გრემის მფლობელი იტალიელი პიანისტი მაურიციო პოლინი 23 მარტს გარდაიცვალა, ამის შესახებ მილანის ლეგენდარული საოპერო თეატრის, „ლა სკალას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მაურიციო პოლინის შემოქმედებითი კარიერა 60 წელზე მეტს ითვლის, რის განმავლობაშიც მისი რეპერტუარი სტანდარტული კლასიკური მუსიკის მიღმაც ვითარდებოდა.
იგი უკრავდა მეოცე საუკუნის ისეთ შედევრებს, როგორიც არის იგორ სტრავინსკის, არნოლდ შენბეგის, ანტონ ვებერის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის, პიერ ბულესა და ლუიჯი ნონოს ნაწარმოებები.
„ლა სკალას“ განცხადებაში პიანისტი მოხსენიებულია, როგორც „ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი, რომელმაც თეატრის მხატვრულ ცხოვრებაში ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა“.
მაურიციო პოლინი უნიკალური ინტელექტის მქონე პიანისტად ითვლებოდა, რომელსაც შეუდარებელი ტექნიკა და ინტერპრეტაციის საოცარი უნარი ახასიათებდა. იგი ხელოვანთა ოჯახში, მილანში, 1942 წლის 5 იანვარს დაიბადა. მამა, ჯინო პოლინი მევიოლინე იყო, დედა, რენატა მელოტი, ფორტეპიანოზე უკრავდა და მღეროდა.
„მე გავიზარდე სახლში, სადაც ხელოვნება და ხელოვანები ცხოვრობდნენ.“- ამბობდა პიანისტი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მაურიციო პოლინიმ კონცერტების გამართვა ადრეულ ასაკში დაიწყო, 14 წლის ასაკში შოპენის ეტიუდები შეასრულა და 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი გამარჯვებული გახდა შოპენის საერთაშორისო კონკურსზე.
ჟიურის ხელმძღვანელმა არტურ რუბინშტეინმა მაშინ აღნიშნა: „ყველაზე ახალგაზრდა პიანისტი ბევრად უკეთესად უკრავს, ვიდრე ნებისმიერი რომელიმე ჩვენგანი.“
მიუხედავად მისი პირველი საერთაშორისო აღიარებისა, პოლინიმ დროებით კარიერა შეაჩერა და სწავლა განაგრძო.
„სწავლა მინდოდა, მსურდა ბეთჰოვენის, შუბერტის, ბრამსის რეპერტუარი უკეთ გამეცნო და მათი მუსიკა დამეკრა. “ – ამბობდა მაურიციო პოლინი.
1960 წელს პოლინი იმპროვიზებულ კონცერტებში მონაწილეობდა, რომელსაც მისი დიდი ხნის მეგობარი კლაუდიო აბადო დირიჟორობდა.
თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის ასევე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან რიკარდო მუტისი, დანიელ ბარენბოიმი და რიკარდო ჩაილისი.
მაურიციო პოლინის ალბომებს საერთაშორისო ჯილდოები აქვს მიღებული, მათ შორის 2007 წელს გრემი, საუკეთესო ინსტრუმენტული სოლო შესრულებისთვის.