერემონია, სადაც მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის სახელობის ჯილდო ილონ მასკისა და რუპერტ მერდოკისთვის უნდა გადაეცათ, გაუქმდა. სტრეიზანდამდე ჯილდოს წლევანდელი პრეტენდენტები სხვებმაც გააკრიტიკეს, მათ შორის იყო თავად გინსბურგის ოჯახი.
„ნამდვილად არ გვინდოდა რუთ ბეიდერ გინსბურგის ოჯახისა და მეგობრების შეურაცხყოფა,” – განაცხადა ჯული ოპერმენმა, ოპერმენის ფონდის თავმჯდომარემ, რომელიც ჯილდოს წარმდგენია.
გასულ კვირას პრესრელიზის საშუალებით გახდა ცნობილი, თუ ვინ მიიღებდა 2024 წლის რუთ ბეიდერ გინსბურგის სახელობის ჯილდოს. სია მოიცავდა ილონ მასკს, რუპერტ მერდოკს, მართა სტიუარტს, სილვესტერ სტალონესა და მაიკლ მიკლენს.
სიის გამოცხადების შემდეგ მოსამართლის ვაჟმა, ჯეიმს გინსბურგმა CNN-ის ეთერით განცხადება გააკეთა: „როცა სამართლიანი საზოგადოების შექმნაზე ფიქრობთ, რომელიც, რა თქმა უნდა, დედას საბოლოო მიზანი იყო, ეს სახელები ალბათ ყველაზე ბოლოა, რაც გონებაში მოგივათ.”
ცოტა ხანში კი ინსტაგრამ გვერდზე განცხადება ბარბრა სტრეიზანდმაც გამოაქვეყნა, რომელიც რუთ ბეიდერ გინსბურგის სახელობის ჯილდოს შარშანდელი მფლობელია.
განცხადებაში სტრეიზანდი იხსენებს შარშანდელ ცერემონიას, როცა მას ჯილდო მოსამართლე სონია სოტომეიორმა გადასცა: „მოსამართლეები გინსბურგი და სოტომეიორი ყველაზე დასაფასებელ ქალთა შორის დგანან და მათი წვლილი დემოკრატიული ფასეულობებისა და ქალთა უფლებების სფეროში შეუფასებელია. სწორედ ამიტომ, ვუერთდები გინსბურგის ოჯახს ჯილდოს წლევანდელი პრეტენდენტების კრიტიკაში. მე მქონდა პრივილეგია, რამდენჯერმე პირადად შევხვედროდი მოსამართლე გინსბურგს და ძალიან ვეჭვობ, რომ ის ამ სიას დასთანხმებოდა.”
აქამდე მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის ჯილდო, Woman of Leadership Award, მხოლოდ ქალებს გადაეცემოდა. წელს კი გაფართოვდა და კაცებზეც გავრცელდა. თუმცა მათ შორის მასკისა და მერდოკის სახელების გაჟღერებამ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, გინსბურგის ღირებულებებთან მათი შეუთავსებლობის გამო. როგორც უზენაესი სასამართლოს პირველი ებრაელი ქალი მოსამართლე და ქალთა უფლებების გულმხურვალე დამცველი, გინსბურგი იმ ღირებულებებს წარმოადგენს, რომლებიც არცთუ ისე ხშირად მოდის თანხვედრაში მერდოკის კონსერვატიულ მედია იმპერიასა თუ მასკის ანტისემიტიზმთან. რუთ ბეიდერ გინსბურგი 2020 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თავის განცხადებაში ოპერმენის ფონდმა აღნიშნა: „ჩვენი მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ გაგვეხსენებინა და პატივი მიგვეგო მისი ლიდერობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გვჯერა, რომ თითოეული კანდიდატი ჩვენგან დაფასების ღირსია სწორედ მათი ლიდერობის გამო, ფონდმა 2024 წლის ცერემონიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.”
ნახეთ ბარბრა სტრეიზანდის განცხადება: